მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#თიბისიშენთვის - რეგიონებში სოციალურად დაუცველი 100 უფროსკლასელი ლეპტოპებს მიიღებს

5e81c309e4801
ინგა მურუსიძე
30.03.20 14:01
627
პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში, თიბისელების ჩართულობით, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 100 უფროსკლასელს ლეპტოპები დაურიგდება.

როგორც bm.ge-ს ბანკის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროგრამისთვის დამამთავრებელი კლასების სოციალურად დაუცველი მოსწავლეები შეირჩნენ, რომელთა ოჯახებიც პერსონალურ კომპიუტერს არ ფლობენ და არ აქვთ წვდომა ინტერნეტ რესურსებზე, რის გამოც მათი სასწავლო პროცესი შეფერხდა.

მათივე განმარტებით, იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სრულფასოვნად შეძლონ დისტანციურად სწავლა, პროექტის ფარგლებში, სასწავლო წლის დასრულების ბოლომდე მათი ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადიც დაიფარება.

„არსებულ რეალობაში ციფრული განათლება ერთდრულად გამოწვევა და ახალი შესაძლებლობა ჩვენი მომავალი თაობისთვის. გვსურს, იმ უფროსკლასელებს, რომელთა ოჯახებსაც კომპიუტერულ ტექნიკასთან და ინტერნეტთან არ აქვთ წვდომა, გავუმარტივოთ ცხოვრება და საშუალება მივცეთ, სასწავლო პროცესში შეუფერხებლად და სრულფასოვნად იყვნენ ჩართულები. თიბისის ბევრი აქტივობა აქვს ამ მიმართულებით დაგეგმილი, რაც ადამიანებს შექმნილი ვითარების გადალახვაში დაეხმარება“, - განაცხადა „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, პროგრამა #თიბისიშენთვის COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა. მისი მიზანია, ვირუსის შედეგებით დაზარალებული ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის ცხოვრების გამარტივება.

„მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: სოციალური დახმარების ინიციატივები, სადაც აქცენტი დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე გაკეთდება; ასევე, თანხა ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესებისთვის საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლადაც გამოიყოფა“, - განმარტავენ ბანკის პრესსამსახურში.