მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლოიდლი“ დაიხურა

5f844c254b90f
თამუნა ქემერტელიძე, ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.20 16:40
33069
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლოიდლი“ დაიხურა. ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის 39%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა მიხეილ ოკუჯავამ დაუდასტურა.

„ქარხანა ამ ეტაპზე გაჩერებულია“, - განაცხადა მიხეილ ოკუჯავამ.

კომპანიის საქმიანობის შეჩერების მთავარ მიზეზად დირექტორი საბრუნავი საშუალებების არქონას ასახელებს.

"ყველაფერი ერთად არის მიზეზი, რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა -  ლარის კურსი, ნედლეულის ფასი, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება... ჩვენ შედარებით მაღალი ხარსხის პროდუქციას ვაწარმოებდით, შესაბამისად, ფასიც შედარებით მაღალი გვქონდა და covid-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, პროდუქციის რეალიზაცია ისე დაეცა, რომ ამ გაყიდვებით ქარხანა თავს ვეღარ ინახავდა. ამ ეტაპზე წარმოებაში დასაქმებულები სახლში გავუშვით“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

bm.ge-ის კითხვაზე - განაახლებს თუ არა ქარხანა მუშაობას, მიხეილ ოკუჯავას კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„ვერ გეტყვით... არაპროგნოზირებადი სიტუაციაა და აქედან გამომდინარე, კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ. ხვალ და ზეგ თუ რადიკალურად რაიმე შეიცვალა, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს რაღაცეები, მაგრამ მოცემულ მდგომარეობაში, არ მგონია. ამ ხარისხის პროდუქციის გამოშვებისას ადეკვატური ფასი რომ დავადო, ლარის კურსის და ხორცის ფასიდან გამომდინარე, იმდენი გამოდის, რომ გამორიცხულია, გაიყიდოს", - აღნიშნა მან.
 
„ლოიდლის“ დირექტორი კონკრეტულ რიცხვებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ კომპანიის „ზარალი საკმაოდ დიდია“.

ბიზნეს-რეესტრის მონაცემებით, შპს „ლოიდლი“ 2005 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიას სამი მესაკუთრე ჰყავს: 42%-ის მეწილე ავსტრიის მოქალაქე თინათინ აფხაიძეა, 39%-ის მეწილე მიხეილ ოკუჯავაა, კომპანიის 19%-ის მფლობელი კი ბესიკ აფხაიძეა.