მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი: საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი რეფორმის მიმართ სანდოობას გაზრდის

5f71f3ea3c1ab
სალომე მეცხვარიშვილი
28.09.20 22:28
1187
თიბისის მაკროფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსი ალექსანდრე ბლუაშვილი საპენსიო სააგენტოს მიერ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცებას დადებითად აფასებს. მისი შეფასებით, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა, ამიტომ კარგია, რომ მისი განხილვა ღიად და საჯაროდ მოხდა.

ალექსანდრე ბლუაშვილი ამბობს, რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მიმართ მეტ ნდობას გააჩენს.

“გავეცანით დოკუმენტს და შეიძლება ითქვას, რომ მასში გათვალისწინებულია ყველა ის ძირითადი კომპონენტი, რასაც მსგავსი ტიპის დოკუმენტი უნდა მოიცავდეს. ამ დოკუმენტის ამოსავალი ინტერესი არის ის, რომ საპენსიო ფონდში მონაწილე პირების ინტერესები იყოს დაცული, ამ კუთხით კარგად არის განსაზღვრული, სხვადასხვა რისკიანობის (დაბალი, საშუალო და მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი, ასევე კარგადაა განსაზღვრული ის ძირითადი საინვესტიციო ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც თანხა სხვადასხვა რისკიანობის პორტფელში უნდა იყოს ინვესტირებული”,- აცხადებს ალექსანდრე ბლუაშვილი.

ამასთან, მისივე თქმით, დოკუმენტი ფურცელზე კარგია, თუმცა, მთავარია, როგორი იქნება მისი აღსრულება, რაც სხვადასხვა გამოწვევასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

“ახლა მნიშვნელოვანია დოკუმენტის ტექნიკური განხორციელება, მნიშვნელოვანია საპენსიო ფონდის თანამშრომლების კვალიფიკაცია, რადგან ამ რისკების შეფასება ცალსახად ძალიან რთულია. მნიშვნელოვანია ყველა ამ ეტაპზე მაქსიმალური გამჭვირვალობა აჩვენოს საპენსიო ფონდმა”,- აცხადებს თიბისის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, სახელმწიფო საპენსიო სააგენტომ დღეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინა. დოკუმენტი მოსახლეობის მიერ საპენსიო შენატანების ინვესტირების პროცესს განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებს თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის ფინანსური ინსტრუმენტი, რათა მასში მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ინვესტირება იყოს შესაძლებელი.