მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 90 მლნ ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

5e01c7d06b790
თელარა გელანტია
24.12.19 12:17
1300
თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 90 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც bm.ge-ის თიბისიდან აცნობეს, ფინანსური რესურსი 5 წლის განმავლობაში, საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება.

“მოხარული ვარ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან ასეთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. ეს პირველი პრეცედენტია, როცა EIB ადგილობრივი ვალუტით დააფინანსებს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს. აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ორგანიზაციებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას 2012 წელს დაწყებული პარტნიორული ურთიერთობის გასამყარებლად. ადგილობრივი ვალუტით ბიზნესების დაფინანსება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, ვინაიდან ადგილობრივი ვალუტაში მიღებული სესხები მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს, მათ შორის საოჯახო ბიზნესებს, დაიცავს სავალუტო რისკის პირდაპირი ზემოქმედებისგან და ამავე დროს, ხელს შეუწყობს თიბისი ბანკის პორტფელის დედოლარიზაციას“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მფლობელობაში არსებული და მათი ინტერესების გამტარებელი ერთადერთი ბანკია. EIB-ის საშუალებით ხელმისაწვდომია ჯანსაღი ინვესტიციების გრძელვადიანი დაფინანსება ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად.

მოცულობით ყველაზე დიდი მსესხებელი და კრედიტორი, ევროპის საინვესტიციო ბანკი უზრუნველყოფს ჯანსაღი და მდგრადი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას და ექსპერტულ მომსახურებას, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის პოლიტიკის ამოცანების შესრულებას.