მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თქვენი სიჩუმით მე და ბადრი ჯაფარიძე 12-წლიან ბრალზე გაგვიშვით“ - ხაზარაძე გვენეტაძეს

60b7781809a69
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.21 16:20
2411
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძეს უსმენდნენ. სხდომაზე “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გვენეტაძეს მიმართა კითხვით - მიიჩნევს თუ არა სებ-ის პრეზიდენტი, რომ ეროვნულ ბანკში ინტერესთა კონფლიქტი არის შექმნილი, რადგან ეროვნული ბანკი როგორც საბანკო სფეროს, ასევე კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელია. ამ ორი სფეროს განვითარება კი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ამ კითხვაზე პასუხისას კობა გვენეტაძემ ხაზარაძეს უთხრა, რომ თავად მან არ იცის ინტერესთა კონფლიქტის მნიშვნელობა, რასაც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის სადავო ტრანზაქციაც ადასტურებს. ამ ტრანზაქციის ხსენების შემდეგ სხდომათა დარბაზში ვითარება დაიძაბა. ხაზარაძემ განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა ამ საკითხზე არსებული დუმილით პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი, მაშინ როდესაც თავად სებ-ის დასკვნები მიუთითებდნენ იმაზე, რომ სადავო ტრანზაქცია ფულის გათეთრების ნიშნებს არ შეიცავდა. ამაზე კი კობა გვენეტაძემ უპასუხა, რომ სებ-ის ფუნქციებში არ შედის იმის დადგენა, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული გარიგება ფულის გათეთრებას.

- “რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტის არსებობას, ინტერესთა კონფლიქტი თქვენ არ იცით რა არის და დავინახეთ ეს ბანკის ტრანზაქციებში. ახლაც ინტერესთა კონფლიქტი გაქვთ ბატონო მამუკა,” - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

- “თქვენ თუ დააკვირდით არც მე და არც ბატონ ბადრის არ დაგვისვამს კითხვა იმაზე, რომ თქვენ შეასრულეთ პოლიტიკური დავალება და პოლიტიკური დევნის ნაწილი გახდით ჩემი და ბადრის წინაშე. არ შევხებივართ ამ თემას და არც ვაპირებდით შეხებას, მაგრამ რადგან ახსენეთ, გეტყვით, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი არ გამოხვედით და არ თქვით საჯაროდ, რომ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, თქვენივე დეპარტამენტის მიერ შემოწმებული დოკუმენტები 2008, 2009 წლების დასკვნები... ერთხელ არ გამოსულხართ და არ დაგიცვიათ, რომ უბრალოდ ადამიანური მდგომარეობიდან გამომდინარე გეთქვათ, რომ არანაირი ფულის გათეთრება იქ არ ყოფილა. თქვენივე შემოწმება ამას ადასტურებს. თქვენი თანამშრომლები სასამართლოში მიცემული ჩვენებებში ნათქვამია, რომ არავითარი ფულის გათეთრება არ ყოფილა,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

- “ბატონო მამუკა, ეროვნული ბანკის ფუნქცია არაა ფულის გათეთრების დადგენა,” - უპასუხა კობა გვენეტაძემ.

- “ჩვენ არ შევხებივართ ამ თემას, თქვენ შეეხეთ და მარტო ამის გამო ხართ ბოდიში და გასაგდები ამ თანამდებობიდან. თქვენ დაარღვიეთ ადამიანობა, თქვენივე სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნები და თქვენი სიჩუმით, 12-წლიან ბრალზე გაგვიშვით მე და ბადრი ჯაფარიძე. როგორ გიძლებთ ნამუსი, გამოდიხართ და ტრანზაქცია ახსენეთ. იმ ტრანზაქციაზე თქვენ ბანკი დააჯარიმეთ, ბანკმა გადაიხადა ჯარიმა და ამით დამთავრდა თქვენთან ურთიერთობა. თქვენ ხართ “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის პროკურატურის ნაწილი,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.