07.ივნისი .2022 22:00

თორნიკე რიჟვაძე „ბათუმი აილენდის“ კუნძულთან დაკავშირებით სიახლეებს აანონსებს

თორნიკე რიჟვაძე „ბათუმი აილენდის“ კუნძულთან დაკავშირებით სიახლეებს აანონსებს
views 8336
უკან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ბათუმში დაგეგმილი მსხვილი პროექტის - ხელოვნური პალმის ფორმის კუნძულის განხორციელების შესახებ 6-7 კვირაში სიახლეების გაჟღერებას აანონსებს. ამის შესახებ მან დღეს, მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება პოპულარულ „პალმის კუნძულს“, დაახლოებით 6-7 კვირა ვაცადოთ მთავრობას და დეველოპერს და ჩვენ სიახლეებით წარვდგებით და მშენებლობის დაწყებაზეც დაგპატიჟებთ“, - უპასუხა რიჟვაძემ დეპუტატებს.

შეგახსენებთ: აპრილის ბოლოს, ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ თანადამფუძნებელმა ფრიდონ ქათამაძემ განაცხადა, რომ კუნძულის აშენებისთვის საჭირო გეოლოგიური და ბურღვითი სამუშაოების კვლევის პასუხებს კომპანია 10 მაისისთვის ელოდებოდა. პარალელურად, კომპანიას გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული მაისის ბოლომდე უნდა გამოევლინა, რომელსაც პროექტის მომზადებისთვის 5-6-თვიანი პერიოდი ექნება, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები კი 7-8 თვეში დაიწყება.

ცნობისთვის: ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება 2021 წლის ოქტომბერში დაანონსდა. პროექტის მიხედვით, ის ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია "ამბასადორი" ჩადებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება.

საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობასა და კომპანია "ამბასადორს" შორის გაფორმდა. მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას აღნაგობის უფლებით 90 ჰა ტერიტორია მდებარე ქალაქ ბათუმში ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლებაში გადაეცემა.