მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოპ 10 ეკონომიკური მოვლენა

5e2423c84d8f1
ირაკლი მაკალათია
19.01.20 13:33
3958

წარმოგიდგენთ მიმდინარე კვირის (13-18.01.2020) ტოპ 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა

2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 %-ით მეტია.

ექსპორტმა შეადგინა 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი, რაც 12.4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტმა 9 063.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2% შეადგინა. 

ცხადია ექსპორტის ზრდა დადებითია, რაც შეეხება მის დეტალურ სურათს, სასაქონლო სტრუქტურისა თუ ქვეყნების მიხედვით, დეტალური მონაცემები  20 იანვარს გამოქვეყნდება.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bm.ge/ka/article/saqstati-2019-wels-saqartvelos-eqsporti-124-it-gaizarda-importi-08-it-shemcirda-/46923/



2. Galt&Taggart-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

Galt&Taggart-ის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის განცხადებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 4,7%-ით ზრდას პროგნოზირებენ. აღნიშნულ ზრდას მნიშვნელოვნად განაპირობებს  უცხოეთიდან ფულადი გზავნილები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ასევე მთავრობის გაზრდილი ინფრასტრუქტურული ხარჯები აისახება მშპ-ის ზრდაზე. წლის მეორე ნახევრიდან კი მოსალოდნელია, არსებული მონეტარული პოლიტიკის შერბილება. Galt&Taggart-ის პროგნოზი თითქმის თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზთან, IMF-ის პროგნოზით საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შემდეგი პროგნოზებია მოცემული: საქართველო 4.8%; სომხეთი 4.8%; თურქეთი 3.0%; აზერბაიჯანი 2.1% და რუსეთი 1.9%

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bm.ge/ka/article/2020-wels-47-ian-ekonomikur-zrdas-velodebit---galtamptaggart/47213/



3. NDI -ს გამოკითხვის შედეგები

მიმდინარე კვირაში აქტუალური იყო NDI-ს კვლევის შედეგები, აქცენტები ძირითადად მის პოლიტიკური მხარეზე გაკეთდა. ჩვენ განვიხილავთ კვლევის ეკონომიკურ ნაწილს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე. კვლევის შედეგები მიღებულია 2 180 დასრულებული ინტერვიუდან, სადაც საშუალო ცდომილების ზღვარი შეადგენს +/-1,9%-ს. 

ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება ფიქრობს 19%, საქართველო საერთოდ არ იცვლება 24%, ხოლო საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება 53%. ის, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება განაპირობებს კიდეც სხვა კითხვების ნეგატიურ შედეგებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობას დადებითად 9% აფასებს, საშუალოდ 30%, ცუდად 32%, ძალიან ცუდად 10%, ხოლო შეფასებას ვერ აკეთებს 18%. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, მას დადებითად 7% აფასებს, საშუალოდ 29%, ცუდად 29%, ძალიან ცუდად 9%, ხოლო შეფასებას ვერ აკეთებს 24%. კითხვაზე არჩევნებში ხმის მისაცემად რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად, ყველაზე მეტი 38% პარტიის ეკონომიკურმა პოლიტიკამ დაიკავა, რაც ნიშნავს რომ საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ საკითხს ეკონომიკური მიმართულებები წარმოადგენს. 

ვრცლად კვლევის შედეგები იხილეთ: 

https://www.ndi.org/sites/default/files/NDI%20Georgia_December%202019_Public%20Presentation_GEO_VF.pdf



4. “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს’’

პროექტის ფარგლებში ამ დროისათვის 38 ობიექტია გაყიდული, სადაც 20 ინვესტორი იურიდიული პირია, 18 - ფიზიკური პირი. გაყიდული ობიექტების ჯამური ღირებულება 47 მილიონ ლარს აღემატება. როგორც იცით, გასულ წელს ამოქმედდა ეკონომიკის სამინისტროს პროექტი ,,100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს’’, რომლის ფარგლებშიც საპრივატიზაციოდ გამოიტანეს 100-ზე მეტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, რომლებიც წარმოდგენილნი არიან თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ჯამში 150 მილიონის ღირებულების სახელმწიფო ქონებაა გატანილი საპრივატიზაციოდ და მათი პრივატიზაციის შემდეგ, ჯამში, 2 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. სულ წარმოდგენილი იყო 127 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტი: 13 დეველოპერული პროექტი; 76 სამრეწველო/სასაწყობე ობიექტი; 5 სამედიცინო/სასწავლო დაწესებულება; 1 სპორტული ინფრასტრუქტურა; 27 სასტუმრო; 5 სატბორე მეურნეობა.

ვრცლად ამ თემაზე სტატია:  https://bm.ge/ka/article/romelma-kompaniebma-iyides-saprivatizaciod-gamotanili-qoneba---uaxlesi-monacemebi-/46967/



5. საპენსიო ანგარიში

1 იანვრიდან სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო პროგრამა ამოქმედდა. საპენსიო სისტემა რომელიც ცნობილია 2+2+2, გულისხმობს ყოველთვიურად მოქალაქის ხელფასის 6% საპენსიო სააგენტოში ჩარიცხვასა და დაგროვებას. საპენსიო რეფორმაში 60,000-ზე მეტი კომპანია არის ჩართული. 17 იანვრის მონაცემებით, საპენსიო ფონდში სულ 541,4 მილიონი ლარია მობილიზებული. რაც შეეხება დარიცხულ სარგებელს,  დანაზოგების განაკვეთი  9%-ს შეადგენს, წლის განმავლობაში დარიცხული სარგებელი კი 18 038 474 ლარია. საპენსიო ფონდის ფუნქციებში შედის დანაზოგების ინვესტირება და სისტემაში ჩართული მოქალაქეებისათვის შესაბამისი რისკის საინვესტიციო პორტფელების შეთავაზება, რომელიც სამ დონიანია: ნაკლებრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელები. თუმცა იმის გამო, რომ ფონდის სტრუქტურა ბოლომდე ფორმირებული არ არის, ვერ ხდება საპენსიო ანგარიშების ინვესტირება.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bm.ge/ka/article/ra-saprocento-sargebeli-ericxeba-tqvens-sapensio-angarishs/47170/



6. ელექტროენერგიის იმპორტი და მოხმარება

საქართველოში 2019 წელს ელექტრო ენერგიის მოხმარება (13 მლრდ 153.7 მლნ კვტ.სთ) 2018 წელთან შედარებით შემცირდა (13 მლრდ 197.8 მლნ კვტ.სთ), 59%-ით არის შემცირებული ელექტრო ენერგიის ექსპორტი და შეადგინა 243.4 მლნ კვტ.სთ. თუმცა დაფიქსირდა იმპორტის ზრდა, 2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 1 მლრდ 626.5 მლნ კვტ.სთ შეადგინა. 

 

მოხმარება

მლნ კვტ. სთ

იმპორტი

მლნ კვტ. სთ

ექსპორტი

მლნ კვტ. სთ

ელექტრო ენერგია (2019 წელი)

13 153.7

1 626.5

243.4


გარდაბანში ამოქმედდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“, რომელიც წელიწადში 1,3 მილიარდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ახალი ენერგო-ეფექტური თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს და უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგო ბლოკები. აღნიშნული ელექტრო ენერგიის დამოუკიდებლობისათვის წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ გარანტირებული სიმძლავრე და საჭიროების შემთხვევაში გვქონდეს რეზერვის წყარო. Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით 2019 წლის 11 თვის განმავლობაში ჰიდროელექტროსადგურებმა 9.2%-ით ნაკლები ელექტროენერგია გამოიმუშავეს, აქედან გამომდინარე გაიზარდა ელექტრო ენერგიის იმპორტი და თბოსადგურების გამომუშავება. ცხადია ელექტრო ენერგიის წარმოება გასაზრდელია ქვეყანაში, ამ მიმართულებით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 225 მილიონ აშშ დოლარის ინვესტირებით გარდაბანში მესამე თბოსადგურის აშენება დაანონსა, თუმცა 2014 წლის ოქტომბერში წარდგენილი გაზსაცავის პროექტი ძალიან ნელი ტემპით ვითარდება, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში BMG-ის პასუხობენ, რომ ამ დროისთვის გაზსაცავის სამშენებლო კონტრაქტორის გამოსავლენად საერთაშორისო სტანდარტების ტენდერი მიმდინარეობს.


ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bm.ge/ka/article/2019-wels-saqartveloshi-eleqtroenergiis-moxmareba-shemcirda-/47221/ და

https://bm.ge/ka/article/premierma-gardabanshi-uaxlesi-teqnologiebit-agchurvili-tboeleqtrosadguri-gaxsna-/47146/



7. გაზის ტარიფი

სემეკ–ის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში გაზის ტარიფი არ გაიზრდება. მისი განმარტებით, თბილისში 3–წლიანი ტარიფები უკვე დადგენილია, რაც შეეხება რეგიონებს აქაც არ უნდა ველოდოთ ტარიფის ზრდას, ვინაიდან დანაკლისის არსებობის შემთხვევაში მას მთავრობა ბიუჯეტიდან დააკომპენსირებს.

კომუნალური გადასახადები ერთ-ერთი მძიმე ფინანსური ტვირთია მოსახლეობისთვის. სამომხმარებლო კალათაში ,,ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები’’-ს ჯგუფს 5.6 % უჭირავს. რაც შეეხება ტარიფების ცვლილებების დინამიკას ბოლო 3 წელში,  ცხრილში მოცემულია აღნიშნულ ტარიფებზე ფასის პროცენტული ცვლილებები ყოველ წელს, წინა წელთან შედარებით 

 

2019 წელი

2018 წელი

2017 წელი

წყლის გადასახდელი

0,0%

12,6%

0,0%

ნაგვის გატანის გადასახდელი

0,0%

0,0%

0,0%

ელექტროენერგიის გადასახდელი

0,0%

8,01%

0,0%

ბუნებრივი გაზის გადასახდელი

- 0,02%

0,77%

7,58%

შეშა

11,6%

-0,08%

1,33%


ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bm.ge/ka/article/davit-narmania-3-wlis-ganmavlobashi-gazis-tarifis-gadzvirebas-ar-velodebit-/47212/



8. საქართველო - წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყანა


16 იანვარს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე “MATKA 2020” საქართველო “წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა. ეს იმ ფონზე, რომ ტურისტული მიმართულებით საქართველოში ყველა რეკორდი მოიხსნა და 2019 წელს თუ რომელიმე დარგის წარმატებაზე ვისაუბრებთ, ეს პირველ რიგში ტურიზმის დარგს ეხება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით 2019 წელს საქართველოში 9 357 964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც 7,8%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.3 მილიარდ დოლარს (ზრდა +1.4%). რა თქმა უნდა მსგავსი აღიარებები კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ცნობადობას და ტურიზმის პოტენციალს, ეს კი ეკონომიკური მიმართულებით სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს საქართველომ, განვითარდეს ქვეყანაში ინფრასტრუქტურა და ტურისტული კლასტერები, რაც მეტი დოვლათის მომტანი გახდება ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის და ამ სფეროში მომუშავე ეკონომიკური სუბიექტებისათვის.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bm.ge/ka/article/saqartvelo-wlis-turistuli-danishnulebis-qveynad-dasaxelda/47139/



9. ლარის კურსი

მიმდინარე კვირას, ლარის კურსი როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით ყოველდღიურად მყარდებოდა.

 

დოლარი

ევრო

14.01.2020

2,8980

3,2214

15.01.2020

2,8876

3,2151

16.01.2020

2,8862

3,2138

17.01.2020

2,8818

3,2158

18.01.2020

2,8781

3,2002


დოლარი/ლარი

https://www.nbg.gov.ge/graph_display.php?lng=geo&short_name=USD&date_start=2020-01-10&date_end=2020-01-19

ევრო/ლარი

https://www.nbg.gov.ge/graph_display.php?lng=geo&short_name=EUR&date_start=2020-01-10&date_end=2020-01-19



10. როგორ აპირებს დასაქმების სააგენტო სამუშაო ძალის დახმარებას

წელს 1 იანვრიდან ამოქმედდა დასაქმების სააგენტო. დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ფუნქციები უკვე გადანაწილებული ჰქონდა და მუშაობდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დეპარტამენტი,  თუმცა მაინც გადაწყდა ახალი სააგენტოს შექმნა, რომელიც სსიპ-ად ჩამოყალიბდება და რომელმაც უფრო ეფექტიანად უნდა იმუშაოს და მეტი ადამიანი დაასაქმოს. მის ფუნქციებში შევა ადგილობრივი კადრების გადამზადება და მათი ლეგალური დასაქმების უზრუნველყოფა უცხოეთში. სანამ სააგენტო სხვებს დაასაქმებს ჯერ თავად დასაქმების სააგენტოში 100-მდე ადამიანი დასაქმდება, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარი იქნება. სააგენტო ახალ სამუშაო ადგილებს არ ქმნის, ის კოორდინირებას უწევს სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის ეკონომიკურ ურთიერთობას. სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს  სწრაფი ეკონომიკური განვითარება და კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ქვეყანაში და არა დაბალი ეკონომიკური განვითარების პირობებში არსებულ მცირე მასშტაბის შრომის ბაზარზე დასაქმებულთა ეფექტიანად გადანაწილების მცდელობები. ყველაზე მთავარ პრობლემად საქართველოს შრომის ბაზარზე ,,სტრუქტურული უმუშევრობა’’ დაასახელეს.

უმუშევრობის საკითხი მთავარი ეკონომიკურ-სოციალური პრობლემაა ქვეყანაში, რასაც ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა ერთხმად მოწმობს. დღეს არამარტო სტრუქტურული უმუშევრობა, არამედ ფრიქციული და ციკლური უმუშევრობებიც პრობლემატურია, რისი მთავარი მიზეზიც დაბალი ეკონომიკური განვითარებაა, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ეკონომიკური რეცესიები, ქვეყნის ეკონომიკა ვერ ვითარდება იმ დონით და იმ ტემპით, რაც უზრუნველყოფდა ახალ სამუშაო ადგილებს და უკეთეს ცხოვრების პირობებს ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლები გვაქვს, თუმცა ეს დაითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობიდან. რაც შეეხება ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობას, აქ დიდია იმედგაცრუებული სამუშაო ძალა, რომლებიც შრომის ბაზარზე არ აქტიურობენ და შესაბამისად, მხოლოდ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან ითვლება უმუშევრობის დონე. ეს კი ქმნის ფარული უმუშევრობის პრობლემას ქვეყანაში. დასაქმების მიმართულებით კი იკვეთება ,,არასრული დასაქმება’’, რაც გამომდინარეობს დასაქმების სტატუსის მინიჭებაში, დასაქმებულად ითვლება პირი, რომელმაც გამოკითხვიდან 7 დღის განმავლობაში 1 სთ-ით მაინც იმუშავა. აქვე აღსანიშნავია სეზონური დასაქმება, რომელიც არანაკლებ აქტუალურია. თავად დასაქმებულთა კატეგორიაში მწვავე პრობლემად დგას დაბალი ანაზღაურება და არასათანადო შრომის პირობები. აქედან გამომდინარე საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონე (12,7% 2018 წლის მონაცემით) თავისი ეკონომიკური შინაარსით უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ეს ვიზუალურად ჩანს. ამასთან თვითდასაქმებულთა კატეგორიაში ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე ადამიანების წილი დაახლოებით 40%-მდეა. შრომის ბაზარზე სახელმწიფო კი მხოლოდ "სტრუქტურულ უმუშევრობის" პრობლემას ხედავს, რომლის გადაჭრასაც 4 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე დასაქმების სააგენტოს შექმნით გეგმავს. როგორც ჩანს სახელმწიფო ან ვერ იაზრებს რეალურ პრობლემას ქვეყანაში ან პოპულისტური ნაბიჯებით ცდილობს ელექტორატის თვალში ქულების დაწერას. ცხადია სააგენტო დაასაქმებს გარკვეული რაოდენობის ადამიანებს, მაგრამ ეს წარმატების ფორმულა არ იქნება. აქ დასათვლელია: რამდენად აქვს ღირებულებითი შესაბამისობა დახარჯულ 4 მილიონსა და იმ სამუშაო ადგილებს, სადაც სააგენტოს გავლით დასაქმდებიან ადამიანები, ან დროის რა პერიოდით და რა შემოსავლებით მოხდება მათი დასაქმება. 


ვრცლად ამ თემაზე სტატია:  https://bm.ge/ka/article/rogor-daexmareba-dasaqmebis-saagento-samushaos-madzieblebs-/46899/