მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საზოგადოებას გაუჩნდა ჩვენი მონეტარული პოლიტიკისადმი უფრო მეტი ნდობა" – გვენეტაძე

5fabce5e5624f
ინგა მურუსიძე
11.11.20 22:10
1645
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის მიმართ ნდობა გაუჩნდა.

Central Banking-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გვენეტაძე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რატომ განახორციელა ესა თუ ის ცვლილება მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით.

„ერთ-ერთი გეგმა, რაც ეროვნული ბანკისთვის 2016 წელს მქონდა, კომუნიკაციის გაზრდა და გაუმჯობესება იყო, რაც ინფლაციის თარგეთირების ძირითადი ნაწილია. ჩვენ ვახორციელებდით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზირებას და შევამჩნიეთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ დაიწყო აღნიშნული განაკვეთის გამოქვეყნება. ქვეყნების გარკვეული ნაწილი განაკვეთის გამოქვეყნებაში რისკებს ხედავდა და მიიჩნევდა, რომ ეს შებოჭავდა ცენტრალურ ბანკს, თუმცა ეს ასე არ მოხდა, რადგან ეს პროგნოზი პირობითია: შენ მას აქვეყნებ, მაგრამ თუ გარემოება იცვლება, შენ ერგები ამ გარემოებას და პოლიტიკას შესაბამისად ცვლი; ყველაზე მნიშვნელოვანია იმის ახსნა, თუ რატომ განახორციელე ცვლილება.

მაგალითად, არის პოზიტიური ან ნეგატიური შოკის ალბათობა. როდესაც წინასწარ პროგნოზს აქვეყნებ, დაინტერესებულ მხარეებს მონეტარული პოლიტიკის ხედვის საერთო სურათი აქვთ. ეს ყველაფერი პოლიტიკას უფრო პროგნოზირებადს ხდის”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, არსებობდა მეტი კომუნიკაციის საჭიროებაც, რის გამოც, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, საინფორმაციო ბრიფინგები იმართება, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად აღიქვა.

„საინფორმაციო ბრიფინგები საკმაოდ კარგად იყო აღქმული და მალევე ვიხილეთ განაკვეთის 1.5-2.0 პროცენტული პუნქტით შემცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას გაუჩნდა ჩვენი მონეტარული პოლიტიკისადმი უფრო მეტი ნდობა, და ეს წინასწარი პროგნოზი დაგვეხმარა პოზიტიური შედეგის მიღწევაში“, - ამბობს კობა გვენეტაძე.