მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი “მეგა რეესტრს” ქმნის - ბანკებს მსესხებლებზე სრული ინფორმაციის წარდგენა დაევალათ

60e5d679a5fee
შოთა ტყეშელაშვილი
07.07.21 22:30
3784
საქართველოში მოქმედ ბანკებს თითქმის 2.8 მილიონი ინდივიდუალური სესხი აქვთ დამტკიცებული, შესაძლოა თქვენც ამჟამად ერთი, ან უფრო მეტი სასესხო პროდუქტით სარგებლობდეთ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 6 ივლისის ბრძანებით, კომერციულ ბანკებს მათში დაცული ინფორმაციის - მსესხებელთა შესახებ დეტალური ფინანსური მონაცემების ყოველთვიურ რეჟიმში სებ-ისთვის წარდგენა დაევალათ. საუბარია მსესხებელთა საიდენტიფიკაციო მონაცემებზე, მათ მიერ აღებული სესხების მოცულობაზე, გადახდილ შენატანებზე და სხვა დეტალებზე. ამასთანავე წარსადგენ მონაცემთა შორისაა მომხმარებლის შემოსავლების შესახებ ინფორმაციაც, რომელსაც თავად მსესხებელი კომერციულ ბანკს აწვდის.

ფინანსურმა ორგანიზაციებმა ეროვნულ ბანკს შესაბამისი ინფორმაცია ყოველი თვის 10 რიცხვამდე უნდა წარუდგინონ.

უფრო დეტალურად, წარსადგენი მონაცემებია:

● კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
● კლიენტის ბოლო განახლებული ფინანსური მონაცემები;
● კლიენტის ბოლო განახლებული მონაცემები შემოსავლების შესახებ;
● საკრედიტო ვალდებულების დეტალები;
● კლიენტის ფინანსური მონაცემები სესხის გაცემის მომენტისთვის;
● კლიენტის მონაცემები შემოსავლების შესახებ სესხის გაცემის მომენტისთვის;
● საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის მონაცემები;
● ინფორმაცია რეფინანსირებულ სესხებზე;
● ინფორმაცია ინვესტიციების შესახებ;
● ინფორმაცია უარყოფილი საკრედიტო განაცხადების შესახებ;
● ინფორმაცია საანგარიშგებო თვის განმავლობაში დახურული სესხების შესახებ.

შესაბამისად, ეროვნული ბანკს ბანკებმა უნდა წარუდგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ღირებულების ქონებაა თითოეული სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული. ასევე ინფორმაცია უარყოფილი საკრედიტო განაცხადების შესახებ - ანუ რომელი ფიზიკური და იურიდიული პირები ცდილობდნენ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში სესხის მიღებას.

კომერციული ბანკების გარდა, ანალოგიური ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც უნდა დაუწესდეთ, ამჟამად მისოებს სულ 680,000 ინდივიდუალურ სესხი აქვთ გაცემული. სებ-ის ინფორმაციით, თავდაპირველ ეტაპზე რეესტრისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება მხოლოდ კომერციულ ბანკებს ექნებათ, მისო-ებისთვის კი მისი წარდგენა ნებაყოფლობითი იქნება. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში წერია, რომ რეესტრის წარმოების პროცესში ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია:

“საკრედიტო რეესტრის მონაწილისგან მონაცემები მიიღება დაცული და დაშიფრული არხის გამოყენებით, რომლის უზრუნველყოფას ახდენს ეროვნული ბანკი.

საკრედიტო რეესტრის მონაცემთა ბაზა ინახება ეროვნული ბანკის სერვერზე იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად,”- ნათქვამია დოკუმენტში.

საკრედიტო რეესტრის შესახებ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ რეესტრის პროექტი მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობით შეიქმნა:

“საკრედიტო რეესტრი მსოფლიო ბანკის სამუშაო ჯგუფთან კონსულტაციების საფუძველზე შეიქმნა და ის მონაცემთა ბაზაა, რომელიც სესხის გამცემი ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის შესახებ მონაცემებს მოიცავს. ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად შემდეგი მონაცემები წარედგინება.

აღნიშნული წესის ამოცანაა, ხელი შეუწყოს საკრედიტო რეესტრის მონაცემთა ბაზის შექმნისა და მისი გამოყენების პროცესს. რისკების შემცირების მიზნით, ის იმ ღონისძიებებს განსაზღვრავს, რომლებიც მონაცემების უსაფრთხო გაზიარებას, მათ დამუშავებას და შენახვას უკავშირდება. წესი ასევე ადგენს პროცესებში ჩართული მხარეების უფლება-მოვალეობებს,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.