მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძის უწყება 71 კლინიკაში ჩატარებული 453 ოპერაციის მიზნობრიობას ამოწმებს

5e3d753f16273
ელენე გოგბერაშვილი
07.02.20 18:30
1117
ჯანდაცვის მინისტრმა ორი დღის წინ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას თქვა ის, რაზეც მის წინამორბედს არასდროს უსაუბრია. ეკატერინე ტიკარაძე დისკზე აღბეჭდილი კარდიოლოგიური ჩარევების ანალიზზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ფასები ხელოვნურად იყო გაზრდილი და სამედიცინო მომსახურების რაოდენობები, რომელიც კლინიკების მხრიდან იყო მოთხოვნილი, არ შეესაბამებოდა იმ რაოდენობას, რომელიც განხორციელებული და აღბეჭდილი იყო დისკზე.


იქიდან გამომდინარე, რომ ტიკარაძის ამ განცხადებამ ბევრი კითხვა გააჩინა, დამატებითი განმარტებების მიღების მიზნით ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით.

მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო 71 კლინიკის მიმდინარე შემთხვევებს სწავლობს, სადაც შესაძლოა კანონდარღვევას ჰქონდეს ადგილი.


„სოციალური მომსახურების სააგენტო ამ ეტაპზე სწავლობს 71 კლინიკის მიმდინარე შემთხვევებს. შესწავლილია ივლისი- აგვისტო - სექტემბერი. სულ 453 წემთხვევა. ვგეგმავთ გასული პერიოდის ეტაპობრივად შემოწმებას მიმდინარე ქეისების პარალელურად“-ნათქვამია bm.ge-თვის მოწოდებულ ინფორმაციაში.


ეკატერინე ტიკარაძის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადების შემდეგ ჯანდაცვის კომიტეტმა მინისტრი პარლამენტში დამატებითი განმარტებებისთვის უკვე დაიბარა. როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ხუნდაძემ განგვიცხადა, ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში მომავალ კვირაში ელოდებიან.


განცხადება, რაც ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში გააკეთა:

„520-ე დადგენილება დიდი ხანი არაა, რაც ამოქმედდა. გვაქვს მხოლოდ 2-თვიანი სტატისტიკა იმასთან მიმართებაში თუ რამდენად შეფერხდა სერვისების მიწოდება. თავდაპირველადაც ამ ნოზოლოგიების ამორჩევა არ იყო შემთხვევითი, ვინაიდან მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან სტატისტიკის შედარებით იკვეთებოდა, რომ სწორედ აქ იყო ხელოვნურად გაზრდილი ზოგიერთი მომსახურეობის არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ფასიც. დღესდღეობით დავინახეთ, რომ 4.8%-ით არის შემცირებული მომსახურება ამ მიმართულებით და ამასთან ერთად, ლეტალობის მაჩვენებელი არის შემცირებული 19%-ით; ასევე გართულებები შემცირებულია 30%-ით.

ამის საფუძველი ჩვენ გაგვაჩნდა ჩვენს ბაზაზე დაყრდნობით; მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ამ ტრიბუნიდან იყოს ძალიან მწვავე განცხადება, გავბედავ და მაინც ვიტყვი - კარდიოლოგიური ჩარევები სამინისტროში მოდის დისკზე აღბეჭდილი. ამ დისკების ანალიზის შედეგად, ჩვენ დავინახეთ, რომ გარკვეული რაოდენობები, რომელიც იყო მოთხოვნილი, არ შეესაბამებოდა იმ რაოდენობას, რომელიც განხორციელებული და აღბეჭდილი იყო დისკზე.

აქედან გამომდინარე, ჩვენმა რეგულირების სამსახურმა, რა თქმა უნდა, დაიწყო მუშაობა; ისინი ინტენსიურად მუშაობენ. ამის შედეგებსაც ჩვენ გავასაჯაროებთ და მზად ვართ, მოკვლევის სრულად დასრულების შემდეგ ის თქვენთან წარვადგინოთ და გამოიკვეთება თუ არა აქ დანაშაულები, ეს უკვე ჩვენი უწყების სამსჯელო არაა. ჩვენ შეგვიძლია, ამაზე საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელოთ და ჩავრთოთ შესაბამისი სტრუქტურები“