მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტრანსპორტის შეზღუდვამ სავაჭრო ცენტრში ტრაფიკი გაანახევრა“ - ლევან ყარალაშვილი

613227334b6fa
ვიქტორია მღებრიშვილი
05.09.21 14:16
921
სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, მთავრობის მეირ მიღებულმა ბოლო წერტილოვანმა შეზღუდვებმა, კერძოდ კი მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებამ, სავაჭრო ცენტრის დატვირთვა გაანახევრა.

ლევან ყარალაშვილი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ შემცირებული მომხმარებელთა ნაკადი და შესაბამისად შემცირებული შემოსავლები, სავაჭრო ცენტრების ფინანსებზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას იქონიებს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა პირდაპირ არტყამს მომხმარებელთა ნაკადს. შეიძლება ითქვას, რომ ის დატვირთვა, რაც აგვისტოს პირველ ნახევარში გვქონდა, ბოლო კვირების განმავლობაში, როდესაც ტრანსპორტი შეიზღუდა, ტრაფიკი განახევრდა. ხოლო თუ შევადარებთ 2019 წლის მონაცემებს, ფაქტობრივად მომხმარებელთა აქტივობა თვე თვესთან შედარებით 20-25%-მდე შემცირდა.

შესაბამისად ჩვენ, როგორც სავაჭრო ცენტრმა ჩვენს მოიჯარეებს გავუკეთეთ დამატებითი შეღავათები, რადგან ისინი შემცირებული ნაკადებისა და გაყიდვების ფონზე, იჯარის მომსახურებას ფაქტობრივად ვეღარ ახერხებენ. მაგალითისთვის, აგვისტოში იჯარა ყველას გავუნახევრეთ და რადგან ტრანსპორტის შეზღუდვა სექტემბერშიც გაგრძელდება, ამის გაგრძელება ავტომატურად მოგვიწევს.

შედეგად ყველა სავაჭრო ცენტრს ფინანსური პრობლემები გვექმნება, რადგან შემოსავლები კვლავ გვიმცირდება და საკრედიტო ინსტიტუტებთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება მოგვიწევს იმ ვალდებულებების გადავადებაზე, რაც გვაქვს“, - აცხადებს ლევან ყარალაშვილი.

მისი შეფასებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სამართავად და იმისთვის რომ კერძო სექტორი კვლავ სირთულეების წინაშე არ დამდგარიყო, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე მოქმედებს, სავაჭრო ცენტრებს ხელისუფლებას არაერთი ინიციატივა წარუდგინეს, რომელსაც რეაგირება არ მოჰყოლია.

"სავაჭრო ცენტრებმა ხელისუფლებას ჩვენს ტერიტორიაზე ვაქცინაციის პუნქტების მოწყობა შევთავაზეთ, თუმცა ეს შეთავაზება უყურადღებოდ დარჩა. პრემიერის მხრიდან ინიციატივის გაჟღერების მიუხედავად, რეალურად არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.

მეორე საკითხი იყო ის, რომ ვაქცინირებულების წახალისება მომხდარიყო. ჩვენ ვემხრობოდით იგივე საფრანგეთის მიერ მიღებულ მოდელს, რომ აცრილი პირებისთვის საზოგადოებრივ სივრცეში შესვლა ნებადართული ყოფილიყო და არავაქცინირებულებისთვის შეზღუდულიყო, რაც ვაქცინაციის ტემპისთვის დამატებითი სტიმული იქნებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როდესაც დღეში 80 ადამიანი იღუპება, უბრალოდ შეზღუდვების გამკაცრება არასაკმარისია...

თუ გავითვალისწინებთ იმა, რა სიჩქარით ვრცელდება დღეს ვირუსი, ტრანსპორტი ნამდვილად შესაზღუდი იყო, მაგრამ ეპიდემიის სწორად მართვის პრობლემა პირველივე დღიდანაა და იმიტომაც მოვედით აქამდე, რომ არც ვაქცინაციის ტემპი ვარგა და არც ჯანდაცვის სისტემაა ისე მომზადებული, რომ მოემსახუროს გაზრდილი ინფიცირების ნაკადებს“, - აღნიშნა „თბილისი ცენტრალის“ ხელმძღვანელმა.