მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP 10 ეკონომიკური მოვლენა (21 - 26 დეკემბერი, 2020)

5fe8a8d3e2b5b
ირაკლი მაკალათია
27.12.20 19:35
1568
ისევ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით და ისევ თითქმის უცვლელი მინისტრთა კაბინეტით, ჯერჯერობით, ერთპარტიულმა პარლამენტმა საქართველოს მთავრობა და შესაბამისად, სამთავრობო პროგრამა - "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" დაამტკიცა ( https://bit.ly/3aIPCsn ) დოკუმენტი 47-გვერდიანია და მოიცავს როგორც სამთავრობო ხედვებს, ისე საგარეო პოლიტიკის, ადამიანის უფლებების დაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ მიმართულებებს. დოკუმენტი ზოგად მიმოხილვებსა და მიზნებს ასახავს, ხოლო თუ როგორ განხორცილდება ის პრაქტიკაში ეფექტიანად, ამას მომდევნო წლები გვიჩვენებს.

გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი გახარიას სამთავრობო გუნდი, ფაქტობრივად, არ განუახლებია და მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი სახეა - იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე, გასულ კვირას ყველაზე მეტ ინტერესს იწვევდა ის, შემსუბუქდებოდა თუ არა ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები და თუ - კი, რა დოზით. მთავრობამ ეპიდემიოლოგებთან მსჯელობის და ბიზნესთან არაერთი საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ გვამცნო, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით, შეზღუდვებს ნაწილობრივ ამსუბუქებდა სავაჭრო ცენტრები გაიხსნა, ბაზრობები - არა; არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. (სრულად იხილეთ: https://bit.ly/34MM5FX ).

რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს, რომელსაც გასულ კვირას ჰქონდა ადგილი - TOP 10 ეკონომიკური მოვლენა (21 - 26 დეკემბერი, 2020)

1. 2020 წელს პრივატიზაციიდან მთავრობამ 124 მლნ ლარის მობილიზება შეძლო;
2. IMF-თან შეთანხმებით, საპარტნიორო ფონდი ახალ ვალდებულებებს აღარ აიღებს;
3. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) გადაწყვეტილებით “დაკარგული ანაბრები” სახელმწიფო ვალის სტატუსით აღარ განიხილება;
4. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო პასუხისმგებლობის დაზღვევას ყიდულობს;
5. მთავრობა ახალ საგადასახადო შეღავათებს აღარ გამოაცხადებს, ხოლო მოქმედ შეღავათებს ეტაპობრივად გააუქმებს;
6. დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა;
7. თბილისის მერიამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების დასახმარებლად, ეკონომიკური პაკეტი შეიმუშავა;
8. 2020 წლის ნოემბერში ქართული კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 84.5 მილიონი ლარი შეადგინა;
9. სესხის სუბსიდირების პროგრამით 1 554-მა უნიკალურმა ბიზნესუბიექტმა ისარგებლა;
10. IMF მთავრობის მიერ 2020 წლის ბიუჯეტის ათვისებას აფასებს.


1. 2020 წელს პრივატიზაციიდან მთავრობამ 124 მლნ ლარის მობილიზება შეძლო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წელს მიუხედავად პანდემიის პერიოდში შემცირებული ბიზნესაქტივობისა, პრივატიზებიდან სახელმწიფომ 124 მლნ ლარის მობილიზება შეძლო. ამავე დროს, მან წარმატებულად შეაფასა პროექტი - „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომელიც მთავრობამ 2019 წლიდან დაიწყო. უკვე წლებია ტენდენციად ჩამოყალიბდა, რომ პრივატიზებიდან მიღებული შემოსავლები ბიუჯეტის 1%-მდე შეადგენს ანუ პრივატიზებიდან მიღებული შემოსავლებით ბიუჯეტის შევსების ეფექტი მინიმალურია, მაშინ როდესაც ეკონომიკური აქტივების (სასოფლო-სამეურნეო მიწების 60%-ზე მეტი; სასარგებლო წიაღისეულის 100%; ტყის ფონდის 100%; ათასობით შენობა ნაგებობები და ასეულობით სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც წაგებაზე მუშაობენ და ბიუჯეტიდან ფინანსდებიან) უდიდესი წილის მფლობელი ჯერ კიდევ სახელმწიფოა. რას იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული აქტივები სახელმწიფოს ბალანსზე დევს, მათი ღირებულება განულებულია და მათ მოვლა-პატრონობაზე მილიონები იხარჯება. ეს მილიარდობით ღირებულების ქონება არ არის ჩართული ეკონომიკაში, არ აწარმოებს პროდუქციას, არ ასაქმებს ადამიანებს, არ ზრდის ეკონომიკას და კორუფციის წყაროდ არის გადაქცეული. მაშინ როცა, სხვა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების ეკონომიკა კერძო საკუთრებაზე დგას.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3hm7Gdb  

2. IMF-თან შეთანხმებით, საპარტნიორო ფონდი ახალი ვალდებულებებს აღარ აიღებს

საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული პროგრამის ფარგლებში “საპარტნიორო ფონდი” მხოლოდ მიმდინარე პროექტების დაფინანსებას შეძლებს, ხოლო ახალ პროექტებში არ ჩაერთვება და შესაბამისად, ახალ ვალდებულებებსაც აღარ აიღებს. როგორც ცნობილია, IMF საქართველოს სახელმწიფო საწარმოების სტრუქტურული ცვლილებებისკენ მოუწოდებს. სსფ-ის რეკომენდაციებით, უნდა გაიზარდოს ორგანიზაციების ეფექტიანობა, რითაც უნდა მოხდეს კომპანიების მხრიდან სამომავლო ფისკალური წნეხის შემცირება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3mTALxE  

3. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) გადაწყვეტილებით, “დაკარგული ანაბრები” სახელმწიფო ვალის სტატუსით აღარ განიხილება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) გადაწყვეტილებით - ,,საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში “დაკარგული ანაბრები” სახელმწიფო ვალის სტატუსით აღარ განიხილება.’’ ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, დაკარგული ანაბრები შიდა ვალის ნაწილს შეადგენს და მას "ისტორიული ვალი ეწოდება". დაუზუსტებელი მონაცემებით, აღნიშნული ვალი 672 მილიონ ლარს შეადგენს. ცხადია, ვალის ამ მოცულობით ამოღება შეამცირებს სახელმწიფო ვალის საერთო მოცულობას. შესაბამისად, თუ აქამდე IMF-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60.2% იქნებოდა, განახლებული მაჩვენებლით სახელმწიფო ვალი მშპ-ის 59.1% იქნება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3hxkzBv ; https://bit.ly/37NHHZ4  

4. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო პასუხისმგებლობის დაზღვევას ყიდულობს

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრების პასუხისმგებლობის დაზღვევას ყიდულობს, რისთვისაც ტენდერი 4 დეკემბერს გამოაცხადეს, მომსახურების ღირებულება კი 230 ათას ლარს შეადგენდა. ტენდერი უკვე დასრულდა და ერთადერთი განაცხადი სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგს’’ ეკუთვნის, რომელიც 4 წევრის პასუხისმგებლობის დაზღვევას საპენსიო სააგენტოს 217 ათას ლარად სთავაზობს.

სადაზღვევო კომპანია დაზღვეულ პირებს (საინვესტიციო საბჭოს წევრებს) აუნაზღაურებს ზარალს, რომლისთვისაც დაზღვეული პირი პასუხისმგებელია ამა თუ იმ არამართლზომიერი ქმედების გამო. ამისთვის გადასახადის გადამხდელებმა ყოველწლიურად 200 ათასზე მეტი ლარი უნდა გადაიხადონ. საპენსიო სააგენტომ ასევე სპეციალიზირებული დეპოზიტარის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, სადაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ საუკეთესო განაცხადად “საქართველოს ბანკის” მიერ წარდგენილი შეთავაზება დაასახელა’’ და ახლა ხელშეკრულების პირობებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3aOTJmP ; https://bit.ly/34HsneD ; https://bit.ly/2L25uLG 
 
5. მთავრობა ახალ საგადასახადო შეღავათებს აღარ გამოაცხადებს, ხოლო მოქმედ შეღავათებს ეტაპობრივად გააუქმებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი საგადასახადო შეღავათები აღარ გამოცხადდება, ხოლო ძველი შეღავათები კი, გადაიხედება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ მოქმედი საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა დაბალია. საგადასახადო შეღავათების ალტერნატივად კი მოქალაქეები პირდაპირ სუბსიდირებას განიხილავენ. ასევე, პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შეიძლება დაკორექტირდეს ან საერთოდ გაუქმდეს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის "საგადასახადო შეთანხმების მანკიერი პრაქტიკა". თუ რომელი საგადასახადო შეღავათების ეტაპობრივ გაუქმებას გეგმავს ფინანსთა სამინისტრო, ამაზე მეტი დეტალის გარკვევას BMG-ის გუნდი ცდილობს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ruQruU ; https://bit.ly/3hpxuoL ; https://bit.ly/2WKrGN8  

6. დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დედაქალაქის საკრებულომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი 1.1 მლრდ ლარი იქნება. ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ 350 მლნ ლარი მიმართული იქნება ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამაზე. აქედან, 60 მლნ კონკრეტულად საბინაო პროგრამების მიმართულებით დაიხარჯება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასაწევ ხარჯებს, ის, დაახლოებით, 425 მლნ ლარი იქნება. თბილისის მერმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს პროექტი აუცილებლად განხორციელდება, რაზეც 7.4 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/37RubDJ ; https://bit.ly/3mRq138 ; https://bit.ly/2KvgRw8  

7. თბილისის მერიამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების დასახმარებლად ეკონომიკური პაკეტი შეიმუშავა

თბილისის მერიამ ეკონომიკური პაკეტი შეიმუშავა, რომელიც ბიზნესის სექტორის დახმარებისათვის იქნება მიმართული. კონკრეტულ პაკეტს ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მოამზადებს. შეღავათები შეეხებათ იმ ეკონომიკურ სუბიექტებს, რომლებსაც მერიის საკუთრებაში არსებული საწარმოებისგან იჯარით აქვთ აღებული ფართები და სხვადასხვა სახის უძრავი ქონება. შეღავათი კვების ობიექტებსაც შეეხებათ და მათთვის დასუფთავების მოსაკრებელი თითქმის რვაჯერ შეუმცირდებათ, რაც საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის ტოლია.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2WNkiAF  

8. 2020 წლის ნოემბერში ქართული კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 84.5 მილიონი ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში ქართული კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 84.5 მილიონი ლარი შეადგინა. იანვარ-ნოემბერში კი ჯამში 1.5 მილიონ ლარიანი ზარალი ჰქონდა, რისი გამომწვევი მიზეზიც ბანკების მიერ მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის აკუმულირება იყო. პანდემიის პერიოდშიც კომერციული ბანკების ზარალს სწორედ ეს გარემოება განსაზღვრავდა. რაც შეეხება საოპერაციო საქმიანობის სტატისტიკა, 2020 წლის 11 თვეში ბანკებმა საპროცენტო შემოსავლების სახით 4.4 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით არის შემცირებული, ხოლო არასაპროცენტო შემოსავლები 819 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით არის შემცირებული.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3aM86IK , https://bit.ly/3pqwYcV

9. სესხის სუბსიდირების პროგრამით 2200-მა სასტუმრომ ისარგებლა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავას განცხადებით სესხის სუბსიდირების პროგრამით 2200-მა სასტუმრომ ისარგებლა. პროგრამის ბიუჯეტი კი 70 მლნ ლარს შეადგენს, სადაინაც ამ ეტაპზე 46 მილიონ ლარზე მეტია გადარიცხული. bm.ge-ის გუნდმა პროგრამის განმახორციელებელი სააგენტოდან - „აწარმოე საქართველოში“ გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მარტიდან მოყოლებული, ჯამში, სესხის პროცენტის სუბსიდირებაზე სულ 8 059 განაცხადი შევიდა. 3 მიზეზი, რის გამოც განაცხადები დახარვეზდა იყო შემდეგი: ,,პირველი - სესხის მიზნობრიობა არ იყო პროგრამისთვის შესაბამისი, მეორე - განმცხადებელი ფიზიკური პირი არ იყო ინდ.მეწარმე და მესამე მიზეზია მრავალჯერ გამოგზავნილი ერთი და იგივე განაცხადი.’’
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3rpR2xU 

10. IMF მთავრობის მიერ 2020 წლის ბიუჯეტის ათვისებას აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის ბიუჯეტის ათვისებას აფასებს, სადაც განხილული აქვს სოციალური და ეკონომიკური მიმართულებები. სოციალური დახმარებების ათვისება დაგეგმილზე მეტია, ხოლო ეკონომიკური დახმარების პაკეტის ათვისება დაგეგმილზე ნაკლებია. “საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმზე დაბალი მოთხოვნის და პანდემიის შეკავების პირველი ეტაპის წარმატების გამო, ბიზნესის დახმარების პაკეტის ათვისება ბიუჯეტით განსაზღვრულზე ნაკლებია", - ნათქვამია ფონდის მიმოხილვაში.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/34LpUQr