მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი... აშშ საქართველოს გვერდით იქნება - ელჩის მ/შ

6210d5d6a6543
ინგა მურუსიძე
19.02.22 15:32
1013
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რაიან ჰარისი ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, რომლითაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მიმართვაში ის რუსეთის ქმედებს აფასებს და ამბობს, რომ საქართველომ რუსეთის აგრესიის შესახებ ყველაზე კარგად იცის, რადგან ამ ქვეყნის ტერტიტორიები კვლავ ოკუპირებულია.

„თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი. ამ კვირის დასაწყისში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისინი სიტუაციის დეესკალაციასა და სამხედრო ძალების გაყვანას აპირებენ. სამწუხაროდ, რუსეთის ქმედებები არ შეესაბამება მათ სიტყვებს. ქართველებმა ყველაზე კარგად იცით რუსეთის ცარიელი დაპირებების შესახებ. ეს საკუთარმა ისტორიამ გასწავლათ - 1801 წელს, 1921 წელს და 2008 წელს. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, მოქმედებები სიტყვებზე ხმამაღლა მეტყველებს.

სამწუხაროდ, რუსეთის მტკიცების მიუხედავად ახლა მზადყოფნაშია რუსული ძალების 150 ათასი სამხედრო მძიმე შეიარაღებით და დამხმარე ტექნიკით, რომელსაც სწრაფად შეჭრა შეუძლია. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ვუშვებთ, რომ რუსეთი შეეცდება შექმნას საბაბი თავდასხმისთვის. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც იმავეს ხედავენ“, - ამბობს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად კვლავ დიპლომატიური გზებით ცდილობს ამ კონფლიქტის მოგვარებას, რუსეთს სთავაზობს დეესკალაციის შანსს, მაგრამ არ თმობს პარტნიორებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებასა და თვითგამორკვევას.

„რუსეთი აცხადებს, რომ ეძებს მშვიდობიან გამოსავალს, თუმცა რუსებმა ეს კონკრეტული მოქმედებით უნდა დაადასტუროს. უკრაინელებმა, როგორც ქართველებმა, ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირის გამყარება აირჩიეს. არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს ამ გზას მათი მომავლისკენ. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით იდგება. ამერიკა იდგება საქართველოს გვერდით, რომელმაც აირჩია დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება.

თუ რუსეთი არაფრად ჩააგდებს ჩვენს დიპლომატიურ მცდელობებს და ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი. თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი პარტნიორების პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი. ჩვენ არ ვირჩევთ დაპირისპირებას. გვირჩევნია ვიმუშაოთ ერთად, რათა ვებრძოლოთ გლობალურ პანდემიასა და სხვა მრავალ გადაუდებელ საერთო პრობლემას. დიპლომატია არის ერთადერთი გონივრული გზა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. ჩვენ მტკიცედ და ერთად ვდგავართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“,- განაცხადა რაიან ჰარისმა.