მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისიმ ლონდონის საფონდო ბირჟაზე I კვარტლის შედეგები წარადგინა

5ec571293d162
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.20 22:13
1368
ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილმა უმსხვილესმა ქართულმა ბანკმა TBC PLC-იმ 2020 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგების შესახებ წარადგინა ინფორმაცია.

ბანკის კონსოლიდირებული ანგარიშის მიხედვით, საფინანსო ინსტიტუტი ინარჩუნებს ლიკვიდობის მაღალ მაჩვენებელს და მეტიც, წლიურ ჭრილში მისი ჯამური საპროცენტო შემოსავლები გაზრდილიც არის. თუმცა, COVID-19-ის პანდემიის გამო, ჯგუფის ჯამური ზარალი პირველ კვარტალში 57 მილიონი ლარი იყო. შედარებისთვის, 2019 წლის პირველ კვარტალში ჯგუფის ჯამური მოგება 160 მილიონ ლარს აჭარბებდა.

ფინანსური ანგარიში, COVID-19-ის ეფექტის გამორიცხვით არსებულ მაჩვენებლებსაც შეიცავს. მისი მიხედვით, პანდემიის ეფექტის გარეშე, ბანკის წმინდა მოგებამ 2020 წლის პირველ კვარტალში 152.4 მილიონი ლარი შეადგინა.

ფინანსურ ანგარიშს თან ახლავს ბანკის CEO-ს, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებაც. მისი თქმით, თიბისი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდური სახსრების მყარ მაჩვენებლებს. ბუცხრიკიძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული საზედამხედველო ზომების შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, სებ-მა კონტრ-ციკლური ზომები დანერგა, რაც ბანკებისთვის კაპიტალის მოთხოვნების შერბილებაში გამოიხატა, ამან კი საფინანსო ინსტიტუტებს დამატებითი ფინანსური რესურსები გამოუთავისუფლა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ვახტანგ ბუცხრიკიძე ამახვილებს ყურადღებას, უზბეკეთში თიბისის მიერ საბანკო ლიცენზიის მიღებაა.

“ჩვენი სტრატეგიაა უზბეკეთში ჩამოვაყალიბოთ ახალი თაობის საბანკო ეკოსისტემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და საცალო მომხმარებლებისთვის.

ჩვენ უკვე ინვესტირებული გვაქვს $12.6 მილიონი დოლარი და 2020 წლის ბოლოსთვის დამატებით $9.4 მილიონის ინვესტიციას განვახორციელებთ,”- განაცხადა ბუცხრიკიძემ.