მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HACCP-ის სტანდარტის დანერგვისთვის კვების ობიექტებს ურეკავენ და 3 000 ლარს სთხოვენ - სიდამონიძე

60be0b30e8dab
ვიქტორია მღებრიშვილი
08.06.21 11:12
4037
„სარესტორნო სფეროში ვის გავალდებულებენ 3000 ლარის გადახდას ჰასპის სისტემის დასანერგად და წინააღმდეგ შემთხვევაში ვის გაფრთხილებენ, რომ ოპერირებას შეგიჩერებენ?“ - ამ კითხვით სასტუმრო და რესტორან „ტერასას“ მმართველმა პარტნიორმა მაია სიდამონიძემ კვების ობიექტების მმართველებს სოციალურ ქსელში მიმართა.

BM.GE აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაია სიდამონიძეს დაუკავშირდა. სასტუმროს და რესტორნის მმართველი პარტნიორი აცხადებს, რომ დარგის წარმომადგენლებს სურსათის ეროვნული სააგენტოდან პასუხის მოსმენა სურთ - ხორციელდება თუ არა აღნიშნული ზარები სახელმწიფო უწყებიდან და ასევე HACCP-ის სტანდარტის ამოქმედების შემდეგ სისტემის დანერგვის შესახებ კვების ობიექტებისთვის სისტემის დასანერგად დაწვრილებითი ინფორმაცია სად არის ხელმისაწვდომი.

„ხორციელდება ზარები სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით, რათა 1 ივნისიდან ამოქმედებული HACCP-ის სტანდარტი კვების ობიექტებში დროულად დასანერგად ბიზნესმა კონკრეტულ სპეციალისტებს მიმართონ და 3 000 ლარი გადაიხადონ. გვაინტერესებს, ეს ზარები მართლა სურსათის ეროვნული სააგენტოდან ხორციელდება თუ სხვადასხვა ტრენინგცენტრებიდან.

დარგის წამომადგენლებმა სცადეს ამ ინფორმაციის სააგენტოს ცხელ ხაზზე გადამოწმება და იქ უპასუხეს, რომ კვების ობიექტებმა ფასიანი კონსულტაციები უნდა გაიარონ. ამ ყველაფერში მთავარი ის არის, რომ კვების ობიექტებს ვინმესთვის თანხის გადახდის შედეგად სტანდარტების დანერგვის ვალდებულება არ აქვთ, მთავარია, სისტემა იყოს დანერგილი, თუმცა რა სტანდარტებს მოიცავს სისტემა, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ამის შესახებ ინფორმაცია ატვირთული არ აქვს. ფაქტობრივად, გვაიძულებენ საკონსულტაციოდ ისეთი კომპანიები ავიყვანოთ, რომლებიც ისეთ ანაზღაურებას იღებენ, რაც განსაკუთრებით ასეთ მდგომარეობაში აბსურდულია. ბევრი კომპანია გახდა ამის მსხვერპლი და საკონსულტაციო კომპანიისთვის 3 000 ლარის გადახდა მოუწია, რადგან დახურვით ემუქრებიან, მაშინ როდესაც HACCP-ის დანერგვის დროს, როგორც ვიცი, პირველი შემოწმების შემდეგ მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის შენიშვნებია მისაღები“, - უთხრა BM.GE-ის მაია სიდამონიძემ.

მისი განმარტებით, კვების ობიექტები დღემდე იცავდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და შემოწმებასაც პერიოდულად გადიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ HACCP-ის სტანდარტების დანერგვა ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული, მაია სიდამონიძე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ამ სტანდარტის დაწესებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დარგს სტანდარტების შესასრულებლად სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს.

„ამ სტანდარტის დანერგვისას უნდა ტარდებოდეს უფასო ტრენინგები, მაქსიმალური ინფორმაცია უნდა იყოს ატვირთული იმისთვის, რომ თუ მათი მიზანი ამ წესების დაცვაა, კერძო სექტორს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად დამატებითი თანხების გადახდა არ უნდა უწევდეს. ამ დროს კი ვიღაცეები რეკავენ და კერძო სექტორს ატერორებენ.

გვჭირდება სწორი ინფორმაცია, რადგან ვიცით, სტანდარტებზე მორგება საკუთარი რესურსითაც შეგვიძლია. მეორე მხრივ, თუ ჩვენით შეგვიძლია ამის დანერგვა, დარგის ინფორმირება და სტანდარტების დოკუმენტალურად ატვირთვა მნიშვნელოვანია. თუ ატვირთულია, უნდა ვიცოდეთ სადაა ატვირთული ეს ინფორმაცია, რათა თავიდან ავირიდოთ უაზრო გადასახადები“, - აცხადებს რესტორან „ტერასას“ მმართველი პარტნიორი.

BM.GE-მ კერძო სექტორის მიერ დასმული კითხვებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. სახელმწიფო უწყების ოფიციალურ პასუხს მკითხველს მიღებისთანავე გავაცნობთ.