მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TI - საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსი ერთი ქულით გაუარესდა

61ef977caadf4
ინგა მურუსიძე
25.01.22 10:20
773
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 55 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით გაუარესებული შედეგია. რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 45-ე ადგილს და რეგიონში [აღმოსავლეთ ევროპა და შუა აზია] პირველობას ინარჩუნებს.

თავად „კორუფციის აღქმის ინდექსის“ ავტორები საქართველოში კორუფციის მხრივ არსებულ კონტექსტს ასე ახასიათებენ: „სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში, რომელიც, 55 ქულით, რეგიონში ლიდერობს. მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების სფეროში ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პოლიტიკა. მისმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ბოლო წლებში საბოლოოდ ხელში ჩაიგდო სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რითაც, ფაქტობრივად, შეაჩერა კორუფციასთან საბრძოლველად საჭირო პოლიტიკური იმპულსი.“

აღსანიშნია, რომ 55 ქულა საშუალო მაჩვენებელია. საქართველოს ქულა მეტწილად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში დაბალია წვრილმანი მექრთამეობა. თუმცა, ამავე დროს, ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც არსებობს, ქმნის იდეალურ გარემოს კორუფციის გაღრმავებისთვის. ეს გამოწვევებია: არაფორმალური მმართველობა; ძალაუფლების არაჯანსაღი კონცენტრაცია მმართველი პარტიის ხელში; გაწონასწორებისა და შეკავების დემოკრატიული სისტემის დასუსტება – სასამართლოს, პროკურატურის და დამოუკიდებელი ინსტიტუციების პოლიტიკური დამორჩილება. პარლამენტის სუსტი საზედამხედველო როლი კორუფციის შეკავების პროცესში. მაღალი დონის კორუფცია; შეჩერებული ანტიკორუფციული რეფორმა;


რეკომენდაციები: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად აღიაროს ქვეყანაში კორუფციის და კონკრეტულად, მაღალი დონის კორუფციის პრობლემის არსებობა და პრიორიტეტულ რეჟიმში დაიწყოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა: საჯარო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენისა და სახელმწიფოს მიტაცების სხვა გამოვლინებების აღმოფხვრა; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან კორუფციის გამოძიების ფუნქციის ჩამოშორება და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მაღალი დონის კორუფციის გამოძიებასა და ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებაზე; პროკურატურის დამოუკიდებლობის და მისი მმართველი პარტიისა და არაფორმალური ჯგუფების არაჯეროვანი გავლენისგან დაცულობის უზრუნველყოფა; სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირება; პარლამენტის საზედამხედველო როლის გაძლიერება; ანტიკორუფციული პოლიტიკის განახლება; საერთაშორისო ვალდებულებებისა და რეკომენდაციების შესრულება.