მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TI საქართველო - მაია ცქიტიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში დარღვევებია

5def54753c447
შოთა ტყეშელაშვილი
10.12.19 12:30
1264
დღეისთვის საქართველოს 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმებისა და ბიზნეს რეესტრის მეშვეობით, მთავრობის წევრთა სამეწარმეო საქმიანობა შეისწავლა. 

მიმოხილვის მიხედვით, მინისტრების და მათი მოადგილეების მხრიდან ყველაზე ხშირად გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები არის არასრულად შევსებული, ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც თანამდებობის პირი ფლობს კონკრეტულ წილს, მაგრამ ამ წილის მართვის უფლება არ აქვს გადაცემული სხვა პირისთვის ანუ პირდაპირ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში.

TI-ის მიხედვით, დამრღვევთა შორისაა ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილიც:

"მაია ცქიტიშვილი
ოჯახის სამეწარმეო საქმიანობა: 2019 წლის იანვრის დეკლარაციის მიხედვით, მაია ცქიტიშვილის მეუღლე დავით ხატიაშვილი 6 კომპანიის მეწილე და/ან დირექტორია:

ეს კომპანიებია:
შპს „თბილისის კომერციული ქონება“ წილი - 75% / დირექტორი
შპს „ბილდინგ სოლუშენსი“ წილი - 100% / დირექტორი
შპს „მიკროკლიმატი“ წილი - 75%
შპს „სავაჭრო ცენტრი“ წილი - 75% / დირექტორი
სს „ჯორჯიათრეიდი“ დირექტორი
შპს „ბიკონსალტინგი“ წილი - 16.5%

სს „ჯორჯიათრეიდი“ აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში: 2015-2018 წლებში კომპანიამ ჯამში 18 სახელმწიფო ტენდერი მოიგო საერთო ღირებულებით 615,382 ლარი; კომპანიას ასევე გაუფორმდა 36 მცირე პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტი საერთო ღირებულებით 48 ათას ლარამდე.

დეკლარაციის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში დავით ხატიაშვილმა სს „ჯორჯიათრეიდის“ დირექტორობიდან  35,020 ლარის შემოსავალი მიიღო.

დარღვევები:
1) დეკლარაციაში მაია ცქიტიშვილს არ აქვს ნახსენები, რომ მისი მეუღლე შპს „მიკროკლიმატის“ დირექტორიცაა და რომ 2018 წლის აგვისტოს შემდეგ იგი ამ კომპანიის 100%-ს ფლობს.

2) მას ასევე არ უხსენებია, რომ 2018 წლის მარტამდე შპს „თბილისის კომერციული ქონების“ 75%-ს თავად ფლობდა. 2018 წლის მარტში ცქიტიშვილმა ეს წილი მეუღლეს აჩუქა, თუმცა დეკლარირების ვალდებულება მაინც არსებობდა", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. 

არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, ქონებრივი დეკლარაცია არასრულად შეავსო მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემაც. საუბარია "ქართუ ჯგუფის", "თანაინვესტირების ფონდისა" და "ტურიზმის განვითარების ფონდის" სხვადასხვა კომპანიაზე, რომლებშიც ქარსელაძე აღმასრულებელი დირექტორის პოსტებს იკავებდა. 

"ირაკლი ქარსელაძე

სამეწარმეო საქმიანობა: 2019 წლის მაისის დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ქარსელაძე 2018 წლის აპრილამდე იკავებდა დირექტორის თანამდებობას 5 კომპანიაში, რომელთაგან წლის განმავლობაში ჯამში ₾116,494 მიიღო:

• შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“
• შპს „ბლექ სი რიზორთსი“
• შპს „ოლდ სითი“
• შპს „სოლოლაკი რაიზი“
• შპს „თბილისი სითი“

დარღვევა: დეკლარაციაში მას არ უხსენებია, რომ 2018 წლის აპრილამდე დირექტორის პოზიციას კიდევ 9 კომპანიაში იკავებდა:

კომპანიაში დირექტორად მუშაობის პერიოდი

შპს „სოლოლაკი ჰილზ“ 04.02.2015 - 10.04.2018
შპს „სიშორ“ 17.01.2017 - 10.04.2018
შპს „სპორტს ჰოტელ ენდ რიზორტი“ 11.03.2018 - 10.04.2018
შპს „ბლექ სი რივიერა“ 07.03.2016 - 10.04.2018
შპს „თაბორი რიზორთსი“ 27.04.2016 - 10.04.2018
შპს „ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი“ 10.04.2017 - 10.04.2018
შპს „ჯითიდიეფ სოლუშენს“ 26.04.2017 - 10.04.2018
შპს „ბიზნეს დეველოპმენტ“ 01.06.2017 - 10.04.2018
შპს „ბლექ სი რიზორთს ასეთ მენეჯმენტი“ 22.03.2018 - 10.04.2018,"- ნათქვამია TI-ს მიმოხილვაში. 

სიაში ინფრასტრუქტურის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე გრიგოლ კაციაც მოხვდა:

"გრიგოლ კაცია

სამეწარმეო საქმიანობა: 2019 წლის ივლისის დეკლარაციის მიხედვით, გრიგოლ კაცია ფლობს შპს „კარგო მარკეტის“ 20%-ს და შპს „ქართული პროდუქტების“ 50%-ს. თანამდებობის დაკავების შემდეგ, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მან ეს წილები დროებით მართვაში სხვა პირს გადასცა.

შპს „კარგო მარკეტი“ აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში: კომპანიას მიღებული აქვს პირდაპირი შესყიდვის 12 კონტრაქტი (ღირებულებით: ₾102,722; $ 53,538; € 3,315) და 20 ტენდერი (ღირებულებით: ₾468,535).

დარღვევა: 2019 წლის დეკლარაციაში გრიგოლ კაციას არ უხსენებია, რომ 2018 წლის 6 ივლისამდე ფლობდა 50%-იან წილს შპს „საინვესტიციო მომსახურების ჯგუფში“. ეს წილი მან უსასყიდლოდ დათმო, თუმცა დეკლარირების ვალდებულება მაინც არსებობდა."