09.ოქტომბერი .2019 09:00

თიბისი კაპიტალი: წელს ან 2020 წლის I კვარტალში 2-3 კომპანია ბაზარზე ობლიგაციებს გამოუშვებს

views 312
უკან

„თიბისი კაპიტალმა“ მიმდინარე წელს საფონდო ბირჟაზე ჯამში, დაახლოებით, 6-ზე მეტი კომპანიის ობლიგაცია განათავსა. როგორც "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძემ განაცხადა, ოქტომბერში თიბისის ერთ-ერთი, მსხვილ სავაჭრო სფეროში მყოფი კორპორატიული კლიენტი ობლიგაციებს გამოუშვებს, თუმცა კომპანიის ვინაობა ამ ეტაპზე მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება.

„ჩვენ ფოკუსირება არ გვაქვს, რომ კონკრეტულად რამდენიმე სექტორი გვქონდეს არჩეული, ეს ძირითადად კომპანიის მზაობასა და სურვილზეა დამოკიდებული, რომ ობლიგაციების ბაზარზე გავიდნენ.

მიმდინარე თვეში ერთ-ერთი მსხვილი კორპორატიული კლიენტი მსხვილი მოცულობის ობლიგაციებს გამოუშვებს. ეს არის შედეგი რამდენიმეთვიანი მუშაობის. ასევე საინტერესოა, რომ ინვესტორების რიცხვი, ვინც ობლიგაციების შესყიდვაში მონაწილეობას მიიღებს, საკმაოდ დივერსიფიცირებული იქნება. ობლიგაციების დალისტვა საფონდო ბირჟის განვითარებასაც შეუწყობს ხელს", - აღნიშნა თხელიძემ.

გენერალური დირექტორის მოადგილის განმარტებითვე, თიბისი კაპიტალს წლის ბოლომდე ობლიგაციების განთავსებასთან დაკავშირებული სხვა აქტივობებიც აქვს დაგეგმილი.

„წლის ბოლომდე სხვა აქტივობები გვაქვს დაგეგმილი, უბრალოდ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საჯარო ინსტრუმენტია, ძალიან ბევრი იურიდიული და კომერციული საკითხის მომზადებაა მნიშვნელოვანი, რომ კომპანია ამ საჯარო ინსტრუმენტის გამოსაშვებად სრულად იყოს მზად. სწორედ ამ მზაობიდან გამომდინარე, მეოთხე კვარტალში ან მომდევნო წლის პირველ კვარტალში 2-3 ახალი კომპანია ბაზარზე ობლიგაციებს გამოუშვებს", - განაცხადა გოგა თხელიძემ.