მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე კორძაია: ახალი ბინების გაყიდვები 22%-ით გაიზარდა, ძველი ბინების 14%-ით შემცირდა

5fdda66774690
ლიკა გურაბანიძე
19.12.20 13:00
1236

“მიმდინარე წლის 10 დეკემბრის მონაცემით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების ტრანზაქციების ნაწილში დაახლოებით 10%-იანი კლება ფიქსირდება", - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსმა თორნიკე კორძაიამ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

კორძაიას თქმით, ნოემბერში ჯამურად დაახლოებით 3 000 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირედით მეტია. ამასთან, „თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსმა ყოველკვირეული მიმოხილვისას აღნიშნა, რომ ახალ და ძველ ბინებს შორის გაყიდვებში განაწილება მკვეთრად განსხვავებულია.

“ახალი ბინების გაყიდვები 22%-ით გაიზარდა, ხოლო ძველი ბინების 14%-ით შემცირდა. თუ ჩვენ ბინების გაყიდვებში გასული წლის 11 თვეს, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, საერთო ჯამში გაყიდვების ტრანზაქციების რაოდენობა დაახლოებით 24%-ით არის მოკლებული, ხოლო 25%-ით ფართების გაყიდვები. ასევე ახალი ბინების გაყიდვის ნაწილში საშუალო სეგმენტის ბინების წილი გაიზარდა, შემცირებულია პრემიუმ ბინების წილი.

იპოთეკის მაღალი ტემპით ზრდა ოქტომბერში გაგრძელდა. ბაზრის ბოლო მონაცემების მიხედვით, ოქტომბერში დაახლოებით წლიურად ლარში 50%-იანი ზრდა ჩანს, ზრდა გვაქვს უცხოურ ვალუტაშიც, ეს სავარაუდოდ, პირველი სუბსიდირების ფონზე ხდება.

ქირის ფასებს რაც შეეხება, თბილისში მისი ფასები მიმდინარე თვეში დაკლებულია. ნოემბერში ქირის შემოსავლიანობა 7,1%-მდეა შემცირებული, როდესაც პანდემია დაიწყო ქირის შემოსავლიანობა 8,9%-მდე იყო.” - განმარტა კორძაიამ.

რაც შეეხება მიმოხილვის სხვა დამატებით საკითხებს, როგორც კორძაიამ აღნიშნა, ხარჯვით ნაწილში, ნაწილობრივი ლოქდაუნის ფარგლებში სურსათზე და ფარმაციაზე ხარჯვა ისე არ არის გაზრდილი, როგორც ეს პირველი ლოქდაუნის დროს იყო.

“ფარმაციაზე 2-ჯერ ნაკლები ხარჯვაა ვიდრე პირველად, სურსათზეც ანალოგიურად.” - განაცხადა კორძაიამ.