მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა Covid19-ის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის სამ ეტაპიანი გეგმა წარადგინა

5e995d7d9279c
ნათია თაქთაქიშვილი
17.04.20 12:02
1380
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, კორონავირუსის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გეგმა წარმოადგინა. გეგმა „ამერიკის კვლავ გახსნა“ სამფაზიანია, რომლის მიხედვითაც, შტატები  კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად მოხსნიან.

აშშ-ის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ზოგიერთი შტატი მუშაობის განახლებას უკვე მიმდინარე თვეში შეძლებს. დონალდ ტრამპის განცხადებითვე, "უხილავი მტრის" წინააღმდეგ ომის მორიგი ეტაპი ამერიკის კვლავ "გახსნაა".

ტრამპის მიერ წარდგენილი გეგმა 18-გვერდიანი დოკუმენტია. აშშ-ის ეკონომიკის მუშაობის განახლების გეგმა სამფაზიანია, რომელთაგან თითოეული სულ მცირე 14 დღე გრძელდება.

პირველი ფაზა მოიცავს ამჟამად აშშ-ში მოქმედ ძირითად ზომებს, როგორიცაა ჯგუფებად შეკრების აკრძალვა და მგზავრობისგან თავის შეკავება, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს.

პირველი ფაზის მიხედვით, ყველა მოწყვლადი ინდივიდი ისევ რჩება სახლში; ასევე, პირებმა, რომელთაც სახლში ჰყავთ აღნიშნული კატეგორიის ოჯახის წევრი, სამსახურში დაბრუნების შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ რამდენად მოხერხდება სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვა. მათ გაცნობირებული უნდა ჰქონდეთ, რომ შესაძლოა, ვირუსი სახლში მიუტანონ მოწყვლად ინდივიდს.  

ყველა მოქალაქემ, რომელიც  საზოგადოებრივ სივრცეში ყოფნას გადაწყვეტს (პარკები, რეკრიაციის ზონა, თუ სავაჭრო ცენტრი), უნდა განაგრძოს სოციალური დისტანცირების ზომების დაცვა, ძალაში რჩება 10 ადამიანზე მეტი პირის შეკრების აკრძალვა. ყველა პირი, ვისაც შეუძლია ონლაინ განაგრძოს მუშაობა, სასურველია, თავი შეიკავონ სამსახურში დაბრუნებისგან; არააუცილებელი მოგზაურობა ისევ აკრძალვის ნუსხაში რჩება.

თუ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ტემპის ხელახლა აჩქარების ნიშნები არ იქნება, შესაძლებელია, მეორე ფაზაზე გადასვლა, რომელიც არასასიცოცხლო მნიშვნელობის მგზავრობის შესაძლებლობას იძლევა. მეორე ფაზით გათვალისწინებულია სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება, ასევე, მომხმარებლების შეზღუდული რაოდენობით ბარების გახსნა.

მესამე ფაზით კი, გათვალისწინებულია დიდი დაწესებულებების - რესტორნების, რელიგიური ობიექტების, სპორტული დაწესებულებების გახსნა ფიზიკური დისტანცირების მკაცრი პროტოკოლის დაცვით.

თუ კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნდება, შტატებში შეიძლება საზოგადოებრივი ურთიერთობების დაშვება ფიზიკური დისტანცირების დაცვით, ასევე, სამუშაო ადგილებზე თანამშრომელთა რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმება.

აღსანიშნავია, რომ სამივე ფაზა მოიცავს რეკომენდაციებს პერსონალური ჰიგიენის დაცვისა და დამსაქმებლების მიერ სოციალური დისტანცირების, თანამშრომელთა ტესტირებისა და მათი კონტაქტების მონიტორინგის პოლიტიკის განვითარების შესახებ.