მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TI: კახეთში თანამდებობის პირების კომპანიები, სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგებებში არიან ჩართული

5f7c2f76aa87c
შოთა ტყეშელაშვილი
06.10.20 12:49
1068
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, კახეთის 8 მუნიციპალიტეტში, 2013-2020 წლებში განხორციელებულ არაერთ ტენდერსა და პირდაპირ შესყიდვაში მონაწილეობდა არაერთი კომპანია, რომელთაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ამავე მუნიციპალიტეტების მაღალჩინოსნებთან. 

TI-ის მიმოხილვის მიხედვით, ფაქტი, რომ ამ კომპანიების დიდ ნაწილს შესყიდვებში მონაწილეობის არავითარი წინარე გამოცდილება არ ჰქონდათ, აღრმავებს შეფასებას, რომ ამ შესყიდვებს მაღალი კორუფციული რისკები ახლავს.

გამოკვეთილი ტენდენციები და ძირითადი მიგნებები: 

კვლევაში მიმოხილულია 51 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და 7 ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობა, რომლებმაც, 2013-2020 წლებში, 167 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი და გამარტივებული შესყიდვა მიიღეს.

  • 52-დან 32-მა შპს-მ გამარტივებული შესყიდვებისა და უკონკურენტო ტენდერების მიღება დაფუძნებიდან მალევე დაიწყო, ზოგ შემთხვევაში კი - რამდენიმე დღეში; 
  • თელავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის, ბესიკ ქოჩიშვილის ყოფილმა კომპანიამ, 2015-2019 წლებში, ბიუჯეტიდან 1,7 მილიონი ლარი მიიღო; 
  • თელავის გამგებლის ყოფილი მოადგილის, ზურაბ სვიმონიშვილის ორმა კომპანიამ - შპს “ბილდინგმა” და შპს “ნიუ ბილდინგმა” 2013-2020 წლებში 1.2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო; 
  • გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოზ გეთიაშვილის სიმამრის კომპანიამ 2015-2020 წლებში 12.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან, 1 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტისგან; 
  • შპს “თბილსერვის ჯგუფის” ყოფილი დირექტორის, თორნიკე შიოლაშვილის მიერ, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან 1 თვის შემდეგ დაფუძნებულმა კომპანიამ 72 მილიონი ლარის ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო 2014-2020 წლებში; 
  • ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსთან, ზურაბ შავბალახაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ყვარლის მუნიციპალიტეტისგან 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღეს; 
  • ლაგოდეხის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - კონსერვატორების” თავმჯდომარის მოადგილე, მარიანა გელაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ დაფუძნებიდან 1 კვირაში 2 გამარტივებული შესყიდვა მიიღო; 
  • ლაგოდეხის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ხუციშვილის ძმის კომპანიამ 300 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები მიიღო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისგან; 
  • სიღნაღის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ნოდარ ბაკაშვილის დაფუძნებულმა კომპანიამ 890 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები მიიღო მხოლოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან; 
  • ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, არსენ ბუღრიძის ცოლის ძმის კომპანიამ 1.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებისგან.