მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძე: საპენსიო დანაზოგების გამოყენების საკითხს კიდევ დავაყენებ

5fbf98e6eceb6
ვიქტორია მღებრიშვილი
26.11.20 21:20
2727
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოქალაქეების მიერ საპენსიო დანაზოგების გამოყენების საკითხი მთავრობას განხილული აქვს, და ეს საკითხი მეორედ აღარ წამოჭრილა.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ BM.GE-ის იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც პანდემიით გამოწვეული კრიზისის გათვალისწინებით, მოქალაქეებისთვის საპენსიო დანაზოგების გატანის უფლების მინიჭებას ეხებოდა.

პანდემიიდან გამომდინარე, როცა მთავრობა 200 თუ 300-ლარიანი კომპენსაციით ეხმარება უმუშევრად დარჩენილებს, პერიოდულად ჩნდება კითხვა - შესაძლოა თუ არა მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგის გატანის უფლება მიეცეს; ბოლო დღეების განმავლობაში BMG-იმ მსგავსი შინაარსის არაერთი წერილი მიიღო - მოქალაქეები დანაზოგების გატანის უფლებას ითხოვენ.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვიმსჯელია, მაგრამ ვთვლით, რომ ეს არის ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი რეფორმა, აქედან გამომდინარე ამ ეტაპისთვის ეს საკითხი განსახილველად მეორედ აღარ დაგვიყენებია, თუმცა საინტერესოა და რადგან ეს მოსახლეობის მოთხოვნაა, ამ საკითხს დავაყენებ და ამ თემაზე ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდის აქტივებმა 1.1 მილიარდ ლარს მიაღწია. საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, ეს თანხა 1 მილიონი მოქალაქის საპენსიო დანაზოგს წარმოადგენს. საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდში აკუმულირებული 1.1 მილიარდი ლარის 70.8% - ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში, 27.8% კი სარგებლიან ანგარიშებში არის განთავსებული.