მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (25-31 იანვარი, 2021)

6016b1158880c
ირაკლი მაკალათია
31.01.21 17:31
1766
1 თებერვლიდან ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნასთან ერთად, ქვეყანა "Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ინფექციური ცენტრის დირექტორის თენგიზ ცეცვაძის განცხადებების მიხედვით, "Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები (დაახლოებით 30 ათას დოზა) საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა" და პირველ ეტაპზე მედპერსონალის ვაქცინაცია მოხდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი საქართველოს ვაქცინის შემოტანაშიც დახმარებას ჰპირდება და ამასთან აცხადებს, რომ ქვეყანაში სხვა პროექტების განხორციელებასაც გეგმავენ. ( https://bit.ly/3pyv7TS ; https://bit.ly/3tbFnUd; https://bit.ly/3angz3d )

რაც შეეხება გასული კვირის (25-31 იანვარი, 2021) სხვა მნიშვნელოვან თემებს, TOP-10 ასე გამოიყურება:

1. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,1%-ით შემცირდა
2. ბიზნესის შეხვედრა მთავრობასთან - როგორია მთავრობის მიერ დაანონსებული ეტაპობრივი გახსნის გეგმა
3. დაკეტილი რესტორნების ბოიკოტი და საპროტესო აქცია
4. 1 თებერვლიდან რეგულარული ფრენები განახლდება
5. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა
6. მცირე მთავრობის „დარღვეული“კონცეფცია - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ბრუნდება
7. ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები განახლდება - ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადააბრძანეს
8. TBC Capital-ის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევის შედეგები
9. 2020 წელს „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველომ 180 ქვეყნიდან 45-ე ადგილო დაიკავა
10. მთავარი ეკონომიკური პრობლემები NDI-ის კვლევაში


1. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,1%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,1%-ით შემცირდა. რაც შეეხება შეზღუდვების მეორე ეტაპის ეკონომიკურ შედეგებს, ნოემბერში რეალური მშპ 7,7%-ით შემცირდა, ხოლო დეკემბერში - 7,9%-ით.
ცხადია, კლება დაფიქსირდა ყველა იმ ეკონომიკურ სექტორში, სადაც დაწესდა შეზღუდვები, ხოლო იქ, სადაც შეზღუდვები ან არ იყო ან იყო, მაგრამ მინიმალურ დონეზე, ზრდა დაფიქსირდა. ასეთ მცირერიცხოვან სფეროებს წარმოადგენდნენ: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3tbpygh ; https://bit.ly/3oG18bC ; https://bit.ly/3ot0o9y 

2. ბიზნესის შეხვედრა მთავრობასთან - როგორია მთავრობის მიერ დაანონსებული ეტაპობრივი გახსნის გეგმა

სავაჭრო ცენტრები და საცალო გაყიდვის ობიექტები 1 თებერვლიდან, ხოლო ბაზრობები 15 თებერვლიდან ამოქმედდებიან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში, არაა გამორიცხული, ბაზრობების გახსნის თარიღმა გადმოიწიოს.

გასული კვირის განმავლობაში მთავრობის ეკონომიკური გუნდი რესტორატორთა და ტურიზმის ასოციაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა. 26 იანვრის შეხვედრის შედეგებით უკმაყოფილო დარჩა ბიზნესი, რადგან არც ზამთრის კურორტები იხსნება და არც რესტორნები და კაფეები, ჯერჯერობით. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქოქიაშვილმა სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობის წარმომადგენლები ,,არა - ბიზნესზე, არამედ მხოლოდ ეპიდემიოლოგიაზე საუბრობდნენ.’’ მან ასევე, ყურადღება გაამახვილა სექტორის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით კი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში ეტაპობრივი გახსნა დაანონსებულზე უფრო ადრე დაიწყება.

მთის კურორტების გახსნა-არგახსნა იყო წინა კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა. მართალია, NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, თავდაპირველად, მედიას და ბიზნესს „დაგუგვლისკენ“ მოუწოდა, რათა ნახონ, ევროპაში რომელი კურორტებია გახსნილი, მაგრამ უკვე კვირის ბოლოსკენ თქვა, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფი ბიზნესის და NCDC-ის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც საუკეთესო პრაქტიკებს ეცნობა.

წინა კვირას, ასევე, ცნობილი გახდა, რომ ფიტნეს დარბაზები, სავარაუდოდ, პირველი მარტის შემდეგ გაიხსნება; ამასთან გადაწყდა, რომ სესხები ფიტნეს-ცენტრებსაც დაუსუბსიდირდებათ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3j2lk69 ; https://bit.ly/3j0uSyC ; https://bit.ly/36sYVd9 ; https://bit.ly/3j1t2NX ; https://bit.ly/3r7QmfL ; https://bit.ly/3pECqcM.

3. დაკეტილი რესტორნების ბოიკოტი და საპროტესო აქცია

30 იანვარს შეზღუდვების მოხსნის და რეგულაციების დაცვით, რესტორნების გახსნის მოთხოვნით გამართულ აქციას, 200-მდე რესტორანი შეუერთდა; კვების ობიექტებმა პროტესტის ნიშნად 24 საათით შეაჩერეს მუშაობა და მიტანის სერვისიც გააჩერეს. სექტორმა მთავრობას ორდღიან ვადა მისცა იმისთვის, რომ წარმოადგინონ ქვეყნის ეკონომიკის გახსნის გეგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ქვეყანაში დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ. 

თავის მხრივ, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რესტორნებისთვის შეზღუდვების გახანგრძლივების მიზეზად იმას ასახელებს, რომ კვების ობიექტებში პირბადის გამოყენება ვერ ხდება, რაც ეპიდვითარების გაუარესების რისკია. მინისტრი ირწმუნება, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შედეგად მაქსიმალურად ეცდებიან, რესტორნებს გარე სივრცეების გახსნის უფლება მისცენ. აქვე ისიც უნდა დავამატოთ, რომ 1 თებერვლიდან ბათუმში რესტორნების და კაფეების ღია სივრცეები მკაცრი კონტროლის პირობებში გაიხსნება - ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების გამო მიიღო.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3aiUd2T ; https://bit.ly/2MGPhwB;

4. 1 თებერვლიდან რეგულარული ფრენები განახლდება

1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული ავიამიმოსვლები განახლდება. უცხოელი ვიზიტორები საქართველოში უპირობოდ შემოსვლას კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში შეძლებენ. ამასთან, მთავრობა ავიაკომპანიებს შესაბამისი წესების დაცვისაკენ მოუწოდებს.
ვრცლად თემისა და ავიაკომპანიების შესახებ იხილეთ: https://bit.ly/2MbPUOV ; https://bit.ly/3ozKLwX ; https://bit.ly/3j46zQd 

5. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $40 მილიონი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე მიმდინარე წელს რიგით მეორე ინტერვენცია განახორციელა და როგორც პირველ ჯერზე (6 იანვარს) ახლაც 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. რაც შეეხება ინტერვენციის გავლენას კურსზე 27 იანვარს 1 აშშ დოლარი 3.3011ლარი ღირდა, ინტერვენციის შედეგად 28 იანვარს 3.2969 ლარამდე გამყარდა, ხოლო კვირის ბოლოს 3.3026 ლარამდე მაინც გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები მხოლოდ ბლუმბერგის სისტემის - Bmatch პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს დაეფუძნება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3agUSSq ; https://bit.ly/2NR9foU 

6. მცირე მთავრობის „დარღვეული“კონცეფცია - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ბრუნდება

მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში, მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის დროს, 2018 წელს კულტურის და სპორტის სამინისტრო გაუქმდა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, გიორგი გახარიას მთავრობამ გაუქმებული სამინიისტროს ისევ აღდგენის გადაწვეტილება მიიღო, რასაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები დადებითად აფასებენ. ამასთან, მათი მხრიდან უკვე გაჩნდა დაფინანსების ზრდის მოთხოვნა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2NGxXbl ; https://bit.ly/2Yv6ewy .

7. ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები განახლდება - ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადააბრძანეს

უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც სამ თვეზე მეტია შეჩერებული იყო, გააქტიურდება. საქმე იმაშია, რომ წინა წლის ოქტომბრის ბოლოს რიონის ხეობის მაცხოვრებელთა ნაწილმა ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა ადგილზე კარვის გაშლით და ჯვრის აღმართვით გააპროტესტა. შედეგად, პროექტის განმახორციელებელი ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი იძულებული გახდა, სამუშაოები შეეჩერებინა. ამის შემდეგ, მხოლოდ გუშინ მოხერხდა კარვის აღება, ხოლო სამშენებლო მოედანზე აღმართული ჯვარი ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით, ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2NRil53 ; https://bit.ly/3otW7mc 

8. TBC Capital-ის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევის შედეგები

TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ, იპოთეკების მოცულობა TBC ბანკში 43.7%-ით შემცირდა, ხოლო პროგრამის ფარგლებში სულ 8 443 მსესხებელზე გაცემულმა სესხების მთლიანმა პორტფელმა 827 949 335 ლარი შეადგინა. კვლევა ასევე მოიცავს თბილისის საცხოვრებელ უძრავ ქონებას, რომლის კვადრატული მეტრის ფასი წლიურ ჭრილში 7%-ით შემცირდა.
ვრცლად კვლევის შედეგების შესახებ: https://bit.ly/2M9EwD7 ; https://bit.ly/3cqTdMM ; https://bit.ly/3oArhIu 

9. 2020 წელს „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველომ 180 ქვეყნიდან 45-ე ადგილო დაიკავა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსში“ 45-ე ადგილი დაიკავა, რაც წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელია. ბოლო წლების შედეგებზე დაყრდნობით კი, კვლევის ავტორების ერთ-ერთი რეკომენდაციაა საქართველოს ხელისუფლებამ კორუფციის წინააღმდეგ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2Yvthr6 

10. მთავარი ეკონომიკური პრობლემები NDI-ის კვლევაში

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა მთავარ ეროვნულ საკითხებად სამუშაო ადგილებს, სიღარიბესა და ფასების ზრდას ასახელებს. აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია ეს საკითხები ძირითად სამეულშია და სტრუქტურა მნიშვნელოვნად არც იცვლება. მეოთხე ადგილს იკავებს ტერიტორიული მთლიანობა და ხოლო მეხუთე ადგილს კორონავირუსი. როგორც ვხედავთ, პანდემიის მიუხედავად, მოსახლეობისათვის მთავარი პრობლემები სოციალურ-ეკონომიკური საკითხებია.
ვრცლად კვლევის შედეგების შესახებ: https://bit.ly/2YrIadU ; https://bit.ly/3te3Eck ; https://bit.ly/36rVO5o ; https://bit.ly/3pEinLy .