მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TI: “სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი სათანადო საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს“

5fa8603f51c8e
ვიქტორია მღებრიშვილი
09.11.20 01:10
1054
„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ ცესკო-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხემიანება და პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენებას შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად აფასებს.

„რამდენიმე წუთის წინ ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე, სადაც ადამიანების მცირე რაოდენობა იდგა, სამართალდამცველებმა სათანადო საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლი გამოიყენეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი გაზიც, თუმცა ეს ინფორმაცია შსს-მ უარყო.

პოლიციამ ხალხის გაფრთხილება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში უარყოფითი შეფასება მოჰყვა. პოლიციის ქმედებები, შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს“, - ნათქმია TI-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციაში იმ შემთხვევებს ასახელებენ, როდესაც პოლიციას უკიდურესი ზომების გამოყენების უფლება აქვს და აღნიშნავენ, რომ აქციის მონაწილეებს მშვიდობიანი მანიფესტაციის საშუალება უნდა მიეცეთ.

„კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენება და ისიც იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.

ფიზიკური ძალის, ან სპეციალური საშუალებების გამოყენების წინ პოლიცია ვალდებულია გააფრთხილოს პირები და მათ მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. თავის მხრივ, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება დასაშვებია წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, პოლიციელებზე ან სახელმწიფო ობიექტებზე მასობრივი და ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად.

იმ ფონზე, როდესაც გამოჩნდა კრიზისული სიტუაციიდან მოლაპარაკებებით გამოსვლის პერსპექტივა და ოპოზიციამ გარკვეული მოთხოვნების შესრულების პირობით მოლაპარაკებების დაწყებაზე მზაობა განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ იმოქმედოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით.

აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური საფუძველი აქვთ, უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. ხელისუფლებამ ამ პროცესში უნდა იმოქმედოს კანონის სრული დაცვით. აღნიშნულ სიტუაციაში ყველას ვალდებულებაა შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ დაამძიმოს ისედაც კრიზისული სიტუაცია”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.