18.ნოემბერი .2020 19:35

ტრამპი: ეს იყო გაყალბებული არჩევნები, ხმის მიცემის აპარატები ხმების მანიპულირებისთვის გამოიყენეს

ტრამპი: ეს იყო გაყალბებული არჩევნები, ხმის მიცემის აპარატები ხმების მანიპულირებისთვის გამოიყენეს
views 366
უკან

დონალდ ტრამპმა დღეს Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. მისი თქმით, არჩევნებზე ხმის მიცემის აპარატებს ტექნიკური ხარვეზები ჰქონდათ, რაც ხმებით მანიპულირებისთვის იქნა გამოყენებული. 

"ეს იყო გაყალბებული არჩევნები! მასზე რესპუბლიკელი დამკვირვებლები არ დაუშვეს. ხმის მიცემის აპარატებს "ხარვეზები" ჰქონდათ (რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გაყალბებისთვის გამოიყენეს)! შეინიშნებოდა ხმის მიცემა მას შემდეგ, რაც უბნები დაიხურა. კიდევ იყო მრავალი სხვა დარღვევა!", - წერს ტრამპი. 

რამდენიმე დღის წინ Twitter-ის მეშვეობით ტრამპმა არჩევნებში დამარცხება აღიარა, თუმცა თქვა, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნები მასობრივი გაყალბებების შედეგად მოიგო. 

ტრამპის ბრალდების სამიზნეს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ხმები წარმოადგენს, რომლებიც რამდენიმე შტატში (განსაკუთრებით კი პენსილვანიასა და ჯორჯიაში) ჯო ბაიდენისთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. თავად პრეზიდენტის მიერ გამოთქმული ბრალდებების მიუხედავად მისმა იურისტებმა სასამართლოში შეტანილი არაერთი საჩივარი მტკიცებულებათა არარსებობის გამო, თავადვე გამოიხმეს. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დონალდ ტრამპი არჩევნების გაყალბების ბრალდებას აყენებს, ანალოგიური ბრალდება მან იმ არჩევნების შესახებაც გააკეთა, რომლითაც 2016 წლის ნოემბერში პრეზიდენტად აირჩიეს. მაშინ ტრამპი აცხადებდა, რომ არჩევნებში ხმა დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ მილიონობით არალეგალურმა მიგრანტმა მისცა. 2017 წელს დონალდ ტრამპმა არჩევნებში “შესაძლო სისტემური დარღვევების” აღმოსაჩენად სპეციალური კომისიაც კი შექმნა, თუმცა მტკიცებულებათა არარსებობის გამო, 2018 წელს ეს კომისია თავადვე დახურა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი განაცხადა, რომ ის არ ცნობდა არჩევნების ისეთ შედეგებს, რომელშიც თავად არ გაიმარჯვებდა.