მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TI: 92% ფიქრობს, რომ მოხელეები თანამდებობას ბოროტად იყენებენ და ახლობლებს ასაქმებენ

5ede36930b272
შოთა ტყეშელაშვილი
08.06.20 17:05
1564
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კორუფციის აღქმის შესახებ ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგების მიხედვით, მართალია, სახელმწიფო სექტორში პირდაპირი კორუფცია და თანამდებობის პირთა მხრიდან მოქალაქეთაგან ქრთამის მოთხოვნის შემთხვევები დაბალია, მოსახლეობის აღქმით უფრო პრობლემურია კორუფციის ისეთი სახე, როდესაც თანამდებობის პირები საკუთარ სამსახურებრივ პოზიციას ნათესავებისა და ახლობლების კეთილდღეობის გასაზრდელად ან პირადი ბიზნეს ინტერესების სასარგებლოდ იყენებენ.

წვრილმანი კორუფცია

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს, რაც გასულ წლებში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვების მონაცემების იდენტური შედეგია.

კორუფციის კომპლექსური ფორმები

ამავე დროს, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ საქართველოში გავრცელებულია კორუფციის სხვა გამოვლინებები. გამოკითხულთა 63% ფიქრობს,  რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

რაც შეეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიზნებს, ის რესპონდენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი ქმედება გავრცელებულია, მიიჩნევენ, რომ მისი მიზანია, ოჯახის წევრების, ნათესავების და ახლობლების დასაქმება (92%), საკუთარი ან ახლობლების ბიზნესის მფარველობა (90%), ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა (81%), სხვადასხვა საქმის მოგვარების სანაცვლოდ ქრთამის აღება (60%).

გამოკითხულთა უმრავლესობა (57%) ასევე ფიქრობს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში.

რეაგირება კორუფციის შემთხვევებზე

გამოკითხულთა 47%  ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

კორუფციული დანაშაულის გახსნის დაბალ მაჩვენებელზე ოფიციალური სტატისტიკაც მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2015-2017 წლებში დაფიქსირებული 1,740 კორუფციული საქმიდან მხოლოდ 12% გაიხსნა.

ამასთან, კორუფციული საქმეების გახსნის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პროკურატურას აქვს. 2015-2017 წლებში პროკურატურაში შესული 1,273 საქმიდან  მხოლოდ 47 - 3.7% გაიხსნა.

გამოკითხულთა 41% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებს, ხოლო 37% ფიქრობს, რომ მთავრობა, როგორც წესი, ამხელს ასეთ პირებს.

დასაქმება საჯარო სამსახურში

გამოკითხულთა აზრით, ნაცნობობა საჯარო სამსახურში დასაქმების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.