მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძის მტკიცებით, ჯანდაცვის სექტორში ჰოლდინგების დაშლა უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციაცაა

619f59ecab370
ვიქტორია მღებრიშვილი
25.11.21 13:45
961
მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრი კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის კვლევის შედეგებს გაეცნო, ირაკლი ღარიბაშვილმა ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების საკითხებზე რამდენჯერმე ისაუბრა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კი ბაზარზე ჰოლდინგური კომპანიების არსებობის ნეგატიურ გავლენაზე გააკეთა განცხადება და თქვა: „კომპანიას აქვს საწარმო, აქვს სააფთიაქო ქსელი, დისტრიბუცია, საავადმყოფოების ქსელი და აქვს სადაზღვეო კომპანია. მთელი წრე არის შეკრული. აქ საერთოდ რომელ კონკურენციაზე შეიძლება საუბარი და ძალიან ბევრი მანკიერი, უკვე პრაქტიკაში დამკვიდრებული სქემები და სისტემები არსებობს, რაც რეალურად, საბოლოო ჯამში, ეტყობა ჩვენს მოქალაქეებს და მათ ჯიბეებს“. პრემიერის განცხადებით, ეს პრაქტიკა უახლოესი თვეების განმავლობაში დარეგულირდება.

აქედან გამომდინარე BM.GE-მ დღეს ჰოლდინგური კომპანიების დაშლის საკითხთან დაკავშირებით შეფასება ჯანდაცვის მინისტრს სთხოვა, რა დროსაც ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა, რომ პრემიერის შეფასებას იზიარებს და ამბობს, რომ უცხოელის ექსპერტების დასკვნებიც სწორედ ჰოლდინგური კომპანიების დაშლას მოიცავს. თუმცა მინისტრი თვლის, რომ რეგულირების ნაწილი მეორე საკითხია, უმთავრეს გამოწვევად კი მედიკამენტების ხარისხს ასახელებს.

„რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს და ხშირად მტკივნეული ნებისმიერი განცხადება, საქართველოში იყო არაერთი უცხოელი ექსპერტთა ჯგუფი, რომლებმაც არამხოლოდ ფარმა ბაზარი არამედ ჯანდაცვის სექტორი შეისწავლა. მათი მხრიდან დადებულ ნებისმიერი დასკვნის პირველივე აბზაცში იკითხება, რომ ეს გახლავთ პრობლემა იმის, რომ საქართველოში პირველ რიგში წამლების ხარისხი რთულად დასადგენია და შემდეგ უკვე ფასი.

ჩემთვის როგორც მინისტრისთვის, ექიმისა და პოტენციური პაციენტისთვის მნიშვნელოვანია ბაზარზე პირველ რიგში ეფექტური, უსაფრთხო და ხარისხიანი მედიკამენტი არსებობდეს და შემდეგ დავიწყოთ ფასთან მიმართებით საუბარი და რეგულირება.

სწორედ ამას ემყარებოდა პრემიერის განცხადება, ვინაიდან უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციაც ჰოლდინგური ჯგუფის დაშლაზე გადის.

ასევე რამდენადაც მახსოვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნაც არის, სადაც იკითხება, რომ ჰოლდინგური ჯგუფები საკმაოდ დიდი პრობლემაა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის: მთავრობის დავალებით, კონკურენციის სააგენტომ, რომელიც ასევე მთავრობის დაქვემდებარებაშია, საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი შეისწავლა. შესწავლის პირველადი შედეგები სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ გუშინ პრემიერს გააცნო, საღამოს კი სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნული დოკუმენტი გამოქვეყნდა.დოკუმენტი შეეხება თავად ფარმაცევტული კომპანიების სტრუქტურას და მათ ორგანიზაციულ მოწყობასაც. სააგენტოს პოზიციით, მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგულირების ქვეშ მოექცეს მედიკამენტების იმპორტიორი/საბითუმო და საცალო მიმწოდებელი ეკონომიკური აგენტების მიერ არაპროფილური საქმიანობების განხორციელება, რაც გამორიცხავს ბაზრის ამგვარი სტრუქტურის შესაძლო უარყოფით შედეგებს მომხმარებელზე და ბაზრის ზოგად კონკურენტუნარიანობაზე.