მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თიბისი უზბეკეთს“ 9.5 მლნ რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს - "თიბისის" გეგმები

6368c4e4025aa
ვიქტორია მღებრიშვილი
07.11.22 22:20
637
„თიბისი უზბეკეთს“, რომელიც უზბეკეთში ციფრული ბანკის სახით 2019 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდა, 2022 წლის ბოლოსთვის 9.5 მლნ რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. ამის შესახებ „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ და TBC UZ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ქურდიანმა გადაცემა „საქმიან დილაში“ საუბრისას განაცხადა.

მან TBC UZ-ის განვითარებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განვითარების დინამიკა კოლოსალურია.

„უზბეკეთში 2019 წლის მეორე ნახევარში შევედით და Payme-ს წილი ვიყიდეთ. მაშინ 1 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი გაგვიჩნდა, 2020 წელს ეს რიცხვი თუ არ ვცდები, 2 მლნ-ზე მეტი იყო და 2022 წლის ბოლოს კი 9.5 მლნ-ზეა რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს.

დინამიკა კოლოსალურია და ეს არ არის მხოლოდ რადგან უზბეკეთი დიდი ქვეყანაა, 9.5 მლნ ეს ჩვენი დათვლებით ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 30%-ია, რომელიც „თიბისი ჯგუფის“ ორ მიმართულებაშია დარეგისტრირებული. აქედან გამომდინარე შედეგებია დიდია“, - აღნიშნა ქურდიანმა.

TBC UZ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ჯგუფის მთავარ მიზანს უზბეკეთის ბაზარზე დარეგისტრირებული მომხმარებლის გააქტიურება წარმოადგენს.

„უზბეკეთში ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ. ეს ქვეყანა, როგორც რეგიონის ძალიან დიდი მოთამაშე ახლა ფორმირდება, ამიტომ ასე ვამბობთ, რომ უზბეკეთში პენეტრაცია ინტენსიურად უნდა გავაგრძელოთ, რადგან 9.5 დარეგისტრირებული მომხმარებელი არ ნიშნავს, რომ მათგან ყველა აქტიურია. აქტიურობა შედარებით დაბალია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მილიონებზე ვსაუბრობთ, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი აქტიურობის დონის გაზრდაა, ამიტომ ჩვენი სერვისი და პროდუქტი რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა შევთავაზოთ“, - თქვა ნიკოლოზ ქურდიანმა.

მისივე თქმით, უზბეკეთის შემდეგ „თიბისიში“ სხვა ქვეყანაში გასვლაზეც გეგმავენ, თუმცა კონკრეტულად როდის და რა მიმართულებით ჯერ ვერ ამბობენ.

„რაც შეეხება ახალ ქვეყანას, ვაკვირდებით, სად, რა და როგორ გვინდა. გეოპოლიტიკური მდგომარეობა ამ ყველაფერზე მოქმედებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ერთადერთი მიზეზია რატომ შევალთ ან არ შევალთ. შინაარსობრივად კარგად უნდა დავფიქრდეთ, რომელია ჩვენი შემდეგი ქვეყანა. ეს არ არის ჩქარი პროცესი, მაგრამ ჯგუფის დონეზე გაცხადებული გვაქვს, რომ ცალსახად ქვეყნის გარეთ სხვა მიმართულებითაც ვიყურებით“, - განაცხადა ქურდიანმა.