მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ 2017 წელს 1 კგ მოცვის ფასი $4-მდე იყო, დღეს $6-ია“ – „ნაგომრის აგროსახლი“

60c2492042f1d
ინგა მურუსიძე
15.06.21 09:45
1983
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ნაგომრის აგროსახლი“, რომელიც 5 წევრს აერთიანებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში 2,5 ჰექტარზე მოცვის ბაღს ფლობს. პლანტაციის გაშენებისთვის, 2017 წლიდან განხორციელებულმა ინვესტიციამ 150,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, 100,000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 35,000 ლარი პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში მიღებული თანადაფინანსება.

"2017-დან 2021 წლამდე პერიოდში მოცვის ფასი თითქმის გაორმაგდა”, - უყვება bm.ge-ს „ნაგომრის აგროსახლის“ დირექტორი ბესიკ წიქორიძე. მისი თქმით, თუ 4 წლის წინ 1 კგ მოცვის ფასი $4-მდე იყო, დღეს $6-ია. ამასთან, ბაზარზე ლურჯ მოცვზე მოთხოვნა იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე - მიწოდება.

„პლანტაცია 2017 წელს გავაშენეთ და 2018 წელს უკვე პირველი მოსავალიც მივიღეთ - დაახლოებით, 4-5 ტონამდე; 2019-2020 წლებში 6 ტონამდე ავედით, ხოლო წელს 15 ტონამდე მოსავალს ველოდებით. რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზარს, მინიმუმ 200 ტონა უნდა გქონდეს, რომ თავად გაიტანო ექსპორტზე, ამიტომ, ჯერჯერობით, ადგილობრივ, მსხვილ კომპანიებს ვაბარებთ პროდუქციას და მათ გააქვთ ექსპორტზე“, - განაცხადა ბესიკ წიქორიძემ და დასძინა, რომ მოცვს, ძირითადად, ქართველ ექსპორტიორებს აბარებენ, თუმცა არიან რუსული კომპანიებიც, რომლებიც ჩამოდიან და პროდუქტს ადგილზე ყიდულობენ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ნაგომრის აგროსახლი“ წარმოების გაფართოებას აპირებს. როგორც მისი დირექტორი ამბობს, გეგმავენ სამაცივრე მეურნეობის შექმნას, რომელიც, დაახლოებით, 100 ათას ლარამდე ჯდება, თუმცა იმედი აქვთ, რომ პროექტის განხორციელებას გრანტის დახმარებით შეძლებენ. „სამაცივრე მეურნეობის ქონა მოცვის ფასს ზრდის, რადგან მისი შენახვა შეგვეძლება“, - აღნიშნა წიქორიძემ.

„ნაგომრის აგროსახლი“ სეზონზე, მოსავლის აღებისას დღიურად საშუალოდ 30 ადამიანს ასაქმებს, თუმცა როგორც კოოპერატივის დირექტორი ამბობს, მუშახელის პოვნა საკმაოდ უჭირთ და ხშირად ადამიანები მეზობელი სოფლებიდან ჩამოჰყავთ.

ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს მოცვის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პანდემიის მიუხედავად საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რეალიზებული 667.7 ტონა ახალი შტოშის, მოცვის და Vaccinium გვარის სხვა კენკრის ღირებულებამ 3.8 მლნ დოლარი შეადგინა. შედეგად გასულ წელს მოცვის რეალიზაციით საქართველომ 288.7%-ით მეტი შემოსავალი მიიღო.

2020 წელს საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: რუსეთი (3.5 მლნ დოლარი); სომხეთი (78.2 ათასი დოლარი); არაბთა გაერთიანებული საამიროები (57.5 ათასი დოლარი); პოლონეთი (54,0 ათასი დოლარი); უკრაინა (23.1 ათასი დოლარი) და ყატარი (16.8 ათასი დოლარი).