მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თითქმის არ დარჩა პრობლემური საკითხი, რაზეც არ შევჯერდით - არჩილ ჩუხრუკიძე ჯანდაცვის კანონპროექტზე

5f1173921e4a2
ვიქტორია მღებრიშვილი
17.07.20 14:44
1302
„თბილისის გულის ცენტრის“ გენერალური დირექტორის არჩილ ჩუხრუკიძის განცხადებით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის ძირითად საკითხებზე ჯანდაცვის უწყება, კლინიკები და პარლამენტის წევრები შეთანხმდნენ.

ჯანდაცვის კომიტეტმა გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით საკანონმდებლო პაკეტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. კანონის პროექტის თანახმად, მაკონტროლებელი ორგანო, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმების პროცესში, უფლებამოსილი იქნება გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის უფლება შეაჩეროს. ამასთანავე, ყველა სამედიცინო დაწესებულებას ვალდებულება ეკისრება მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინოს მასალები, საბუთები, ახსნა-განმარტება და ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც მაკონტროლებელ ორგანოს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად ესაჭიროება. კანონპროექტთა პაკეტის მუხლობრივად განხილვის პროცესში კომიტეტის წევრების და სამედიცინო დარგის წარმომადგენლების მხრიდან რამდენიმე შენიშვნა და რეკომენდაცია გამოითქვა. საკითხები შეეხებოდა როგორც ტექნიკური რეგლამენტის შესრულებას, ასევე სანქციების ნაწილს და საქმიანობის შეჩერების პროცედურებს.

"მინდა, კონსტანტაცია გავაკეთო იმ ფაქტის, რომ დღეს როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე, თითოეული დეპუტატი, მათ შორის ოპოზიციიდან და ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც განწყობილნი იყვნენ კონსტრუქციულად და მადლობა მათ ამისთვის. შეუძლებელია, როდესაც ასეთი დებატები მიდის, რაიმე საკითხი არ დარჩეს ისეთი, რაზეც ერთი ან მეორე მხარე უკმაყოფილო იქნება, მაგრამ ძირითადი ლაიტ-მოტივი სამედიცინო სფეროსი, ჯანდაცვის სამინისტროსი და დეპუტატების, მაქსიმალურად შეჯერდა. რაღაც საკითხები კი დაგვრჩა, რომელზეც სხვანაირი მოთხოვნა და სხვანაირი სურვილი, მაგრამ მთლიანობაში უნდა შევაფასო, რომ იყო პოზიტიური შეხვედრა იმ მხრივ, რომ ყველა საკითხი დეტალურად განვიხილეთ და როგორც დარგი, ისე კლინიკები კმაყოფილნი დარჩნენ; კანონპროექტს კომიტეტზე მეორე მოსმენით, ვფიქრობ, ყველამ მისცა ხმა", - განუცხადა ჟურნალისტებს ჩუხრუკიძემ.

მისივე თქმით, თითქმის არ დარჩა პრობლემური საკითხი, რაზეც აზრთა შეჯერება არ მოხდა.

„სასამართლოს გზით ლიცენზიის გაცემის და შეჩერების საკითხში სახელმწიფომ ჩვენი პოზიცია ნაკლებად გაიზიარა, თუმცა პრონციპულ საკითხებზე  შეთანხმებას მივაღწიეთ. თავდაპირველად, სამინისტროს პოზიცია იყო, რომ სასამართლოს გარეშე განეხორციელებინათ კლინიკების შემოწმება, რაც კანონპროექტის პირველივე მოსმენიდანვე ამოვარდა. შემდგომში ჯარიმების და შეჩერება-დაშვების კუთხით სასამართლოს ნაწილში რაღაც დათმობები იქნა გაკეთებული, ნაწილი - დარჩა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ კონსესუსი მაგას ნიშნავს, რომ რაღაც ნაწილს ჩვენ ვთმობთ, რაღაც ნაწილს სამინისტრო თმობს, რაღაცას დეპუტატები და მთლიანობაში გამოდის პოზიტიური პაციენტისთვის, კლინიკისთვის და დარგისთვის“, - განმარტა ჩუხრუკიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კლინიკების დაჯარიმების ნაწილი პრობლემური ნაკლებად გახდა, რადგან კერძო სექტორმა შეძლო დაერწმუნებინა უწყება, რომ ჯარიმებზე ქვედა ზღვარი არ დაფიქსირებულიყო. „სულ რამდენიმე არალიცენზირებულ საქმიანობაზე დარჩა ქვედა ზღვარი, დანარჩენზე მოიხსნა", - უთხრა ჟურნალისტებს „თბილისის გულის ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა.

რაც შეეხება კლინიკებისთვის საქმიანობის შეჩერების უფლებას, არჩილ ჩუხრუკიძის თქმითვე, მარეგულირებელს ამის დისკრეცია კი ექნება, თუმცა შემდგომში გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა დაუდასტუროს.

"ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე კი, სამუშაო კიდევ გვაქვს, რაზეც შეთანხმებული ვართ სამინისტროსთან, რომ მოვნიშნოთ ის დეტალები, რომლის დარღვევა გამოიწვევს უშუალოდ კლინიკის ფუნქციონირების შეჩერებას“, - განაცხადა ჩუხრუკიძემ.