03.მარტი .2021 22:00

თქვენც შეგიძლიათ! როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ქალთა მეწარმეობას საქართველოში

თქვენც შეგიძლიათ! როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ქალთა მეწარმეობას საქართველოში
views 487
უკან

საკუთარი საქმის დაწყება ყოველთვის არ არის მარტივი. განსაკუთრებით მაშინ, თუ შენი მოვალეობაა სახლი, ზრუნვა ბავშვებსა და მშობლებზე, თუ ხელს არავინ გიწყობს და ხშირად გაუგებარია, საიდან დაიწყო საქმის კეთება. არსებობს საკმაოდ ბევრი საერთაშორისო პროგრამა, რომლებიც ეხმარება ქალებს დაიწყონ საკუთარი ბიზნესი, მიიღონ განათლება და დაიცვან საკუთარი ეკონომიკური უფლებები. როგორ გავერკვეთ ამ ყველაფერში? ხშირად საჭირო ინფორმაციის პოვნა რთულია. პროგრამამ „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ღია ბარათები აერთიანებს ევროკავშირის ყველა მიმდინარე პროექტს, რომელიც ქალებს ეხმარება საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.

1. მინდა საკუთარი ბიზნესის დაწყება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, იმუშავებს ჩემი იდეა, თუ არა. ვის შეუძლია რჩევის მოცემა?

ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს ახალი ბიზნესის, განსაკუთრებით ქალთა ბიზნესის განვითარებას და განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, ხშირად - სასოფლო და არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ ტერიტორიებზე.
ამიტომ, არ იფიქროთ, რომ თბილისში უნდა ცხოვრობდეთ, რომ უნდა გქონდეთ უმაღლესი განათლება ან ჩამოყალიბებული ბიზნესი იმისათვის, რომ ევროკავშირის დახმარება მიიღოთ - პირიქით!

ევროკავშირი ხელს უწყობს მთელ რიგ პროგრამებსა და ბიზნესის მხარდამჭერ საშუალებებს, რომლებიც მოგაწვდიან შესაბამის რჩევებს, გაგიწევენ პრაქტიკულ დახმარებას და გამოგიყოფენ დაფინანსებასაც კი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.

აი, რამდენიმე მაგალითი:

თუ გსურთ მხარდაჭერის მიღება სოფლის მეურნეობაში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) მოგაწვდით ინფორმაციას და რჩევებს, გაგიწევთ ფინანსურ დახმარებას მთელი საქართველოს მასშტაბით; ამ პროგრამით 2013 წლის შემდეგ ასობით ათასმა ფერმერმა ისარგებლა. იხილეთ პროგრამის ინტერაქტიული რუკა და იპოვნეთ რეგიონული ინიციატივები, კონტაქტები, საინფორმაციო ცენტრები და კოოპერატივები თქვენს მახლობლად.

პროგრამა მერები ეკონომიკური ზრდისთვის ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებებს ეკონომიკურ ზრდა-განვითარებაში და სამუშაო ადგილების შექმნაში. ამ პროგრამაში მონაწილე ათეულობით ადგილობრივი ხელისუფლებიდან სამი – ბოლნისი, გორი და თბილისი – ახორციელებენ საპილოტე პროექტებს, მათ შორის ახალი საწარმოების მხარდაჭერას ტრენინგებით და ბიზნესის განვითარების საშუალებებით; ისინი უზრუნველყოფენ ქალთა თანაბარ ხელმისაწვდომობას განვითარებისთვის საჭირო ყველა საშუალებაზე.

პროგრამა EU4Youth-ის ფარგლებში განხორციელებული ხუთი პროექტი - სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის მოსაზღვრე რეგიონებში, სოციალური მეწარმეობა საქართველოსა და სომხეთში (SEAG), თქვი დიახ: სამუშაო უნარები, ახალგაზრდობის განათლების, დასაქმების და ჩართულობის მხარდაჭერა კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე საქართველოსა და უკრაინაში, და პოტენციალის განვითარება დასაქმების გასაუმჯობესებლად ახალგაზრდა, განსაკუთრებით არახელსაყრელ პირობებში მცხოვრებ ქალებს სამეწარმეო ტრენინგს და მენტორობის პროექტებს სთავაზობს. 2018-2020 წლებში საქართველოში 3,361 ახალგაზრდა ქალმა ისარგებლა ტრენინგებით და სემინარებით პროგრამის EU4Youth საგრანტო პროექტების ფარგლებში, 296-მა გაიარა სტაჟირება, ხოლო 96 მხარდაჭერის მიღების შემდეგ თვითდასაქმებული გახდა.

2. რჩევები ბიზნესის შესახებ ძალიან კარგია, მაგრამ საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ფულია საჭირო. როგორ შემიძლია მივიღო დაფინანსება, თუ არ მაქვს არც ფული და არც ბიზნესის მართვის გამოცდილება?

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში (ENPARD) უამრავი გრანტია ხელმისაწვდომი სოფლის მეურნეობის პროექტებისთვის. ეწვიეთ განაცხადების ნაწილს პროგრამის ვებ-გვერდზე და გაეცანით მიმდინარე საგრანტო კონკურსების სიას.

მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივის მერები ეკონომიკური ზრდისთვის ფარგლებში გრანტები არ გაიცემა, ეს ინიციატივა დაგეხმარებათ დაფინანსების მიღებაში. მაგალითად, SPARK ბიზნესის აქსელერატორი, რომელიც დაარსდა პროექტის ფარგლებში თბილისში, ახალ ბიზნეს-საწარმოებს სთავაზობს დახმარებას ბიზნეს-გეგმის მომზადებაში და პოტენციურ ინვესტორებთან და დაფინანსების წყაროებთან კონტაქტის დამყარების საშუალებას იძლევა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროგრამა მსურველებს სთავაზობს სესხებს, რომლებიც სპეციალურად ქალებზეა მორგებული. პროგრამა ქალები ბიზნესში გთავაზობთ შესაძლებლობას, მიიღოთ დაფინანსება როგორც ბიზნესის დასაწყებად, ისე უკვე არსებული ბიზნესის განვითარებისთვის. პროგრამა თანამშრომლობს ადგილობრივ პარტნიორებთან: საქართველოს ბანკთან და TBC ბანკთან, და მეწარმე ქალებს სთავაზობს შეღავათიან პირობებს ახალი ბიზნეს-იდეების, ან არსებული ბიზნესის გაფართოების დასაფინანსებლად. რამდენიმე სხვა პროექტი, რომელიც ხორციელდება ინიციატივის EU4Business ფარგლებში ასევე თანამშრომლობს ადგილობრივ ბანკებთან მცირე და საშუალო საწარმოებზე სესხების გასაცემად - დაწყებული მიკროდაფინანსებით, დამთავრებული მსხვილი საინვეტიციო სესხებით. ხელმისაწვდომი სესხების და გრანტების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.


3. მე უკვე მაქვს ბიზნესი, მაგრამ მჭირდება დახმარება მის შემდეგ საფეხურზე გადასაყვანად: არსებობს ევროკავშირის რაიმე სახის მხარდაჭერა ჩემთვის?

თუ თქვენ უკვე გაქვთ ბიზნესი და აპირებთ მის განვითარებას, თქვენთვის ხელმისაწვდომია დაფინანსება (და ტრენინგი) მთელი რიგი პროგრამების საშუალებით ინიციატივის EU4Business ფარგლებში, რომელიც ეხმარება კერძო სექტორის განვითარებას მთელ საქართველოში.

სესხების გაცემის გარდა, ინიციატივა ქალები ბიზნესში გთავაზობთ ტრენინგს და სუბსიდირებულ (დაფინანსებულ) საკონსულტაციო მომსახურებას, რომლებიც კონკრეტულად იმ ბიზნესებზეა მორგებული, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ. პროგრამა ასევე გთავაზობთ პერსონალიზებულ ონლაინ საშუალებას ბიზნეს-ობიექტივს – თქვენი ბიზნესის შესაფასებლად და იმ მხარდაჭერის სანახავად, რომლის მიღებაც შეგიძლიათ.

გარდა ამისა, ინიციატივის EU4Business ზოგიერთი პროგრამა გთავაზობთ დაფინანსებას გაცილებით დიდი ბიზნესისთვის, მაგრამ სხვები, მაგალითად: ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) ასევე გასცემს მცირე სესხებს (სესხის საშუალო ოდენობა - 14,300 ევრო) მცირე ზომის ბიზნესებისთვის (10-ზე ნაკლები თანამშრომელი) ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ვაჭრობა და მომსახურება.

გადახედეთ ინიციატივის EU4Business ფარგლებში შემოთავაზებული დაფინანსების პროგრამების სრულ სიას აქ. ასევე, გაეცანით პროექტებს, რომლებიც გთავაზობთ ბიზნესის განვითარების სერვისებს, მათ შორის ტრენინგებს და ბიზნეს-კონსულტაციებს, მხარდაჭერას ვაჭრობაში, კლასტერებს და ინკუბატორებს.

გარდა ამისა, ქართველი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომია ევროპის მეწარმეთა ქსელი, რომელიც ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს პარტნიორების პოვნაში ბიზნესის და ტექნოლოგიის სფეროში ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.

4. არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მინდა ბიზნესის დაწყება, მაგრამ მინდა ახალი უნარების ათვისება: არსებობს ევროკავშირის რაიმე დახმარება ჩემთვის?

ტრენინგი და უნარების განვითარება ევროკავშირის მხარდაჭერის უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოში. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი საკმაოდ დიდ დაფინანსებას გვთავაზობს პროფესიული განათლებისა და ტრენინგისთვის. 2019 წელს ევროკავშირმა დაიწყო 150 მილიონი ლარის ღირებულების პროგრამა, რომელიც ეხმარება პროფესიული განათლების მიღებას და შრომის ბაზრის განვითარებას. ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გავრცელებას, შრომის პოლიტიკის გაუმჯობესებას და სამეწარმეო ტრენინგის მხარდაჭერას, დაეხმარება საქართველოს 105,000 მოქალაქეს დასაქმებაში.

რაც შეეხება პირდაპირ მხარდაჭერას, ინდივიდუალური EU4Youth პროგრამები – სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის მოსაზღვრე რეგიონებში, სოციალური მეწარმეობა საქართველოსა და სომხეთში (SEAG), თქვი დიახ: სამუშაო უნარები, ახალგაზრდობის განათლების, დასაქმების და ჩართულობის მხარდაჭერა კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე საქართველოსა და უკრაინაში, დასაქმების გაუმჯობესების პოტენციალის მხარდაჭერა, და უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისთვის – განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ უნარებზე 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით საქართველოს ნაკლებად ხელსაყრელი პირობების მქონე რეგიონებში; პროგრამები მოიცავს ტრენინგს, რჩევებს და სტაჟირებას ახალგაზრდებისთვის შემდგომი დასაქმების მიზნით.

30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალებს ევროკავშირი სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობებს მისი ერაზმუს + ახალგაზრდობის პროგრამებით. თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ საქართველოს 10,000 ახალგაზრდა მოქალაქეს, რომლებმაც უკვე აითვისეს ახალი უნარები და მიიღეს ფასდაუდებელი გამოცდილება ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობით, ან მოხალისედ საზღვარგარეთ მუშაობით ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში.

ხოლო თუ უმაღლეს განათლებას იღებთ, ერაზმუს + პროგრამა გთავაზობთ სტუდენტურ გაცვლებს და სამაგისტრო პროგრამებს ევროპაში. გაეცანით არსებულ შესაძლებლობს და განაცხადის შეტანის პირობებს.

5. არსებობენ ქალები, რომლებმაც ჩემსავით დაიწყეს საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის დახმარებით?

ასეთი ქალი უფრო მეტია, ვიდრე წარმოგიდგენიათ!

2019 წელს ევროკავშირის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამით საქართველოში 919-მა მეწარმე ქალმა მთლიანობაში 76 მილიონი ევროს ოდენობის სესხი მიიღო, ხოლო 84-მა მიიღო გრანტები, რომელთა საერთო ოდენობა 500,000 ევრომდეა. 8,5000-ზე მეტმა ქალმა ისარგებლა საკონსულტაციო მომსახურებით. მხარდაჭერილი კომპანიების ბრუნვა 100 მილიონ ევროზე მეტით გაიზარდა, და ამ მხარდაჭერის შედეგად შეიქმნა 7,895 ახალი სამუშაო ადგილი.

მაგალითად:

ნატა, მანანა, ირინა და დალი - ყველა მათგანმა მიიღო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) გრანტი. ნატა და ირინა თბილისიდან არიან, მანანა - წალკიდან, დალი კი - ზემო ალვანიდან. ნატალიას მოჰყავს კიტრი, ირინას - პომიდორი, მანანა ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს ხელმძღვანელობს, ხოლო დალი აწარმოებს თაფლს და საგანმანათლებლო კურსებს ატარებს. ყველა მათგანმა განავითარა საკუთარი ბიზნესი ევროკავშირის ტრენინგის და გრანტის დახმარებით.

ციცი შენგელიამ თავისი ჰობი - ხეზე მუშაობა ბიზნესად აქცია და შემოქმედებითი სტუდია გახსნა პროგრამის EU4Youth მხარდაჭერით, რომელმაც ის ტრენინგით, მენტორობით და ფინანსებით უზრუნველყო.

ირინა გლოველმა და თეკლა მამაგეიშვილმა საკონსულტაციო მომსახურება მიიღეს პროგრამიდან ქალები ბიზნესში. პროექტი დაეხმარა თეკლას თვალის კლინიკის საქმიანობის უფრო სტრატეგიულად დაგეგმვაში და ფინანსური რესურსების მოზიდვაში, ხოლო ირინამ დახმარება მიიღო საკუთარი საინჟინრო კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მოსაწესრიგებლად, რამაც მისი მოგება 7.5%-ით გაზარდა.

მანანა ჩქარეული სახლში მუშაობდა მკერავად. სესხების დახმარებით EFSE პროგრამიდან, მან შეძლო საკუთარი აღჭურვილობის განახლება, სათანადო სამუშაო სივრცის და პერსონალის დაქირავება საკუთარი ბიზნესის განვითარების მიზნით. მალე მისი კომპანია დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბდება.

დიანა ბაქრაძემ და ანა ვარამაშვილმა ისარგებლეს უნარების ტრენინგით და სტაჟირებით პროექტის ფარგლებში ‘“დაუცველი ახალგაზრდობის მხარდაჭერა საქმიან მოქალაქეებად გახდომაში სწავლის, ტრენინგის და დასაქმების დახმარებით“, რაც დამოუკიდებელი პროფესიული ცხოვრებიკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

დააჭირეთ აქ და იხილეთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) კიდევ უფრო მეტი წარმატების ისტორია, აქ - იხილეთ რას საქმიანობს ქალაქი ბოლნისი პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, და აქ - შეიტყვეთ ხუთი ქართველი ქალის შესახებ, რომლებმაც ისარგებლეს ევროკავშირის დახმარებით სხვადასხვა სექტორებში.

6. ვის უნდა ვთხოვო დახმარება?

ეწვიეთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ვებგვერდს და მოიძიეთ საკონტაქტო ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის, გადაამოწმეთ პროგრამის ინტერაქტიული რუკა რეგიონული ინიციატივების, კონტაქტების, საინფორმაციო ცენტრების და კოოპერატივების საპოვნელად თქვენს მახლობლად.

ეწვიეთ პროგრამის მერები ეკონომიკური ზრდისთვის ვებგვერდს, გაიგეთ, არის თუ არა თქვენი ქალაქი ხელმომწერთა შორის და რას აკეთებს ის დასაქმების და ბიზნესის მხარდასაჭერად თქვენს მახლობლად.

თუ უკვე გაქვთ ბიზნესი და ეძებთ საშუალებას მისი განვითარებისთვის, იხილეთ ტრენინგის და დაფინანსების არსებული შესაძლებლობები პროგრამის EU4Business საქართველოში ფარგლებში. ვებგვერდზე სრულად არის წარმოდგენილი დეტალური ინფორმაცია სესხის და გრანტის მიღების შესაძლებლობის, ასევე ბიზნესის განვითარების სერვისების შესახებ. ის ასევე მოიცავს COVID-19-ის საინფორმაციო მხარდაჭერის ცენტრს, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ევროკავშირის მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ საქართველოში მცირე ბიზნესის დასახმარებლად კრიზისის დაძლევის მიზნით.

განათლების და ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტებისთვის, დაუკავშირდით ეროვნულ ერაზმუს + ოფისს საქართველოში.

და ბოლოს, თვალი ადევნეთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook-გვერდს უახლესი ინფორმაციის მისაღებად და ახალი შესაძლებლობების გასაცნობად.