მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძის უწყება საარსებო შემწეობის მიმღებთა რეკორდულ ზრდაზე განმარტებას აკეთებს

60929a3be0261
ელენე გოგბერაშვილი
05.05.21 20:35
716
საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 83 ათასით გაიზარდა და 2021 წლის მარტში 541,000-ს პირველად გადააჭარბა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობას სულ 151 ათასი ოჯახი იღებს, ამ ოჯახებში მაცხოვრებელთა რაოდენობა კი საქართველოს მოსახლეობის 14.5%-ს შეადგენს. მარტის განმავლობაში სოციალური შემწეობის სახით სულ 30.15 მილიონი ლარი დარიგდა, რაც ერთ ბენეფიციარზე თვეში 56 ლარს შეადგენს.

„საქმის კურსს“ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ასეთ რადიკალურ ზრდასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროდან წერილობითი განმარტება გამოუგზავნეს, სადაც უწყება სტატისტიკის გაუარესების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შემწეობის მიმღებ ოჯახებთან მიმართებაში ადმინისტრირების შეჩერებას ასახელებს.

„პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვრის თვიდან არ ხდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება და უწყვეტად გრძელდება საარსებო შემწეობის გაცემა, მიუხედავად სხვადასხვა წყაროდან მიღებული და/ან აღმოჩენილი დადასტურებული ინფორმაციისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ.

ამასთან, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველაზე მოწყვლადი ოჯახების უკეთ იდენტიფიცირების მიზნით, პანდემიის პირობებში გამარტივდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და საარსებო შემწეობის მიღების უფლების მოპოვების შემთხვევაში დანიშვნის პროცესი ხორციელდება ავტომატურად. შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია ერთი მხრივ, შემწეობის მიმღებ ოჯახებთან მიმართებაში ადმინისტრირების პროცედურების შეჩერებასთან და მეორე მხრივ, ახალი მოწყვლადი ოჯახების იდენტიფიცირების გამარტივებულ წესებთან“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.