მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის კაბელის პროექტი შესაძლებლობების ფანჯარა და ენერგეტიკის სტიმულია - მურმან მარგველაშვილი

63a6d82d136d4
მარიამ ვარადაშვილი
24.12.22 14:30
522
„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მურმან მარგველაშვილი “შესაძლებლობის ფანჯარას” უწოდებს შავი ზღვის კაბელის პროექტს, რომელმაც სამხრეთ კავკასიის რეგიონის ელექტროსისტემა ევროკავშირის ქვეყნებს უნდა დაუკავშიროს.

როგორც მან “ანალიტიკაში” თქვა, პროექტი ასევე იქნება დამატებითი სტიმული საქართველოში გენერაციების განვითარების კუთხით.

“ეს ნამდვილად არის შესაძლებლობების ფანჯარა და სტიმული ჩვენი ენერგეტიკის განვითარების, არა მარტო ინფრასტრუქტურის კუთხით, არამედ ენერგეტიკის პოლიტიკის განვითარების მიმართულებითაც. ამ პროექტის განვითარების პროცესში მოგვიწევს გადავხედოთ და კარგად განვავითაროთ ჩვენი გეგმები ადგილობრივი გენერაციის მიმართულებით. ასევე ვაწარმოოთ მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყნებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ კაბელის მეშვეობით გაატარონ ელექტროენერგია.

ნორმატიული ბაზის შექმნაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ კაბელზე ვაჭრობა წარიმართოს და ეს, სავარაუდოდ, ევროკავშირის წესებით მოხდება. ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი სტიმულია, რათა გამოვავლინოთ ჩვენი პოტენციალი [განახლებადი ენერგიების კუთხით] და მაქსიმალურად ვეცადოთ მისი გამოყენება", - აცხადებს მურმან მარგველაშვილი.

ევროკავშირი გეგმავს წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას შავ ზღვაში, რომელიც საქართველოს და შესაბამისად სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს, ამ შემთხვევაში რუმინეთს დააკავშირებს ერთმანეთს. გადამცემ ხაზს მხარეები „მწვანე ენერგიის ევროკავშირში ექსპორტისთვის გამოიყენებენ“ და მისი მოსაწყობად დაახლოებით 2.3 მილიარდი ევრო დაიხარჯება.

ამგვარი გადამცემი ხაზის შექმნის შესახებ ცნობილი პირველად ოქტომბერში გახდა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი გეგმავდა ევროპაში ენერგიის ექსპორტს და ამისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას განიხილავდა.

შავი ზღვის ელექტროკაბელმა ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით. შავი ზღვის ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩასატარებლად საქართველოს ელექტროსისტემის დაკვეთით კვლევა მაისში დაიწყო და 18 თვეში უნდა დასრულდეს.