მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ 2019 წლის ბრუნვის თუნდაც 25-30%-ს მივაღწევთ, კმაყოფილები ვიქნებით - Caucasus Travel

61e013b88ea69
მარიამ ვარადაშვილი
13.01.22 23:20
460
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოში 1 721 242 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ვიზიტების კუთხით თურქეთი, რუსეთი და სომხეთი ლიდერობენ. ათეულში ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ვერ მოხვდა.

პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს საქართველოში 7,725,774 ვიზიტორი იმყოფებოდა, შესაბამისად, ქვეყანაში გასულ წელს ვიზიტორთა ნაკადი პანდემიამდელი მაჩვენებლის 22%-ზე აღდგა. ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დირექტორი საბა კიკნაძე ამბობს, რომ გასულ წელს მისი კომპანიის ბრუნვამ 2019 წლის 7-8% შეადგინა. მისივე თქმით, თუ 2022 წელს კომპანიის ბრუნვა 25-30%-ს მიაღწევს, ეს მათთვის კარგი მაჩვენებელი იქნება.

“ვიზიტების რაოდენობის ზრდა მცირეა, რადგან დასავლეთის, ანუ ჩვენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნებიდან ვიზიტები მცირე იყო. ამ ნაწილში უნდა დავაზუსტოთ რომ ზოგიერთი კომპანიისთვის რუსეთიდან ვიზიტები მნიშვნელოვანია. მათი რაოდენობა გარკვეულწილად აღდგა. ვიზიტების რაოდენობა გასაგებია, თუმცა მანდ უნდა გამოირიცხონ ის ვიზიტორები, რომლებსაც საქართველოში საცხოვრებელი აქვთ. ისინი შესაძლოა ზაფხულის განმავლობაში რამდენჯერმე ჩამოვიდნენ, ჩვენს ეკონომიკაშიც დახარჯონ თანხა, მაგრამ საბოლოო ჯამში მათი ვიზიტის სარგებლიანობა დაბალია. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიზიტზე დახარჯული თანხის ანალიზი და სხვა. ზოგადად, ჩვენი ბიზნესის ბრუნვას, ვგულისხმობ ორგანიზებული ტურიზმით დაკავებულ კომპანიებს, რომლებიც მთელ მსოფლიოზე მუშაობენ და არა მხოლოდ უკრაინის ან თუნდაც ყაზახეთის მიმართულებით, 7-8%-ზე მეტისთვის არ მიუღწევია”, - აცხადებს კიკნაძე.

მისივე განმარტებით, საქართველოში ის ვიზიტორები ჩამოდიოდნენ, რომლებიც კორონავირუსს “არ უშინდებოდნენ” ან ვირუსს არაფრად აგდებდნენ. რაც შეეხება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ვიზიტორებს, ისინი კიკნაძის თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარების, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლისა და სხვადასხვა მიზეზი გამო, თავს იკავებდნენ საქართველოში ჩამოსვლისგან.

“დაგეგმილ ტურებზე პირდაპირ ამბობდნენ რომ ვერ გარისკავდნენ, კლიენტებს ვერ არწმუნებდნენ და რომლებიც დარწმუნებულნი ჰყავდათ, მათზეც ბოლო მომენტში უარი თქვეს. შეაჩერეს ტურები, რადგან აქ სიკვდილიანობა მაღალი იყო. პირველი, რაზეც ტურისტები ფიქრობენ, უსაფრთხოებაა. პანდემიამდე მთელი მსოფლიოს მიმართულებით ვმუშაობდით. სამხრეთ ამერიკა, აშშ, კანადა, მექსიკა და ევროპის ქვეყნები და ა.შ. პოსტსაბჭოთა ქვეყნები ჩვენთვის მთავარი ბაზარი არასდროს ყოფილა. ვინც რუსეთის ან/და ყაზახეთის მიმართულებით მუშაობდა, მათთვის ტურიზმი, შესაძლოა, მართლა 25-40%-ითაც კი აღდგა, თუმცა ჩვენი - არა”, - ამბობს კიკნაძე.

რაც შეეხება დატვირთულობას, Caucasus Travel-ის დირექტორი გვეუბნება, რომ ჯავშნები აქვთ, თუმცა არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მაღალია გაუქმების რისკი, ამიტომ, წინასწარ ჯავშნებზე საუბარი რთულია.

“გაზაფხულისთვის ჯავშნები გვაქვს. მათ შორის დიდი ჯგუფებისაც, ვგულისხმობ 100-კაციან ჯგუფებს. ეჭვგარეშეა რომ შარშანდელზე უკეთესი წელი იქნება. 2019 წელს კი უქმდებოდა ჯავშნები. მაგალითად 100 ადამიანს ელოდები და მათგან 60 ჩამოდის. ამიტომ ბრუნვაზე წინასწარ საუბარი შეუძლებელია. თუ წელს მივაღწიეთ 2019 წლის ბრუნვის თუნდაც 25-30%-ს, ძალიან კმაყოფილები ვიქნებით, რადგან 7% გვაქვს”,-აცხადებს კიკნაძე.