18.ივლისი .2021 17:33

ბრენდად ქცეული ოჯახური ბიზნესი – „თაფლუჭა“

ბრენდად ქცეული ოჯახური ბიზნესი – „თაფლუჭა“
views 1918
უკან

ნატურალური თაფლის წარმოების ოჯახური ბიზნესი, 2020 წელს ბრენდად ჩამოყალიბდა. "თაფლუჭა" ამ ეტაპისთვის ორი სახეობის თაფლს აწარმოებს, ესენია: გაზაფხულის თაფლი, რომელიც მინდვრის ყვავილების ჰაეროვან არომატს, მაყვლისა და აკაციის ნექტარს აერთიანებს და წაბლის, რომელიც წაბლის მასური ტყეებიდან მოიპოვება.

„თაფლუჭა“ მომხმარებელს სასაჩუქრე ნაკრებსაც სთავაზობს, რომელიც პარტნიორი კომპანიების დახმარებით სხვადასხვა პროდუქტს აერთიანებს. რაც შეეხება პროდუქტის ღირებულებას, 1 კგ წაბლის თაფლი 30, ხოლო გაზაფხულის 25 ლარი ღირს. მისი შეძენა სხვადასხვა სავაჭრო ქსელში, ასევე ონლაინ „თაფლუჭას“ ფეისბუქგვერდსა და „Soplidan.ge”-ს საშუალებით არის შესაძლებელი.

„თაფლუჭას“ დირექტორი, თამთა დავითაშვილი Bm.ge-ს უყვება, რომ ბრენდის ჩამოყალიბებაში საწყისად 15 000 ლარის ინვესტიცია განახორციელეს და მონაწილეობა საგრანტო კონკურსშიც მიიღეს, აღებული დაფინანსება კი თაფლის საწური დანადგარებისა და სხვა საჭირო ატრიბუტების შეძენას მოახმარეს.

„გვინდოდა ჩვენი ოჯახის ნატურალური თაფლი სხვა ოჯახებისთვისაც ხელმისაწვდომი გაგვეხადა და სწორედ ამიტომ, ჩამოვაყალიბეთ ბრენდად. იმერეთისა და რაჭის ქედები, საიდანაც ნექტარს მოვიპოვებთ, გარშემორტყმულია წაბლის, ცაცხვისა და აკაციის ტყეების მასივით, ეს ლოკაცია პროდუქტის ხარისხს უზრუნველყოფს, „თაფლუჭა“ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ არის შემოწმებული და შესაბამის სერტიფიკატსაც ფლობს, ჩვენი წარმოების მოცულობა წელიწადში 5 ტონა თაფლია, ჯერ მხოლოდ ერთი წელია რაც ბაზარზე ვართ და უკვე ჩვენი ლოიალური მომხმარებელიც გვყავს, აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოება სოფლად უკვე 2 ადამიანსაც ვასაქმებთ “ - აღნიშნავს ის.

თამთა დავითაშვილმა პროდუქტი 2 ქვეყანაში საექსპორტო ბაზრების ათვისების მიზნით გააგზავნა და ახლა დადებითი უკუკავშირის მოლოდინშია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა