მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნამახვანჰესის განმახორციელებელ კომპანია ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა - განცხადება

6017bc77789ee
თელარა გელანტია
01.02.21 12:31
970
დღეს, დილის 4 საათზე, გუმათჰესის დასახლებაში, ცეცხლი გაუჩნდა ქვემო ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს, სადაც კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკა ინახებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნამახვანჰესის ოფიციალურ facebook-გვერდზე ვრცელდება.

ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელმა კომპანია ENKA-მ აღნიშნული ფაქტის შესახებ შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ აცნობა.

„წინასწარი მონაცემებით, აღმოჩენილია ხანძრის სამი კერა, რომელიც ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა კომპანიის ზარალი სოლიდურია.

ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. დამატებით ინფორმაციას კომპანია ENKA უახლოეს პერიოდში მოგაწვდით“, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის: უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც სამ თვეზე მეტია შეჩერებული იყო, უნდა გააქტიურდეს. საქმე იმაშია, რომ წინა წლის ოქტომბრის ბოლოს რიონის ხეობის მაცხოვრებელთა ნაწილმა ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა ადგილზე კარვის გაშლით და ჯვრის აღმართვით გააპროტესტა. შედეგად, პროექტის განმახორციელებელი ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი იძულებული გახდა, სამუშაოები შეეჩერებინა. ამის შემდეგ, მხოლოდ გუშინ, 31 იანვარს მოხერხდა კარვის აღება, ხოლო სამშენებლო მოედანზე აღმართული ჯვარი ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით, ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს.