მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის მერია სოციალური სახლების მშენებლობაზე 33 მილიონს დახარჯავს

62ea9211a1265
BM.GE
03.08.22 20:50
921
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო სოციალური სახლების მშენებლობაზე 33 მილიონ ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა. ტენდერის მიხედვით, ახალი კორპუსები 2022-2025 წლებში უნდა აშენდეს. თითო 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობა 15 მილიონი ლარი დაჯდება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიას უნდა ჰქონდეს ბოლო 3 წლის განმავლობაში არანაკლებ 35 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები დასრულებული, ხოლო ამ პროექტის ჯამური ფართობი არანაკლებ 15 ათასი კვადრატული მეტრი უნდა იყოს. 

"პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტის ასლები, ფორმა №2 ან/და ანალოგიური ტიპის დოკუმენტები, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება).

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო ან სახელმწიფო შესყიდვის ქვეკონტრაქტორის შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა “ბ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები,"- ნათქვამია სატენდერო პირობებში. 

ტენდერში წინადადებების მიღება 31 აგვისტოს იწყება და 5 სექტემბერს მთავრდება. საცხოვრებლებში 100-ზე მეტი ბინა განთავსდება.