21.დეკემბერი .2021 11:40

VISA ტურიზმის ადმინისტრაციას მიზნობრივ მარკეტინგულ ბაზრებზე მონაცემებს გაუზიარებს

VISA ტურიზმის ადმინისტრაციას მიზნობრივ მარკეტინგულ ბაზრებზე მონაცემებს გაუზიარებს
views 371
უკან

VISA ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გარკვეული პერიოდულობით მიზნობრივი მარკეტინგული ბაზრების შესახებ მონაცემებს გაუზიარებს. აღნიშნულს ეკონომიკის სამინისტროსა და გლობალური გადახდების ტექნოლოგიების კომპანია „ვიზას“ შორის თანამშრომლობისა და პროგრამების ხელშეწყობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც ხელი ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და კომპანია „ვიზას“ რეგიონალურმა ხელმძღვანელმა დიანა კიღურაძემ მოაწერეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში განმარტავენ, მემორანდუმის მიზანია, დიალოგებისა და პროგრამების ხელშეწყობა შემდეგ საკითხებში - საერთო პრიორიტეტების ერთმანეთისთვის გაზიარება, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის მხარდასაჭერად გადახდის ინოვავიური ტექნოლოგიების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და მეწარმეებისთვის ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარება და ფინანსური ინფორმაციის მიწოდება.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების მიზნით, დაიგეგმება ერთობლივი მარკეტინგული კამპანიები, ხოლო საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, ვიზა გარკვეული პერიოდულობით გაუზიარებს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მონაცემებს (Big Data) მიზნობრივი მარკეტინგული ბაზრების შესახებ.

ნათია თურნავას თქმით, ქვეყნის ტურისტული პოლიტიკის გეოგრაფია, რომელიც ტურისტული არეალის დივერსიფიკაციას და მეტი ტურისტის მოზიდვას ეხება და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები „ვიზას“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც აეწყობა.

„ასევე მნიშვნელოვანი ინიციატივა აქვს „ვიზას“ საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის დიგიტალიზაციასთან დაკავშირებით. სხვადასხვა პლატფორმისა და პროცესის გაციფრულება და მეტი დიგიტალიზაცია დღეს, განსაკუთრებით პოსტკოვიდ ვითარებაში, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი პრიორიტეტია. მინდა მადლობა გადავუხადო „ვიზას“ ამ დროული ინიციატივისა და ჩვენი მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აღსანიშნია, რომ მემორანდუმის ფარგლებში მცირე და საშულო ბიზნესის მხარდასაჭერად „ვიზა“ და „აწარმოე საქართველოში“ ციფრული ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა