მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი: როცა აშშ-ს პრეზიდენტი ხარ სრული ძალაუფლება გაქვს და გუბერნატორებმა ეს იციან

5e95a3f2038ac
ნათია თაქთაქიშვილი
14.04.20 22:40
1098
ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის ეკონომიკის გახსნის გეგმაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ კორონავირუსის გამო დახურული ბიზნესების და დაწესებულებების ამუშავება აშშ-ში, სავარაუდოდ, პირველი მაისიდან იგეგმება. ამჟამად შემოღებულ საგანგებო ზომებს, რომლებიც ამერიკელებს სახლში დარჩენის რეკომენდაციას აძლევს და არა-აუცილებელ მგზავრობას კრძალავს, ვადა 30 აპრილს გასდის.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად აღარ იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სოციალურმა დისტანცირებამ იმუშავა, თუმცა მან ასევე თქვა, რომ აფიქრებს ვირუსის მეორე ტალღის საფრთხეც.

ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა ტრამპს ძალაუფლება, რომ ეს გადაწყვეტილება გაავრცელოს იმ შტატებზეც, რომელთა გუბერნატორებსაც საგანგებო ზომების გახანგრძლივება სურთ, მან თქვა: "როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ხარ, სრული ძალაუფლება გაქვს. გუბერნატორებმა ეს იციან. ამის გათვალისწინებით, ჩვენ შტატებთან ვიმუშავებთ."

მიუხედავად ტრამპის განცხადებისა, შტატების ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით საგანგებო ზომების მოხსნაზე უარი თქვას.

იმ შტატებს შორის, რომლებიც ეკონომიკური აქტივობის აღდგენას განიხილავენ არის ნიუ–იორკიც, სადაც ვირუსით დაავადების და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ კი თქვა, რომ ყველაზე ცუდი პერიოდი უკვე გადაიარეს:

"არავინ ყოფილა ასეთ სიტუაციაში და ამიტომ პასუხი არავის აქვს. რომელია პირველ ადგილზე? ჯანდაცვა თუ ეკონომიკა? ორივე" – თქვა მან.

ნიუ–იორკში ამჟამად გამოვლენილია კორონავირუსით დაავადების 195,655 შემთხვევა, დაიღუპა 10,056 ადამიანი. აშშ კორონავირუსით დაავადებულთა და დაღუპულთა ოფიციალური მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.