მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო

60ca343a4ece4
BM.GE
16.06.21 21:54
619
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა 5 წლის ვადით ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაცია მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას მიღწეული შედეგი მიულოცა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის ამ მნიშვნელოვან წარმატებას უმაღლესი განათლების სისტემისთვის. FIBAA-ს აკრედიტაცია მართლაც წინგადადგმული ნაბიჯია ISET-ისთვის, რადგან ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სკოლის პროგრამები თავისი შინაარსითა და ხარისხით კონკურენტუნარიანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და სტუდენტებს საერთაშორისო დონის განათლებას სთავაზობს. საქართველოში ISET-ის ეკონომიკის პროგრამები ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებია ეკონომიკის მიმართულებით და მისი მოპოვება ISET-ის ხარისხის საერთაშორისო დონეზე აღიარებაა, რაც კურსდამთავრებულებს მეტ შესაძლებლობას უხსნის მომავალი დასაქმებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ინტერნაციონალიზაცია ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამიტომაც ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა საქართველოში განათლების სისტემის რეფორმირებისა და გაუმჯობესებისათვის ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის.

მინისტრი განათლების სისტემაში კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ამ გამოწვევასთან გამკლავება. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასიხარულოა, რომ სისტემა თანდათან უბრუნდება სწავლა-სწავლების პროცესის ჩვეულ რიტმს. მიუხედავად პანდემიისა, გრძელდება აქტიური მუშაობა უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.

დღეისთვის საქართველოში ISET-ის ეკონომიკის პროგრამები ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებია ეკონომიკის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ISET-ის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებთან ერთად, თსუ-სა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად განხორცილებულ ინგლისურენოვან, ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამას „საჯარო მმართველობა“ საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოს FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მეორედ, შვიდი წლის ვადით, მიენიჭა. პროგრამა 2009 წლიდან ხორციელდება და პირველი საერთაშორისო აკრედიტაცია 2015 წელს მიიღო.

FIBAA გერმანიის საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოა, რომელიც უმაღლესი განათლების სექტორში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრია. სააგენტოს ხარისხის უზრუნველყოფისა და განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

საზეიმო ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ISET-ის დირექტორი თამარ სულუხია, ISET-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ჟან ფრედერიკ პოლსენი, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.