მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TI მთავრობას ურჩევს, წინასაარჩევნოდ ხელფასებისა და პენსიის მატებისგან თავი შეიკავოს

5da840a66adde
BM.GE
17.10.19 14:20
1500
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია მთავრობის მიერ პენსიისა და ხელფასების მატების შესახებ გადაწყვეტილებას ეხება.

„ვინაიდან 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთი პროექტების განხორციელებისაგან, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ზრდა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატება. ასეთი ქმედებები აღიქმება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად, რამაც საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიაყენოს;

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის და შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონზე, უმჯობესია, მთავრობამ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო რეალისტურ მაჩვენებელზე დაგეგმოს;

ინფლაციის დონის მატების და ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურების ფონზე საბიუჯეტო პოლიტიკა მეტად უნდა იყოს თავსებადი გამკაცრებულ მონეტარული პოლიტიკასთან. მთავრობის ხარჯების, ბიუჯეტის დეფიციტის და გაზრდილი სახელმწიფო ვალის აღებას ნეგატიური გავლენა ექნება ლარის კურსზე და ინფლაციის დონეზე;

მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მის მიერ მიღებული სტრატეგიული დოკუმენტების მოთხოვნები და სახელმწიფო ვალის შემცირებაზე უნდა იფიქროს, ნაცვლად ვალის ზრდისა;

ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვის ეფექტიანობის ასამაღლებლად გამკაცრებას საჭიროებს პროგრამული ბიუჯეტის სწორად შედგენის კონტროლი. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს შედეგების შეფასების ინდიკატორების სწორად შერჩევას;

ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც დანართშია მოცემული,  ბიუჯეტის შესახებ კანონის ძირითადი ტექსტის ნაწილი უნდა გახდეს“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" რეკომენდაციებში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში, პირველი მოსმენით განხილვის ეტაპზეა.