მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურიანს ეწვია

63f9c2273d7ed
BM.GE
25.02.23 11:14
905
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღეები ბაკურიანში წარმატებით მიმდინარეობს. კოხტა და დიდველი ყოველდღიურად რამდენიმე ღონისძიებას პარალელურ რეჟიმში მასპინძლობს და ბაკურიანი მსოფლიო სპორტის ყურადღების ცენტრშია. ყველაზე რეიტინგული სპორტსმენები დაუვიწყარ სანახაობას მართავენ და სპორტის გულშემატკივრებს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს ჩუქნიან. ბაკურიანის შეჯიბრებები, მსოფლიოს მასშტაბით, 23 საერთაშორისო არხზე, პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი იოჰან ელიაში ეწვია.

„დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ფანტასტიკური ქვეყანაა. ამ მთებს დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიო დონის კურორტი გახდეს, ტურისტები მოიზიდოს და ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდეს. თოვლის ხარისხი და ამინდიც არის შესანიშნავი. უდიდესი სამუშაოები იქნა გაწეული საორგანიზაციო კომიტეტის მხრიდან. აქ პირველად ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი და ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული.“- იოჰან ელიაში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა საორგანიზაციო კომიტეტის გუნდის წევრებთან ერთად საშეჯიბრო ტრასები დაათვალიერა და პროცესს ადგილზე გაეცნო.

„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ადგილზე გაეცნო იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო მსოფლიო ჩემპიონატის ღირსეულად ჩატარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი წარმატებით უძღვება მიმდინარე პროცესებს. ამ დღეების განმავლობაში საქართველო არის საერთაშორისო მედიების ყურადღების ქვეშ, რაც ბუნებრივია ზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და რა თქმა უნდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ყველა ზამთრის კურორტს.“ - მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

ბაკურიანში ჩასვლამდე, სტუმარმა სვანეთის მონახულებაც შეძლო.

„არამხოლოდ ბაკურიანისთვის, არამედ მთელი ქვეყნის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იოჰან ელიაშის საქართველოში ჩამოსვლა. მიუხედავად ხანმოკლე ვიზიტისა, ჩვენ მოვახერხეთ და ვაჩვენეთ მას მყინვარები, უშბა, თეთნულდი, შხარა და ჰაწვალი. გქონდა საუბარი, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საზაფხულო საწვრთნელი ცენტრი განთავსდეს სვანეთში, რადგან ამ მხარეს უდიდესი პოტენციალი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის ვიზიტს ძალიან კარგი შედეგები მოყვება ზამთრის სპორტის და ზოგადად ტურიზმის განვითარების საქმეში.“ - გიორგი რამიშვილი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

საქართველოში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი „ბაკურიანი 2023“ 5 მარტამდე გრძელდება. 25 თებერვალს, სკი კროსის დისციპლინაში, დავით თედიაშვილი იასპარეზებს, რომელმაც კვალიფიკაცია წარმატებით გაიარა და საუკეთესო 32 სპორტსმენს შორის მოხვდა.

მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენია კომპანია სილქნეტი.


NS