მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toyo - ეკოლოგიურად სუფთა, ხის სათამაშოების ქართული ბრენდი

62906d3fbf486
BM.GE
27.05.22 10:09
541
Toyo ეკოლოგიურად სუფთა, ხის სათამაშოების ბრენდია, რომელიც ანუკი თევდორაძემ და გიორგი გიგინეიშვილმა პანდემიის პერიოდში შექმნეს.

ანუკი თევდორაძე პროფესიით არქიტექტორია, გიორგი გიგინეიშვილს კი დიდი გამოცდილება აქვს მარკეტინგის სფეროში. ამ ორმა ადამიანმა დიზაინისა და გაყიდვების უნარები გააერთიანეს და მთელი ძალისხმევა ფერადი სათამაშოების დასამზადებლად მიმართეს.

როგორც დამფუძნებლები გვიყვებიან, დღეს Toyo საკმაო პოპულარობით სარგებლობს ბაზარზე. საიდან გაჩნდა მისი შექმნის იდეა და რა ეტაპზეა სტარტაპი ახლა? ამ თემებზე ანუკი თევდორაძე გვესაუბრა:

„თოიოს" შექმნის იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა. ჩვენ გვაქვს მეორე კომპანია, სადაც ღონისძიებების ორგანიზებას უზრუნველვყოფთ, პანდემიის პერიოდში კი საქმიანობა შეგვიფერხდა და, ვფიქრობდით, რა სიახლის შემოტანა შეიძლებოდა ბაზარზე. მე პროფესიით არქიტექტორი ვარ (ანუკი, თანადამფუძნებელი) და ჩემს საქმიანობაზე დაყრდნობით, გადავწყვიტეთ ხის სათამაშოების შექმნა. თანაც, ბაზრის შესწავლის შედეგად დავრწმუნდით, რომ ქვეყანაში ნამდვილად იყო ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების დეფიციტი.“

- კონკრეტულად რა ტიპის სათამაშოებს სთავაზობს Toyo მომხმარებელს?

ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებს 0 თვიდან, რომლებიც სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული, მაგალითად: წვრილი მოტორიკა, კოორდინაცია, სორტირება, ფერების აღქმა, ლოგიკური აზროვნება.. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენთან შესაფერისი სათამაშოს შერჩევა ასაკის შესაბამისადაა შესაძლებელი.

- გვიამბეთ Toyo-ს პირველი ნაბიჯების შესახებ - როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი?

როგორც აღვნიშნეთ, საქმიანობა პანდემიის პერიოდში დავიწყეთ, თუმცა ეს არ ყოფილა ხელისშემშლელი, რადგანაც პროდუქტებს, ძირითადად, ონლაინ ვყიდდით. საკმაოდ მოკლე დროში მოვიპოვეთ პოპულარობა და ნახევარი წელიც კი არ დაგვჭირდა იმისთვის, რომ ერთგული მომხმარებლების არმია შეგვეძინა.

- რა სირთულეები გხვდებოდათ დროთა განმავლობაში?

სირთულეები, ძირითადად, ხეზე მომუშავე პროფესიონალი სპეციალისტების მოძიების პროცესში გვქონდა, რომლებიც ხის ფიგურებს ამზადებენ, რადგანაც დურგალის პროფესია თითქმის აღარ არსებობს.. თანაც, ჩვენ გვაქვს გარკვეული სათამაშოები, რომლის ანალოგიც ქართულ ბაზარზე არ არსებობს; მათი დამზადება კი რთული პროცედურაა და მას მხოლოდ შესაბამისი საქმის მცოდნე თუ შეძლებს.

- საიდან გაჩნდა იდეა, Shark Tank-ზე გასულიყავით?

კომპანიის დაარსების დღიდან ჩვენი მიზნები გლობალური იყო და ეს არ გულისხმობდა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე დარჩენას; დაწყების დღიდან, მოთხოვნა უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე მიწოდება. შესაბამისად, გაგვიჩნდა იდეა, მოგვეზიდა დამატებითი ინვესტიცია, არამარტო თანხის, არამედ გამოცდილი ხალხის სახით, რომლებიც ამ გლობალური მიზნების მიღწევაში დაგვეხმარებოდნენ.

Shark Tank-ზე გასვლამდე პოზიტიური მოლოდინები გვქონდა, რადგანაც დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჩვენი პროდუქტით დაინტერესდებოდნენ.

- რის გაკეთებას აპირებთ აღებული ინვესტიციით?

ეს თანხა კომპანიაში საბრუნავ საშუალებას გააჩენს და პირველ რიგში, შევძლებთ, დავეწიოთ მოთხოვნას; შემდეგ უკვე პროდუქციის ექსპორტზე გატანაც იქნება შესაძლებელი.

- და ბოლოს, ზოგადად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

როგორც ზემოთ ვახსენეთ, მიზნები გლობალური გვაქვს. ვგეგმავთ უახლოესი 3 წლის განმავლობაში წლიურმა შემოსავალმა 1 მილიონ ლარს მიაღწიოს, ხოლო შემდეგ წლებში კი ეს მინიმალური ზღვარი იყოს. ჩვენი ადგილობრივი სეგმენტის ათვისებით და სათამაშოების ექსპორტზე გატანის შემდეგ, ამ მიზანს კიდევ უფრო სწრაფად მივაღწევთ.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ - Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება.

(NS)