17.ოქტომბერი .2019 17:20

TI-ს შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვის 754-მილიონიანი ბიუჯეტი შესაძლოა, ვადაზე ადრე ამოიწუროს

views 271
უკან

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის 754-მილიონიანი ბიუჯეტი შესაძლოა, ვადაზე ადრე ამოიწუროს - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან გახდა ცნობილი. ორგანიზაციის შეფასებით, წლის ბოლომდე პროგრამას შესაძლოა, 40 მილიონი ლარის დამატება დასჭირდეს. 

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება არ იზრდება, ისევ 754 მლნ ლარია გამოყოფილი. თუმცა, მიმდინარე წლის ხარჯები აჩვენებს, რომ აღნიშნულ პროგრამას დაახლოებით 40 მლნ ლარის დამატება დასჭირდება,"- ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიმოხილვაში. 

2018 წელს საყოველთაო ჯანდაცვის 713-მილიონიანი ბიუჯეტი ვადაზე ადრე ამოიწურა, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი შიდა რესურსების გადაჯუფებით პროგრამას ბიუჯეტი გაუზარდა და მთლიანობაში პროგრამის ხარჯვამ 760 მილიონი ლარი შეადგინა. 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც ვადაზე ადრე ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის გადასარჩენად 40 მილიონის სახით დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. წელსაც, თუ ხარჯვის არსებული ტემპი გაგრძელდა, დაახლოებით, 37 მილიონი ლარის დამატება გახდება საჭირო. შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის ფაქტობრივი ბიუჯეტი 750 მილიონ ლარს მიაღწევს. 

მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებში ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი ლარი დაუმატა. 

ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. 

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვაზე მისამართი თანხა სოციალური დახმარებების გაცემის მუხლს მოაკლო. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა