მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტიკარაძის არგუმენტები სახმელეთო საზღვრის ვერგახსნასთან დაკავშირებით გაოცებას იწვევს” - IBERIA TOURS PLUS

608c29cd1131f
ანუკა ჯოხაძე
30.04.21 20:50
898
“სახმელეთო საზღვრის გახსნის კუთხით ქვეყანაში არაერთი გამოწვევა არსებობს”, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას დეპუტატ მარიამ ქვრივიშვილის ინიციატივას სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით.

მინისტრის განმარტებით, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო არის საშიშროება, რომ სასაზღვრო ზოლში საცობები წარმოიქმნას. ტიკარაძე გამოწვევებს შორის ასახელებს იმასაც, რომ დღემდე არ გვაქვს მკაფიო პასუხი იმაზე, თუ როგორ ვიქცევით თუ ტურისტს ინფექცია უდასტურდება, სახელმწიფო იღებს ამ მოქალაქეს თუ აბრუნებს ქვეყნიდან. მინისტრის განმარტებით, გამოწვევაა კოვიდ-დაზღვევის საკითხიც.

ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული სუბიექტებისთვის ჯანდაცვის მინისტრის არგუმენტები სახმელეთო საზღვრის არ ან ვერ გახსნასთან დაკავშირებით მიუღებელია. როგორც კომპანია IBERIA TOURS PLUS-ის დამფუძნებელი მაია მურჩაშვილი ამბობს, ტიკარაძის მხრიდან გამოწვევად დასახელებული საკითხების მოგვარებას სექტორი ერთი წელია ითხოვს.

“არაერთი შეხვედრა გვქონია, სადაც ვამბობდით და გამოვდიოთ სხვადასხვა ინიციატივით. ვაცნობდით მთავრობას ჩვენს ხედვებს და მათგან ვითხოვდით, რომ როგორც სახელმწიფოს მიეღო შესაბამისი დადგენილება. ის ფაქტი, რომ დღეს დააყენეს საკითხი, რომ თურმე საჭიროა ვიცოდეთ, როგორც ვიქცევით მაშინ, როცა ტურისტს კოვიდ-ინფექცია უდასტურდება, იწვევს რბილად რომ ვთქვათ, გაოცებას, იმიტომ რომ ერთი წელია ტურიზმის სექტორი ამას ვითხოვთ და ამაზე ვსაუბრობთ", - აცხადებს IBERIA TOURS PLUS-ის დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი.

ცნობისთვის, საჰაერო მიმოსვლა ქვეყანაში 2021 წლის 1 თებერვლიდან ოფიციალურად აღდგა, თუმცა ამ დრომდე ჩაკეტილია სახმელეთო საზღვრები, რასაც კერძო სექტორი რამდენიმე თვეა აპროტესტებს.