მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტიკარაძის განცხადება მოულოდნელი და სხვა უწყებებთან შეუთანხმებელი იყო“ - EUGBC

60e5c5c00d8d7
ელენე გოგბერაშვილი
07.07.21 20:50
4747
ფარმაცევტული სექტორის არაერთი თხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო პოზიციას არ ცვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგულაცია არ გადავადდება და 2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ფარმაცევტული პროდუქცია მხოლოდ GMP-ის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად იქნება წარმოებული.

“GMP-ს სტანდარტი არ გადავადდება, ვინაიდან ეს სტანდარტები არის ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შემიძლია მოგაწოდოთ ყველა იმ დაწესებულების დასურათებული ვერსიები, რომლებიც ითხოვენ GMP-სტანდარტის გადავადებას. მე ვთვლი, რომ საქართველოში მსგავსი საწარმოების არსებობა სირცხვილია. დანაშაულია, რომ უფლებას ვაძლევთ და იქ წარმოებული მედიკამენტები იყიდება აფთიაქებში“, - განუცხადა BM.GE-ს ეკატერინე ტიკარაძემ.

აღსანიშნავია, რომ რეგულაციის გადავადებას ფარმაცევტული სექტორი გასული წლიდან ინტენსიურად ითხოვს. მიმართეს პრემიერს, პარლამენტს, ჯანდაცვის სამინისტროს. მათ შორის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მხრიდან საკითხი რამდენჯერმე დაისვა ინვესტორთა საბჭოზეც, თუმცა მთავრობა ჯერ გადაწყვეტილებას არ ცვლის.

ბაზარზე დაახლოებით 70 ფარმაცევტული საწარმოა, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ინფორმაციით, აქედან 10 კომპანია კი უკვე მზადაა მთავრობას ეტაპობრივად ახალ სტანდარტზე გადასვლის გეგმა შეუთანხმოს. EUGBC-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძის დღევანდელი განცხადება სრულიად მოულოდნელი და სხვა უწყებებთან შეუთანხმებელი იყო.

„დაახლოებით 10 კომპანიის მოთხოვნაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შეითანხმოს ახალ სტანდარტზე გადასვლის გეგმა. დასანანია, რომ მინისტრი აჟღერებს იმ პოზიციას, რომელიც არ არის შეთანხმებული სხვა უწყებებთან და ნამდვილად სირცხვილია, რომ ახალი სტანდარტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმპორტირებულ პროდუქციაზე, რომელსაც ბაზრის 90% უკავია.

კომპანიები მზად არიან შეთანხმდეს ახალ სტანდარტზე გადასვლის გეგმები, რათა მათ შეძლონ გააგრძელონ ფუნქციონირება, მათ შორის ექსპორტი არ შეჩერდეს, მითუმეტეს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში არის უკვე მექანიზმები შექმნილი და მსგავსი მუშაობა დაწყებულია. საინვესტიციო გეგმები ამ კომპანიების უკვე მიწოდებული აქვს მთავრობისთვის და ძალიან გასაკვირია მინისტრის განცხადება. ვფიქრობ, მას არ ჰქონდა სწორი ინფორმაცია პროცესების შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ ის მომავალში გაივლის დამატებით კონსულტაციებს, თუნდაც პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან“, - აცხადებს გიორგი კაჭარავა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლა ჯერ კიდევ 2016 წლიდან იგეგმებოდა, თუმცა სისტემის დანერგვა 2018 წლის იანვრამდე გადაიდო, მოგვიანებით კი 2019 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა. შესაბამისად კომპანიებს საკმარისი დრო ჰქონდათ ახალ სტანდარტზე გადასასვლელად მომზადებულიყვნენ, თუმცა დღეს, როცა 6 თვეა დარჩენილი 2022 წლამდე, ძალიან ბევრი კომპანია ამბობს, რომ ამისთვის მზად ისევ არ არის.

როგორი იქნება მთავრობის საბოლოო პოზიცია ჯერ უცნობია. თუ კომპრომისი არ შედგა, კერძო სექტორში ამბობენ, რომ ბაზარს რამდენიმე ათეულობით ფარმაცევტული საწარმო დატოვებს.