მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა მოითოკოს ინფლაცია? - ლევან სურგულაძის რჩევები მთავრობას და ეროვნულ ბანკს

61ac786ec01de
თელარა გელანტია
05.12.21 23:00
1766
ფინანსისტი ლევან სურგულაძე ფასების ზრდის ხუთ მთავარ მიზეზს ასახელებს და ქვეყანაში 12.5%-იანი ინფლაციის მოთოკვის ძირითად ინსტრუმენტებად დაბალანსებული მონეტარული პოლიტიკა და ხარჯვითი ნაწილის უფრო მკაცრი კონტროლი მიაჩნია.

ამის შესახებ მან bm.ge-სთან საქსტატის იმ ანგარიშის კომენტირებისას ისაუბრა, რომლის თანახმად, ნოემბრის განმავლობაში საქართველოში ფასები წლიურად 12.5%-ით გაიზარდა. ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია სურსათის ფასების ზრდამ - წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტების ფასები 17%-ით არის გაზრდილი. გაძვირებული საწვავის გამო ტრანსპორტის სექტორში ფასების 20.2%-იანი ზრდაა.

„მართალია, ოქტომბრის წლიურ ინფლაციასთან შედარებით, ოდნავ შემცირდა ფასების დონე ნოემბერში, მაგრამ რაიმე ტრენდზე ჯერ საუბარი ნაადრევია. უდავოა, ინფლაცია გვაქვს იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის, რადგან ზომაზე მეტი ინფლაციის შემთხვევაში, მომხმარებელი თავს შეიკავებს პროდუქტის ან მომსახურების შეძენისგან, ხოლო მომწოდებელი იძულებული იქნება, აწარმოოს უფრო ნაკლები და შეამციროს ხარჯები, შესაბამისად, დაიკარგება სამუშაო ადგილები და ა.შ. მსგავსი ეფექტი ეკონომიკაზე ზომაზე მეტად დაბალ ინფლაციასაც აქვს. ამდენად, ჩვენ გვჭირდება ინფლაციის სწორი დონე, რომელიც ჩემი აზრით, სადღაც 5%-ის ფარგლებში უნდა იყოს“, - ამბობს ლევან სურგულაძე.

ორნიშნა ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას, ფინანსისტმა, პირველ რიგში, ეგზოგენური ფაქტორები გამოყო და იქვე აღნიშნა, რომ ზოგადად, ისტორიას თუ გადავხედავთ, ომების და ეკონომიკური კრიზისების პერიოდი მაღალი ინფლაციით ხასიათდება, ხოლო პოსტკრიზისული პერიოდი - როგორც წესი, შედარებით დაბალი ინფლაციით.

„ახლა ჩვენ ვართ პანდემიის მდგომარეობაში. ჯერჯერობით, არ ჩანს დასრულების ვადები, პროგნოზირებაც კი რთულია და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ესეც არის - 1. ეგზოგენური ფაქტორები ანუ ე.წ. იმპორტირებული ინფლაცია. მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში შეიქმნა ლოგისტიკური პრობლემები, შეფერხდა მიწოდება, რაც ჩვენი ქვეყნის ბაზარსაც გადმოეცა. ამ სიტუაციაში არც ეროვნულ ბანკს და არც მთავრობას არანაირი ბერკეტი არ აქვს. მოკლედ, საგარეო ფაქტორების წილი საკმაოდ მაღალია იმ ინფლაციაში, რაც გვაქვს; 2. ინფლაციას ასევე ხელი შეუწყო ფულის მასის რამდენჯერმე ზრდამ, რამაც მიმოქცევაში გააჩინა ჭარბი ფული მაშინ, როდესაც მოწოდება შეფერხდა და, რა თქმა უნდა, ამან იქონია გავლენა და შექმნა ინფლაციური წნეხი; 3. პანდემიის პირობებში ასევე შეიცვალა ხარჯვითი მიმართულებებიც - თუ მაგალითად, პანდემიამდე ადამიანები მოგზაურობდნენ და დანაზოგების მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯებოდა საზღვარგარეთ, პანდემიის გამო ვერ წავიდნენ უცხოეთში და შესაბამისად, ხარჯვითი ნაკადები დარჩა ქვეყნის შიგნით - ამ ფაქტორმაც, ჩემი აზრით, ინფლაციურ წნეხში თავისი როლი შეიტანა. 4. მნიშვნელოვანია ასევე ქვეყანაში განხორციელებული სუბსიდირების პროგრამები, რომლებიც სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვესმის რომ აუცილებელი იყო, მაგრამ ამანაც ხელი შეუწყო ინფლაციური გარემოს დამძიმებას და ბოლოს, 5. ლარის სისუსტემ ბუნებრივია, გამოიწვია იმპორტის მნიშვნელოვანი შემცირება და რადგან ჩვენ მეტწილად იმპორტულ საქონელზე ვართ დამოკიდებული, ამანაც ხელი შეუწყო ინფლაციურ პროცესებს“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

ფინანსისტის პროგნოზით, 2022 წლის განმავლობაშიც საქართველოში შედარებით მაღალი ინფლაციური გარემო შენარჩუნდება.

კითხვაზე - რა ნაბიჯები უნდა გადადგან ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ქვეყანაში ინფლაციის მოსათოკად, ლევან სურგულაძეს ასეთი პასუხი აქვს:

„რა არის გამოსავალი? - ეს უნდა იყოს დაბალანსებული მონეტარული პოლიტიკა, რომელიც შეზღუდავს ფულის მიწოდებას ისე, რომ არ დაზიანდეს ეკონომიკური აქტივობა, რომლის ნიშნებიც სახეზე გვაქვს და ასევე, მნიშვნელოვანია ხარჯვითი ნაწილის უფრო მკაცრ კონტროლზე აყვანა, რადგან ჩვენ გვყავს დიდი მხარჯველი ქვეყანაში - ეს არის სახელმწიფო. ნებისმიერ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს ეკონომიკის სტიმულირებაზე, რამეთუ მიმდინარე ინფლაცია არაა გამოწვეული ზომაზე მეტი ეკონომიკური აქტივობით.

მოგეხსენებათ, ზოგიერთ ქვეყანაში ინფლაცია იმიტომაა, რომ ეკონომიკა „გადახურდა“, რამაც გამოიწვია ინფლაცია. ჩვენთან ეს არაა ინფლაციის მიზეზი. პირიქით, ეკონომიკა შედარებით სუსტი გვაქვს და პირველი საზრუნავი არის სწორედ ეკონომიკის გაძლიერება, რომელიც შემდეგ დააბალანსებს და ხელს შეუწყობს ინფლაციის მოთოკვასაც და უფრო მეტ რესურსს მისცემს იმ ორგანიზაციებს, რომელთა მანდატში არის ინფლაციის კონტროლი, რათა თავისი ბერკეტები უფრო ეფექტიანად აამოქმედონ“, - თქვა ლევან სურგულაძემ.

ინფლაციის „მოთოკვის“ ინსტრუმენტებზე საუბრისას, ანალიტიკოსმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მართალია, ეროვნულ ბანკს შეუძლია, კიდევ უფრო გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა, მაგრამ ეს არაა საჭირო, რადგან ეკონომიკისთვის ფული ისედაც გაძვირებულია.

„ახლა რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო გაზრდა არაა მიზანშეწონილი, ეს იქნება ნაჯახისებური მეთოდი და იმუშავებს ეკონომიკის შემცირებაზე. ამდენად, პრაქტიკულად, ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ რომ არ დავაზიანოთ ის ეკონომიკური აქტივობა, რაც გვაქვს და ამავე დროს ინფლაციაც გვეჭიროს, რათა კიდევ უფრო არ გაიზარდოს. ეროვნულმა ბანკმა ახლა უნდა უყუროს საერთაშორისო ტრენდს - ეგზოგენური ფაქტორების ცვლილებას და ნელ-ნელა დაიწყოს მონეტარული პოლიტიკის შემცირება. პარალელურად კი, უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებაზე და დაველოდოთ პანდემიის დასრულებას“, - აღნიშნა ლევან სურგულაძემ და დასძინა, რომ ამ მიმართულებით დიდია მთავრობის როლი.

„მთავრობამ აქვს ბიუჯეტი და ის უნდა დახარჯოს; გასაგებია, რომ ბიუჯეტი სხვადასხვა კატეგორიის ხარჯისგან შედგება, მაგრამ ძირითადად ის უნდა მიიმართოს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რაც ზრდის ეკონომიკურ აქტივობას და ქმნის სამუშაო ადგილებს, ამიტომ ეს სწორი ხარჯვაა, ხოლო ხელფასების ზრდა თუ მასშტაბური სუბსიდირების პროგრამები, მსგავსი ხარჯის გაწევა არასწორი იქნება“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.