21.იანვარი .2020 20:30

„თიბისი“ უზბეკეთში თანამედროვე საბანკო მომსახურების სისტემას დანერგავს - გიორგი შაგიძე

views 322
უკან

„თიბისი ბანკი“ უზბეკეთში თანამედროვე საბანკო მომსახურების სისტემის დანერგვას გეგმავს, - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი შაგიძემ განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ უზბეკეთის ცენტრალურმა ბანკმა „თიბისი ბანკს“ ტაშკენტში ბანკის გახსნისთვის პრელიცენზია მისცა.

გიორგი შაგიძემ „საქმის კურსში“ საუბრისას უზბეკეთის ბაზარზე „თიბისის“ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება თანამედროვე ბანკინგის სისტემა, სადაც წარმოდგენილი იქნება „თიბისი ბანკის“ თითქმის ყველა პროდუქტი.

„აქ ვსაუბრობთ არა ტრადიციულ ბანკზე, არამედ თანამედროვე ტიპის საბანკო სისტემაზე, რასაც ჩვენ Next Generation Bank-ს ვეძახით. ეს იქნება ჭკვიანი ფილიალები, რომლებიც თვითმომსახურების აპარატებით აღიჭურვება. ეს თანამედროვე სიტყვაა საბანკო მიმართულებაში.

ჩვენ დავიწყებთ რითეილით, მერე გადავალთ მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებაზე, იქნება იპოთეკური სესხები... ჩვენ არ ვაპირებთ უზბეკეთში კორპორატიული კლიენტების მომსახურებას. კორპორატიული კლიენტების გარდა, ყველა ტიპის პროდუქტი იქნება შეთავაზებული. ეს იქნება შეთავაზებები უფრო თანამედროვე პლატფორმებზე, თანამედროვე და არა ტრადიციული მეთოდებით“, - განაცხადა გიორგი შაგიძემ.

კითხვაზე რატომ გააკეთა "თიბისი ბანკმა" არჩევანი უზბეკეთის ბაზარზე, ბანკის გენდირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ უზბეკეთი სამი მიმართულებით იყო საინტერესო.

„პირველი - უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი და მზარდი ქვეყანაა. 33 მლნ არის ქვეყანაში მოსახლეობა; მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ რასაც პენეტრაციას ვეძახით, ანუ საბანკო პროდუქტების შეღწეევადობის დონე არის საკმაოდ დაბალი და ახლა იზრდება და ხდება მისი ძალიან სწრაფი ზრდა; მესამე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უზბეკეთი იმყოფება რეფორმების ძალიან სწორ გზაზე და სიახლეების დანერგვის თვალსაზრისით, ჩვენი საქართველოში დაგროვებული გამოცდილება ძალიან გამოგვადგება და შეგვიძლია გავუზიაროთ უზბეკეთში.

ეს სამი ძირითადი კომპონენტია, რამაც ჩვენი ყურადღება მიიზიდა და შარშანწინ დავიწყეთ უზბეკეთის ბაზრის ანალიზი, შარშან შევიძინეთ Payme და შევიყვანეთ Vendoo და აი, წელს უკვე გადავდივართ აქტიურ საბანკო ოპერაციებზე“, - განაცხადა გიორგი შაგიძემ.