მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ბიზნეს მოვლენა - თებერვალი, 2020 წელი

5e5fb37aea20d
ირაკლი მაკალათია
04.03.20 20:00
2642
1. Forbes Georgia-ს ყოველწლიური დაჯილდოება
2. გალტ & თაგარტი - „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“
3. 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებლები - JTI Caucasus; ფილიპ მორის საქართველო და PepsiCo
4. ,,თიბისი ბანკის’’ წლიური ანგარიში
5. ევროპის ბაზარზე ქართული კომპანიების ექსპორტის სირთულეები და გამოწვევები
6. „მეამას“ ინოვაციური ყავის ისტორია
7. ყვარელში კომპანია 7S ახალ „ღვინის სოფელს“ აშენებს
8. „შუხმან ჯგუფის“ კოსმეტიკური ხაზი
9. Georgia Capital-ი 1.3 მილიონად თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორნების ქსელის 50%-იანი მეწილე გახდა
10. კორონა ვირუსის ეკონომიკური გავლენა - ტურიზმის სფეროს ზარალი და სასტუმროების კრიზისი




1. Forbes Georgia-ს ყოველწლიური დაჯილდოება და AMCHAM-ის წევრობა

7 თებერვალს, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში, Forbes Georgia-ს ყოველწლიური დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიების წამყვანი Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორი გიორგი ისაკაძე იყო. Forbes Georgia ჯილდოებს გადასცემს მათ, ვინც გამორჩეულად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნესში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჯილდოები გადაეცათ შემდეგ ნომინაციებში:
• ღონისძიების დასაწყისში Forbes Georgia-ის 2019 წლის 30 Under 30-ის სიის წარდგენა მოხდა. ასევე, დაანონსდა ფორბსის 30-წლამდელთა ლიდერების სამიტის ჩატარება.
• Forbes Georgia-მ Forbes Woman-ის ჯილდოს გადაცემის უფლება Forbes Woman Georgia-ის გუნდს გადაულოცა და სცენაზე ქეთა ლომიძე და მარიამ სპარსიაშვილი მოიწვია;
• “Forbes Georgia” ინტეგრირდა თიბისი სტარტაპერის დაჯილდოებაში და მომავალი წლიდან Forbes Startup-ის ჯილდოს თიბისისთან ერთად გადასცემს;
• Forbes Property 2019-ის ნომინაციაში გამარჯვებულად კომპანია Domson’s Engineering & Construction-ი და დასახელდა, ჯილდო კი, მის აღმასრულებელ დირექტორს სოსო ბერიძეს გადაეცა;
• Forbes Entrepreneur 2019-ის ჯილდოს წარდგენისას გიორგი ისაკაძემ განაცხადა, რომ “ბიზნესი არ უნდა იყოს უმადური” და სცენაზე მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუხმო. ეს ჯილდო 2019 წელს ბიზნესიდან წასულ ამ ორ ადამიანს გადაეცა;
• Forbes Social Impact 2019-ის ჯილდო “ფორბსმა” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს გადასცა.
Forbes Georgia-ის ყოველწლიურ დაჯილდოებას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა.

გამომცემლობა Forbes Georgia საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) კორპორატიული A წევრი გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება 2020 წლის 11 თებერვალს Amcham დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მიიღეს. „ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან ერთად მუშაობას მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენი ერთობლივი მიზნების განხორციელებისთვის, რაც საქართველოში ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების მიზნით ბიზნესების წარმოჩენაა“, - ნათქვამია ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორის ჯორჯ ველტონის წერილში Forbes Georgia-ს გამომცემლის და მთავარი რედაქტორის სახელზე.
ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/38ePg8T  ; https://bit.ly/38kavVU  

2. Galt & Taggart - „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“

Galt & Taggart-ი Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ,,გალტ&თაგარტმა’’ აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეექვსედ აიღო.
Global Finance-ის მთავარი რედაქტორის ჯოზეფ დ. ჯიარაფუტოს განცხადებით - "საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს",
Global Finance არის ყოველთვიური საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი, რომელიც 1987 წელს ჯოზეფ გიარაფუტომ და კარლ ბურგენმა დააფუძნა. ჟურნალს აქვს 50 050-იანი ტირაჟი, მსოფლიოს 163 ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები მდებარეობს: ნიუ იორკში, ლონდონსა და მილანში. ყოველწლიურად Global Finance ირჩევს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ მიერ გადაცემული ჯილდოები კი აღიარებულ და სანდო სტანდარტებად იქცა.
,,გალტ & თაგარტი’’-ს ძირითად მიმართულებებია: საინვესტიციო ბანკი, აქტივების მენეჯმენტი, ქონების მართვა, საბროკერო და კვლევითი საქმიანობა. ის არის საინვესტიციო კვლევის პიონერი საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სექტორის ფართო მასშტაბიან გაშუქებას და სიღრმისეულ ანალიზს. იკვლევს ენერგეტიკის, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის, ღვინისა და ტურიზმის სექტორებს. ასევე მის კვლევის სფეროშია საქართველოს რკინიგზის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციები.
ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2VDIrKH  

3. 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებლები - JTI Caucasus; ფილიპ მორის საქართველო და PepsiCo

მსოფლიოს ავტორიტეტული კომპანია Top Employers Institute-მა შეიმუშავა სასერთიფიკატო პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს შეაფასონ და გააუმჯობესონ მათი სამუშაო გარემო. 25 წელზე მეტი ხნის წინ დაარსებულმა დამსაქმებელთა უმაღლესმა ინსტიტუტმა 119 ქვეყანაში 1 600-ზე მეტ ორგანიზაციის სერთიფიცირება მოახდინა.

JTI (Japan Tobacco International) Caucasus - იაპონიის თამბაქოს საერთაშორისო კომპანია კავკასიაში, რომელიც ყიდის მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს 130-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც აქვთ 400 ოფისი, 27 ქარხანა, 5 კვლევისა და განვითარების ცენტრი და 5 თამბაქოს გადამამუშავებელი ობიექტი. კომპანიამ საქართველოში ბიზნესი 2000 წელს დაიწყო, 2011 წელს კი, ოფისი გახსნა თბილისში, რომელიც არის რეგიონის ჰაბი და ემსახურება საქართველს, აზაერბაიჯანსა და სომხეთს. კომპანია აფასებს სამეწარმეო უნარ-ჩვევებს, ორიენტირებულნი არიან ინოვაციებსა და ახალ იდეებზე. როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს - ,,ჩვენ ერთად ვქმნით კულტურას, სადაც ყველას შუძლია გაიბრწყინოს’’.

Top Employers Institute-ის მიერ სერტიფიკატები გადაეცა შემდეგ ნომინაციებში: 2020 წლის მსოფლიოს, ევროპისა და აზიის ტოპ დამსაქმებელი; 2020 წლის საქართველოს ტოპ დამსაქმებელი.

ფილიპ მორის საქართველო - მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო თამბაქოს კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ყიდის წამყვანი ბრენდების სიგარეტებსა და თამბაქოს ნაწარმს. ასევე მწეველებისათვის შემცირებული რისკის მქონე პროდუქტებს (RRP). შპს ,,Philip Morris Georgia’’ არის ,,Philip Morris International Inc.’’-ის შვილობილი კომპანია საქართველოში, რომელიც ასაქმებს 60-ზე მეტ ადამიანს ფინანსების, ადმინისტრაციის, მარკეტინგის, გაყიდვების, კომერციული დაგეგმვისა და საგარეო საქმეთა განყოფილებებში. Top Employers Institute მის კვლევაში შემდეგნაირად აფასებს კომპანიას. შპს ფილიპ მორის ჯორჯია უზრუნველყოფს თანამშრომლების სათანადო შრომის პირობებს, ანვითარებს თანამშრომელთა ნიჭს ყველა ორგანიზაციულ დონეზე, ყოველთვის ცდილობს, გააკეთოს ოპტიმიზაცია დასაქმებულთა სამუშაო პრაქტიკასა და თანამშრომლების განვითარებაში.
Top Employers Institute-ის მიერ სერთიფიკატები გადაეცა შემდეგ ნომინაციებში: 2020 წლის მსოფლიოსა და ევროპის ტოპ დამსაქმებელი; 2020 წლის საქართველოს ტოპ დამსაქმებელი.

PepsiCo CIS - PepsiCo არის უმსხვილესი საერთაშორისო კომპანია, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია 4 სასაქონლო კატეგორიით: სნეკები, წვენები, გაზიანი სასმელები და რძის პროდუქტები. მისი პროდუქტები იყიდება 200-ზე მეტ ქვეყანაში და მორგებულია ადგილობრივი მომხმარებლების გემოვნებასა და ბიუჯეტზე. კომპანიის ყველაზე ცნობილი ბრენდებია: პეპსი, ლეისი, დორიტოსი, ფრიტოსი, აქუაფინა და სხვ. საქართველოში კომპანიას აქვს რძის ქარხანა, ის ექსკლუზიურ ლიცენზიას ფლობს ბავშვთა საკვებ რძის ნაწარმზე. საქართველოში დაარსდა 2008 წელს და ამჟამად მუშაობს 300-მდე თანამშრომელი.

Top Employers Institute-ის მიერ სერთიფიკატები გადაეცა შემდეგ ნომინაციებში: 2020 წლის ევროპის ტოპ დამსაქმებელი; 2020 წლის საქართველოს ტოპ დამსაქმებელი.
ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2PJQ6Dw  ; https://bit.ly/2PHPAWp  

4. ,,თიბისი ბანკის’’ წლიური ანგარიში

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის გასული წლის მიღწევები და შედეგები წარადგინა, ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე.

2019 წლის ფინანსური მაჩვენებლები - ამ მიმართულებით თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში. 2018 წელთან შედარებით ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა და ბაზრის 39.5% შეადგინა, დეპოზიტების საბაზრო წილმა კი - 39.0%. ბიზნესების დაკრედიტება კორპორატიულ სექტორიში 47%-ით, MSME მიმართულებით კი 18%-ით გაიზარდა.

ლიდერი საცალო სეგმენტში - თიბისი 2.5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.

თიბისი საზღვრებს გარეთ - 2019 წელს თიბისიმ დაიწყო საერთაშორისო ბაზრების გაფართოება, მან უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, საბოლოო ლიცენზიის მოპოვება და საბანკო ოპერაციები დაწყება კი 2020 წლის ზაფხულიდან იგეგმება. პარალელურად, თიბისი აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესს. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ მომხმარებელს ემსახურება.

ინოვაცია - თიბისის ციფრული ბანკის სფეისის მომსახურება უახლოეს მომავალში გერმანიაში შევა.
2019 წელს მოპოვებული ჯილდოები - საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა, ხოლო თიბისის მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში.

თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 1.5 მილიარდი ლარი (531 მლნ დოლარი) შეადგინა.
ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2uMz4x6  ; https://bit.ly/2TCj9d4  

5. ევროპის ბაზარზე ქართული კომპანიების ექსპორტის სირთულეები და გამოწვევები

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA)
ორგანიზებით, გაიმართა საჯარო-კერძო დიალოგი - „ევროპის ბაზარზე ექსპორტისას არსებული სირთულეები ქართული კომპანიებისთვის“. EBA-ის შიდა გამოკითხვების შედეგად გამოვლინდა, რომ წევრი კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ან სურთ განახორციელონ ევროპის ბაზარზე ექსპორტი, რიგი სირთულეების წინაშე დგანან, როგორიცაა: პროდუქტის ხარისხი, მინიმალური უსაფრთხოების მოთხოვნები, მოცულობა, ლოგისტიკა, კვალიფიციური კადრები, საბაჟო პროცედურები და სხვა.

ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანი კვარაცხელიამ "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა ევროკავშირში ექსპორტის ძირითად გამოწვევებზე, სადაც აღნიშნა, რომ პრობლემებია შეფუთვის სტანდარტების დაკმაყოფილებისა და ლოგისტიკური მიმართულებით. ევროკავშირი გვიწესებს მკაცრ მოთხოვნებს და ითხოვს მაღალი ხარისხის პროდუქციას. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს პოტენციალი, ვერ ვიყენებთ მას და ხშირ შემთხვევაში ევროკავშირის ელემენტარულ სტანდარტებსაც ვერ ვაკმაყოფილებთ.

საექსპორტო განვითარებით ყურადღებას იპყრობს ქართული მინერალური წყალი „კობი“, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე პირველი ექსპორტისთვის ემზადება, პირველ ევროპული ბაზარი კი ლიეტუვა იქნება, სადაც პირველ ჯერზე 150 000-მდე ბოთლის შეტანა იგეგმება. კომპანია წყლის შეტანას ნიგერიაშიც გეგმავდა, თუმცა „კობის" სახელწოდებით სასაქონლო ნიშანი უკვე დარეგისტრირებული დახვდათ და აღნიშნულ საკითხის მოგვარება მიმდინარეობს. ანალოგიური პრობლემა კომპანიას შეექმნა ჩინეთშიც. როგორც ირკვევა, პირები, რომლებიც სასაქონლო ნიშანს სხვადასხვა ქვეყანაში არეგისტრირებენ შემდეგ მეწარმეებისგან კონკრეტულ თანხას ითხოვენ სახელის დათმობის სანაცვლოდ. მიუხედავად ამისა „კობი" ფართოდ არის წარმოდგენილი საექსპორტო ბაზრებზე: უკრაინა, ბელორუსი, ჩინეთი, აშშ, რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და გაერთიანებული ემირატები.

ეთერზეთების საწარმო “აგრო არომა” ზაფხულში ეთერზეთებს საფრანგეთსა და გერმანიაში ექსპორტზე გაიტანს, ამ ეტაპზე კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით 500 კილოგრამ ეთერზეთს ამზადებს, დღეს “აგრო არომა” პროდუქტს სხვადასხვა საეკლესიო მაღაზიაში ყიდის, სადაც 1კილოგრამი ეთერზეთის ფასი 100 ლარია.

ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის მწარმოებელი კომპანია „ჯორჯიან პროდაქტი“ რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე 109 დასახელების პროდუქტით გადის; მიმდინარე წლიდან კი, იგივე ასორტიმენტით ექსპორტზე აშშ-შიც გავა. კომპანიის დამფუძნებლის დავით ბარდაველიძის თქმით 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებში 14 მლნ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2Tj5VDm  ; https://bit.ly/38gkNqk  ; https://bit.ly/39pIiPa ; https://bit.ly/2uOylvn  

6. „მეამას“ ინოვაციური ყავის ისტორია

საქართველოში პირველი კაფსულირებული ყავის მწარმოებელი კომპანია ,,მეამა’’-მ ყავის ქარხნის მშენებლობისთვის და მისი თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვისთვის 100 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„მეამა“ ერთადერთი საწარმოა მსოფლიოში, რომელიც ერთდროულად აწარმოებს ამერიკანოსა და ესპრესოს ყავის ფორმატის კაფსულებს. საწარმოში ასევე მზადდება წმინდად დაფქვილი ყავა, რომელიც გემოს სრულად შენარჩუნების მიზნით, ინდივიდუალურ შეფუთვაშია მოთავსებული. კომპანიის წარმოებული ყავის შეძენა აპლიკაციის საშუალებით არის შესაძელებელი, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პროდუქცია ორ ჯგუფად არის დაყოფილი: კაფსულების მიმართულება და წმინდად დაფქვილი ყავა. ,,მეამა’’ აწარმოებს ყავის 15 სხვადასხვა ნაზავს, მათ შორის – 2 უკოფეინოს. კომპანიის ტექნოლოგების მიერ შექმნილი ინდივიდუალური რეცეპტები „მეამას“ ინტელექტუალური საკუთრებაა“. გარდა ონლაინ გაყიდვებისა კომპანიას ბრენდირებული კუნძულები აქვს განთავსებული "სითი მოლში" და "თბილისი მოლში".

რაც შეეხება ქარხნის უნიკალურ დიზაინს. „მეამას“ ქარხნის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. ქართული არქიტექტურულ კომპანია Khmaladze Architects-ის დიზაინით აშენებული ქარხანა, 2019 წელს ArchDaily & Strelka Award-ის გრან პრის მფლობელი გახდა. ყავის ქარხნის არქიტექტურა საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე დასახელდა, როგორც ინოვაციური და ევროპული სტანდარტის ნაგებობა. ქარხანა 30 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.
ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2TByjj3  

7. ყვარელში კომპანია 7S ახალ „ღვინის სოფელს“ აშენებს

ყვარლის მუნიციპალიტეტში კომპანია 7S ახალ „ღვინის სოფელს“ აშენებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 3.5 მლნ დოლარს შეადგენს. კომპანიის 7S-ის თანადამფუძნებელმა გიორგი ბეგაძის ინფორმაციით ,,ღვინის სოფელი’’ იქნება ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული და ეთნოელემენტებით გაჯერებული. პროექტის კონცეფცია მდგომარეობს შემდეგში, შეიქმნას თანამედროვე არქიტექტურისა და ტრადიციული, ეთნო კომპონენტების ნაზავი.პროექტის მნიშვნელოვანი დანიშნულება კი ტურიზმის განვითარება იქნება.

„ღვინის სოფელი“ 5 ჰექტარზე გაშენდება და 50 სახლს გააერთიანებს. თითოეულ სახლს ექნება 400-500 კვ.მ. ფართობის საკუთარი ვენახი, ხოლო ერთი სახლის მთლიანი მიწის ფართი 900-დან 1200 მ2-მდე იქნება. ზოგიერთ სახლს ექნება მარანი, ზოგს მხოლოდ - ღვინის შესანახი.

კოტეჯის მყიდველს დასასვენებლი აგარაკის გარდა, შეუძლია მისი ბიზნესად გამოყენება, ვინაიდან მარტივად შეძებს airbnb-ზე, booking-ზე განთავსებით მის გაქირავებას.

მას შემდეგ, პროექტი სრულად დასრულდება და ყველა სახლს თავისი მესაკუთრე ეყოლება, სოფლისთვის შექმნილი მენეჯმენტ კომპანია სოფელს ყველა საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფს: ვენახისა მოვლა, დაცვის უზრუნველყოფა, გაქირავების დროს სტუმრების მიღება-გაშვება, ქონების მოვლა-დასუფთავება და ა.შ. რისთვისაც შეიქმნება დამატებით 20-25 სამუშაო ადგილი, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან
ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2Ib0r75  

8. „შუხმან ჯგუფის“ კოსმეტიკური ხაზი

“შუხმან ჯგუფმა” საკუთარი წარმოების ღვინის კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა. ექსკლუზიური პროდუქტი გასულ წელს შეიქმნა და მის მიმართ ინტერესიც დიდია. პროდუქტი წარმოადგენს ყურძნის წიპწისგან დამზადებულ კოსმეტიკურ ზეთსა და "სკრაბს". რთველის დროს კანისგან გამოცალკევებული წიპწებს მზეზე აშრობენ, რაც აჯერებს მას სასარგებლო ვიტამინებით და კომპონენტებით, რომელიც კანს აახალგაზრდავებს და გაწმენდის პროცესი კანზე დადებითად მოქმედებს.

კოსმეტიკური პროდუქტის შეძენა თელავის რაიონის სოფელ კისის ხევში მდებარე „შუხმან ვაინს შატო ენდ სპაში“ არის შესაძლებელი. მომხმარებლებს შატოში არა მხოლოდ კოსმეტიკური ხაზის შეძენა, არამედ მათი გამოყენებით სპა პროცედურების ჩატარებაც შეუძლიათ. კომპანიას აქვს სამნაირი აბაზანა: კაბერნე სოვინიონის, საფერავისა და მუკუზანის აბაზანები. მასაჟები, ანუ ღვინის თერაპია კი ხორციელდება კომპანიის მიერ შემუშავებული ღვინის კოსმეტიკური ხაზით.

“შუხმან ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორის ნუცა აბრამიშვილის თქმით, გასტრონომიული და კოსმეტიკური ზეთების, ასევე სკრაბის საწარმოებლად დაახლოებით 300 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია წელიწადში გამოუშვებს 10 000 ბოთლ კოსმეტიკურ ზეთს და 2 000 კგ სკრაბს. 300 გრამი "სკრაბის" ღირებულება დაახლოებით 25 ლარია, ხოლო 60 მლ ზეთის ღირებულება 45ლარ
ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/3aibtUb  

9. Georgia Capital-ი 1.3 მილიონად თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორნების ქსელის 50%-იანი მეწილე გახდა

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგი ,,საქართველოს კაპიტალი" ცნობილი შეფ-მზარეულის თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორნების პარტნიორი გახდა. "საქართველოს კაპიტალმა" თეკუნა გაჩეჩილაძის 4 რესტორნის 50%-იანი წილი შეიძინა, გარიგების ღირებულებამ 1.3 მილიონი ლარი შეადგინა.

,,საქართველოს კაპიტალი’’ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული ჰოლდინგური კომპანიაა, რომელიც საქართველოში ეკონომიკის მზარდ და განვითარებად სექტორებში ინვესტიციებს ახორციელებს. საქართველოს კაპიტალის დივერსიფიცირებულ პორტფელში სხვა წარმატებულ ბიზნესებთან ერთად შედის ისეთი კომპანიები, როგორიცაა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, მ2 (m2 real estate), თელიანი ველი, ალდაგი.
ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/3crrl8D  

10. კორონავირუსის ეკონომიკური გავლენა - ტურიზმის სფეროს ზარალი და სასტუმროების კრიზისი

ტუროპერატორ TRIP TRAVEL-ის წარმომადგენლის, თინა ახობაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ფოსრმაჟორის გამო მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნებში ჯავშნებს აუქმებენ და უკვე შეძენილი ტურების თანხების უკან დაბრუნებას ითხოვენ. მისი თქმით ტუროპერატორები რთულ მდგომარეობაში არიან და დახმარებისთვის ტურიზმის ადმინისტრაციას მიმართავენ.

ავიაკომპანია Wizz Air-ი კორონავირუსის მომატებული რისკის გამო, მარტის თვეში იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირე შეამცირა. Ryanair კი მილანის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს, ბოლონიის მიმართულებით კი ფრენებს დროებთ წყვეტს. ნათია თურნავას განცხადებით ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით ტურიზმი თვეში სულ მცირე, 30 მილიონის ზარალს განიცდის.

მძიმე მდგომარეობაშია სასტუმროების ბიზნესი - სასტუმრო "გალერი პალასის" გენერალური მენეჯერის თამარ სიხარულიძის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა ისედაც შემცირებული იყო, თუმცა ვირუსის გავრცელების შემდგომ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და სასტუმროში თითქმის ყველა ჯავშანი გაუქმდა. 6 სასტუმროს მენეჯერის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, სასტუმროებში ჯავშნები ყოველდღიურად უქმდება და ჯავშნებში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ. მარტის დატვირთულობის კოეფიციენტი იყო 54%, ახლა კი - 4%-ია. ბაკურიანს და გუდაურში ვიზიტორების რიცხვი შემცირებულია, თუმცა შიდა ტურისტები უფრო ისვენებენ და იქ კლება არც ისე კატასტროფულია. ჰოტელიერები კი შეხვედრას გეგმავენ, რომ შოკური მდგომარეობიდან გამოსავალი მოძებნონ.
ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3aiHLye ; https://bit.ly/2wnrZn9