მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TI: ეკონომიკის სამინისტროში საშუალო ხელფასი 5,729 ლარია

5d95f0e39a767
შოთა ტყეშელაშვილი
03.10.19 17:15
4352
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მთავრობაში არსებული სახელფასო პოლიტიკის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2018 წლის პირველი იანვრის შემდგომ ანუ ქვეყანაში საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა ანაზღაურების ახალი წესის მიღების შედეგად, სამინისტროების სახელფასო პოლიტიკა გარკვეულწილად შეიცვალა.

TI საქართველოს ინფორმაციით, მათ სამინისტროებიდან დარიცხული ხელფასების შესახებ სტატისტიკა გამოითხოვა და ის რეგულაციის ამოქმედებამდე არსებულ ვითარებას შეადარა. სამინისტროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე TI აღნიშნავს, რომ მაგალითად, ეკონომიკის სამინისტროში 2017 წლის დეკემბერში, თანამშრომლისთვის დარიცხული საშუალო ხელფასი 3,446 ლარი იყო, ხოლო 2018 წლის დეკემბერში კი, საშუალო ანაზღაურება 5,729 ლარამდე გაიზარდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროში 2017 წლის მდგომარეობით, საშუალო ხელფასი 4,031 ლარი, 2018 წლის მდგომარეობით კი, საშუალო ხელფასი 5,131 ლარი იყო.

TI - სამინისტროებში ანაზღაურების წესის ცვლილებას სახელფასო უთანასწორობაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია

2018 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ”, რომლითაც პირველად ქართული საჯარო სამსახურის ისტორიაში ანაზღაურების სისტემა ცენტრალიზებულად მოწესრიგდა. იმის შესამოწმებლად თუ კანონის მიღებამ რა პრაქტიკული გავლენა მოახდინა მოხელის ანაზღაურებაზე, კერძოდ კი სხვადასხვა თანამშრომელთა შორის ხელფასების განაწილებაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სამინისტროების ცენტრალურ აპარატებში კანონის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ ერთი თვის ანაზღაურება შეადარა ერთმანეთს. შედეგად, გამოვლინდა, რომ 2017-2018 წლებში რვა სამინისტროდან ხუთში სახელფასო უთანასწორობა გაიზარდა, სამში კი - შემცირდა. რვავე სამინისტროს მაჩვენებლებს ერთიანად თუ შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ საკვლევ პერიოდში სახელფასო უთანასწორობა თითქმის არ შეცვლილა.

ინფორმაცია ათი სამინისტროდან გამოვითხოვეთ, ფინანსთა სამინისტრომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროდან არასრული ინფორმაცია მივიღეთ. ანალიზისთვის კანონის ამოქმედების წინა თვის — 2017 წლის დეკემბრის და ერთ წლის შემდგომი — 2018 წლის დეკემბრის ანაზღაურებები ავიღეთ.

კვლევის მიზანი იყო სამინისტროების ცენტრალურ აპარატებში ანაზღაურების უთანასწორობის ანალიზი და ახალი კანონის მიღების შემდეგ ტენდენციის აღწერა. ამ მიზნების მისაღწევად გამოვიყენეთ უწყებებში არსებული საშუალო და მედიანური ხელფასები. სრულყოფილი სურათისთვის ხელფასების შედარებისას, ასევე, გათვალისწინებულია პოლიტიკური თანამდებობის პირთა ანაზღაურება (მინისტრები და მოადგილეები), მიუხედავად იმისა, რომ მათზე ახალი კანონი 2021 წლამდე არ ვრცელდება.

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურება შედგება ა) თანამდებობრივი სარგოს, ბ) სახელფასო დანამატისა და დ) ფულადი ჯილდოს კომპონენტებისგან. კვლევაში შესადარებლად აღებულია ანაზღაურება, რომელიც სამივე კომპონენტის ჯამს შეადგენს, რადგან მიზანი თანამშრომლის მიერ ფაქტობრივად მიღებული თანხის ანალიზია.

ახალი კანონის მიღებამდე დანამატის და ჯილდოს (პრემია) გაცემა სისტემატიურად, ხშირ შემთხვევაში სათანადო დასაბუთების გარეშე ხდებოდა. ახალმა კანონმა მანამდე არსებული ფაქტობრივი სტატუს-კვო შეინარჩუნა და ის პრემია-დანამატები, რომელიც სისტემატიურად გაიცემოდა გააერთიანა სარგოსთან, ხოლო დანამატისა და ჯილდოს გაცემის წესი მკაცრი რეგულირების ქვეშ მოაქცია.

მიუხედავად ამისა, 2018 წლის დეკემბრის მონაცემებშიც გვხვდება პრემიები და დანამატები, მათ შორის ახალი კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლით გაცემულიც. ამის მაგალითი იყო თავდაცვის სამინისტრო, საიდანაც მივიღეთ წერილობითი პასუხი, რომ ყველა თანამშრომელზე გასცეს საახალწლო-სადღესასწაულო ჯილდო 125 ლარის ოდენობით. ახალი კანონით დღესასწაული არ შეიძლება ჯილდოს გაცემის საფუძველი გახდეს, ის ინდივიდუალური წახალისების მექანიზმია და დამოკიდებულია მოხელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე.

უწყებებში მოსამსახურეთა ხელფასებს შორის უთანასწორობის დასადგენად ერთმანეთს შევადარეთ ყველა თანამშრომლის საშუალო და მედიანური ხელფასები, კერძოდ, მედიანურ და საშუალო ხელფასს შორის პროცენტული სხვაობა. რაც უფრო ნაკლებია განსხვავება ამ ორ მაჩვენებელს შორის, მით უფრო ნაკლებია უთანასწორობა სხვადასხვა საფეხურის თანამშრომლობის ანაზღაურებას შორის.

ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, 2017 წლის დეკემბრის მედიანურ და საშუალო ხელფასებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა ინფრასტრუქტურის სამინისტროში (31.6%) იყო, ყველაზე დაბალი კი - იუსტიციის სამინისტროში (11%). 2018 წლის დეკემბერში ყველაზე დიდი სხვაობა (30.8%) ორ უწყებაში - ეკონომიკისა და განათლების სამინისტროებში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი - ინფრასტრუქტურის სამინისტროში (6.7%) (იხილეთ დიაგრამა 1 და 2).




ერთი წლის დინამიკას თუ შევხედავთ, რვა სამინისტროდან ხუთში სახელფასო უთანასწორობა გაიზარდა, სამში კი - შემცირდა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავი ინფრასტრუქტურის სამინისტროა, რომელიც 2017 წლის დეკემბერში სახელფასო უთანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა, 2018 წლის დეკემბერში კი - ყველაზე დაბალით. რვავე სამინისტროს მაჩვენებლებს ერთიანად თუ შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ საკვლევ პერიოდში სახელფასო უთანასწორობა თითქმის არ შეცვლილა - 2017 დეკემბერში საშუალო სხვაობა 20.6% იყო, 2018 წლის დეკემბერში კი - 20.9% (იხილეთ დიაგრამა 3).